„ყველანი ციხეში!“ - ფრაზა, რის გამოც წინამორბედს აკრიტიკებდნენ, „ოცნების“ მიზანი ხდება...
„გარეთ დარჩა ვინმე?“ - ნოდარ დუმბაძის უწყინარი პერსონაჟისთვის ციხეში ყოფნის დიდი სტაჟის მქონე პატიმრისგან დასმული ეს შეკითხვა ძალიან მალე, სავარაუდოდ, ისევ აქტუალური გახდება. ფრაზა „ყველანი ციხეში!“ - რის გამოც წინამორბედ ხელისუფლებასა და მის ლიდერს დაუნდობლად აკრიტიკებდნენ და რისხვას ატეხდნენ თავს, „ქართული ოცნების“ დევიზი ხდება.
როგორც ქმარმა-თავმჯდომარემ გვამცნო (პარლამენტისამ) ცოლი-თავმჯდომარე (პარლამენტის კომისიის) ნიუ-იორკში გაემგზავრა, რათა საპარლამენტო საგამოძიებო კომიტეტის საქმიანობისთვის გამოცდილებას ეზიაროს. კაცმა რომ თქვას, უკვე დრო იყო: რაღაც, ამერიკულიც ხომ უნდა შეუირიო „კგბ“-ს ძველ მეთოდებს, პროდასავლელ პოლიტიკოსად რომ წარმოჩინდე?..
სანამ თინა ხიდაშელი ამერიკული გამოცდილებით ისაზრდოებს, ახალი ხელისუფლება ახლა სოდ-ისა და კუდ-ის თანამშრომლებს დაერია. 13 საათიდან დაკითხვაზე არიან შს მინისტრად ბაჩო ახალაიას გადმოყვანის შემდეგ მის მიერ კუდ-ის უფროსად დანიშნული ლევან ქარდავა (იმედია, ბრალდებად (თუკი დაკავებას გადაწყვეტენ) მეგის ქარდავას ძმობას არ წაუყენებენ) და კიდევ ექვსი მაღალჩინოსანი.
როგორც მათმა ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მათთვის უცნობია, რა საქმესთან დაკავშირებით იმყოფებიან შსს-ს მაღალჩინოსნები დაკითხვაზე. ადვოკატების განმარტებით, ისინი დაკითხვაზე მყოფების ოჯახის წევრების თხოვნით ჩაერთნენ საქმეში. ოფიციალური კომენტარი მთავარ პროკურატურაში ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
კომენტარი