მოშიმშილეები კანცელარიასთან, ხანძარი ოზურგეთში და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები
გთავაზობთ, დღეს 9 აპრილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 24 წელი შესრულდა. 24 წლისთავთან დაკავშირებით 9 აპრილის მემორიალთან საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილთა სულის მოსახენიებლად სიონის ტაძარში ჩატარდა პარაკლისიც. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
სამუშაო ლანჩი პრემიერ ივანიშვილთან. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში იმყოფებოდა. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდნენ. სამუშაო ლანჩის დროს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და მათი კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. დამატებით ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური არ ავრცელებს.
თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მიხეილ სააკაშვილი დღეს თურქ კოლეგას აბდულა გიულის შეხვდა. პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა ჩანკაიას სასახლეში გაიმართა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობა იყო. შეხვედრისას აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. ორი ქვეყნის ლიდერებმა იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებაც ისაუბრეს, რომლებსაც თურქეთი და საქართველო ერთობლივად ახორცილებენ. საუბარი შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებსაც. შეხვედრის შემდეგ აბდულა გიულიმ ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში ქართული დელეგაციის პატივსაცემად სადილი გაიმართა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - კარლ შვარცენბერგი საქართველოს პრემიერ–მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო–ჩეხეთს შორის არსებულ 20-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებსა და მისი გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები იყო მთავარი თემა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას. კარლ შვარცენბერგმა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველომ არ უნდა დაყაროს ფარ-ხმალი და უნდა შეინარჩუნოს კონტაქტები ოკუპირებულ ტერიტორიებთან. დღესვე მხარეებმა საქართველო-ჩეხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცებასთან დაკავშირებით დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
ფინანსთა მინისტრი საქართველოში ვიზიტად მყოფ სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე ნოდარ ხადურმა სტუმრებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა და საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. შეხვედრაზე ასევე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ვანო მერაბიშვილი მთავრობას დაპირების შესრულებისა და წინასაარჩევნო პერიოდში მათი აქტივისტების დაკითხვაზე დაბარების შეჩერებისკენ მოუწოდებს. როგორც მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად მოახლოებული შუალედური არჩევნებისა, მათი აქტივისტების დაკითხვაზე მასობრივი დაბარება არ წყდება. მისი თქმით, ის მზად არის მათ ნაცვლად ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს. მერაბიშვილის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" შექმნილი ვითარების შესახებ საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას ინფორმაციას მიაწვდის, თავად აქტივისტებს კი, რომლებიც დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, პირადად მისი სამადლობელი წერილი გაეგზავნება. მერაბიშვილს უპასუხეს მთავარ პროკურატურაში. უწყებაში განმარტავენ, რომ იმ ოლქებში, სადაც შუალედური არჩევნები იგეგმება, "ნაციონალური მოძრაობის" არცერთ აქტივისტთან დაკავშირებით გამოძიება არ მიმდინრეობს. კომენატრი გაკეთდა უწყებათაშორის კომისიაშიც. კომისიის წევრ თამარ კინწურაშვილის განცხადებით, კომისიამ უკვ გამოსცა შესაბამისი რეკომენდაცია, რომელსაც პროკურატურაც დაეთანხმა. ახალი ფაქტების არსებობის შემთხვევაში კი, კომისია მათ მონიტორინგს განახორციელებს. მერაბიშვილს უპასუხეს უმრავლესობაშიც.
თავდაცვის სამინისტროს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები ეწვივნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძემ უცხოელ სტუმრებს 2013 წლის თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ინფორმაცია 2014-2015 წლების საბიუჯეტო დაგეგმარებაზეც მიაწოდა. ატაშეთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს საინტერესო პრეზენტაციისათვის მადლობა გადაუხადეს და ყურადღება შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. 2013 წლის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე რამდენიმე არაფორმალური ვიზიტი შედგა.
მუხროვანში სპეცდანიშნულების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. კურსი 9 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და სპეცდანიშნულების მებრძოლთა სხვადასხვა სამხედრო დისციპლინაში მომზადებას ისახავდა მიზნად. კურსის დასრულება 74 მოსამსახურიდან 14 ჯარისკაცმა მოახერხა. გამოშვების ოფიციალურ ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და სხვა მაღალი რანგის ოფიცრები დაესწრნენ. კურსდამთავრებულ სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები გადასცეს.
თბილისის კანცელარიასთან მარტვილიდან ჩამოსული 60-მდე ადამიანის აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები მესამე დღეა შიმშილობენ. მათი მოთხოვნა უცვლელია, მარტვილიდან ჩამოსული მოსახლეობა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვს. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, მათ უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილთან მარტვილის რაიონში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრონ.
საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა, ინტერპოლის თბილისის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, 1968 წელს დაბადებული გრიგოლ წილოსანი დააკავეს. აღნიშნული პიროვნება 362-ე მუხლით 2009 წლიდან იძებნებოდა. ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2010 წლის განაჩენით, 182-ე მუხლით წილოსანს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შსს-ს ინფორმაციით, 2008 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელ დავით გუმბერიძეს და შპს „მაგის“ დირექტორ გრიგოლ წილოსანს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ბაღდათის №2 საჯარო სკოლის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესრულებაზე, რომლის ღირებულება შეადგენდა 90 800 ლარს. გრიგოლ წილოსანმა, თანხის მითვისების მიზნით, შეასრულა მხოლოდ 49 020 ლარის სამუშაოები, ხოლო დანარჩენი თანხა - 41 780 ლარი მიითვისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტზე სამუშაოთა წარმოება არ დაასრულა, რითაც სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი. ამჟამად გრიგოლ წილოსანი საფრანგეთში წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და მის მიმართ მიმდინარეობს წინასაექსტრადიციო პროცედურები.
ხანძარი ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში - ხანძრის შედეგად დაახლოებით 40 ჰექტარი ფართობი დაიწვა. ცეცხლი ჩაის პლანტაციებს და დაბა ლაითურში ახლახან გაშენებულ ნაძვნარს გაუჩნდა. ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ადგილობრივი სახანძრო სამსახურის გარდა, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის ბრიგადებიც მონაწილეობდნენ. სახანძრო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი ჩავიდა ბათუმიდანაც. ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
უბედური შემთხვევა კახეთში - სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში ხანდაზმული ქალბატონის ცხედარს მიაკვლიეს. ის სოფლიდან ერთი კილომეტრის დაშორებით მოზარდებმა ხევში იპოვეს და სოფლის რწმუნებულს შეატყობენეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და საგანგებო სამაშველო სამსახურის ბრიგადები. წინასწარი ინფორმაციით, ვაქირში აღმოჩენილი ცხედარი შესაძლოა დაბა წნორიდან ერთი თვის წინ დაკარგული ქალბატონი იყოს. გვამს ექპერტიზა ჩაუტარდა. მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი