სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერნეტ თამაში, რომელსაც მოზარდები თვითმკვლელობამდე მიჰყავს და ბავშვები, რომლებმაც სუიციდით დაასრულეს სიცოცხლე

ბოლო დროს საზოგადოებაში საკმაოდ დიდმა პრობლემამ იჩინა თავი, რაც მოზარდებსა და მათ ინტერნეტ დამოკიდებულებას უკავშირდება. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. 2015 წლიდან გარკვეული ტიპის თამაში გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომლის სახელწოდებასაც სპეციალურად არ ვასახელებ, რათა მისი პოპულარიზაცია არ მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშის უკიდურესად უარყოფით მხარეებზე ვისაუბრებ, საზოგადოებაში ანტი პიარი ყოველთვის პირიქით მოქმედებს.

აღნიშნული თამაში 2015 წელს რუსეთიდან გავრცელდა და ვეროპაში მოიკიდა ფეხი. განსაკუთრებით ბრიტანეთში. თავდაპირველად ამაზე საუბარს ბევრი თავს არიდებდა, თუმცა მსხვერპლთა რაოდენობამ საგანგაშო შედეგი დაანახა საზოგადოებას. რეალობა საკმაოდ მძიმეა - თამაში, რომელსაც მოზარდი აზარტში შეჰყავს, დამღუპველია. მასში კი ის არასრულწლოვანები ერთვებიან, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აქვს მშობლებთან.

ვინაიდან გარდატეხის ასაკი ადამიანისთვის საკმაოდ რთული პერიოდია, მშობლებთან დაძაბული ურთიერთობა უამრავ მათგანს აქვს. მათი ფსიქიკა ძალიან ფაქიზია, ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ და ჰგონიათ, რომ მშობლები ვერ უგებენ. მათ შორის წარმოიქმნება ერთგვარი წინააღმდეგობრივი ბარიერი. ამ პერიოდში მოზარდი ეძებს გარკვეულ სოციუმს, რომელიც მას „გაუგებს“ და აი, აქ იკვეთება თამაშის ფაქტორი.

თამაშის მენტორიები განზრახ არჩევენ ამ ასაკის მოზარდებს, რადგან მათი მართვა ადვილია. სწორედ ამიტომ არის ყველა მსხვერპლი არასრულწლოვანი. თამაშის ეტაპებისა და დავალებების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ, რადგან შესაძლოა, ამანაც გარკვეული ინტერესი გამოიწვიოს, თუმცა ვიტყვი, რომ მისი ფინალი ფატალურია და საბოლოოდ მოთამაშეებს თვითმკვლელობას აიძულებენ. ყველა დავალება, სუიციდის ჩათვლით, ფოტო და ვიდეო მასალით უნდა იქნას დამტკიცებული - ეს თამაშის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

თვითმკვლელთა სტატისტიკა საგანგაშოა - მხოლოდ რუსეთში 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის აპრილამდე 130-მა მოზარდმა დაასრულა სიცოცხლე სუიციდით. მათგან თითქმის ყველა ამ თამაშის მიმდევარი იყო. საქმე იმაშია, რომ ისინი თბილ, მზრუნველ მშობლებთან იზრდებოდნენ და კარგ გარემოში ცხოვრობდნენ.

სკოლის მეგობრები, 15 წლის იულია კონსტანტინოვა და 16 წლის ვერონიკა ვოლკოვა საცხოვრებელი კორპუსის 14 სართულიდან გადმოხტნენ. მათ სიცოცხლე თამაშის გამო დაასრულეს (იხ. ფოტო #1).

15 წლის გოგონა კრასნოიარსკიდან, რომლის სახელი და გვარიც ანონიმური დარჩა მედიისთვის, მეხუთე სართულიდან გადმოხტა. ორი დღით ადრე კი 14 წლის გოგონა მატარებელს ჩაუვარდა ლიანდაგში. მათი თვითმკვლელობის მიზეზიც თამაში გახდა.

13 წლის უკრაინელმა ბიჭმა ფოტო გადაიღო თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე. სწორედ ამ დროს სხვა პიროვნებამაც გადაუღო ფოტო, სანამ სახურავიდან გადმოხტებოდა (იხ. ფოტო #2, #3 და #4).

15 წლის გოგონას ბარსელონადან მშობლებმა მაშინ მიუსწრეს, როდესაც ის თავის მოკვლას აპირებდა. იგი ახლომდებარე საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. გოგონამ აღიარა, რომ სიცოცხლეს თამაშის გამო ასრულებდა (იხ. ფოტო #5).

მსოფლიო მასშტაბით უკვე 300-ზე მეტმა მოზარდმა დაასრულა სიცოცხლე სუიციდით ინტერნეტ თამაშის გამო. მისი ავტორი კი 21 წლის ფილიპ ბუდეიკინი 2016 წლის დეკემბერში დააკავა პოლიციამ, თუმცა ამით არ დასრულებულა თამაშის ისტორია. სერვერებზე უამრავი ადამიანი რეგისტრირდება როგორც მოთამაშის, ისე კურატორის როლში და მისი აღმოფხვრა მარტივი არ არის. სამწუხაროდ, ამ თამაშს საქართველოშიც ჰყავს მიმდევრები, თუმცა შედეგების დაკონკრეტებისაგან გარკვეული მიზეზების გამო თავს ვიკავებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100