სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფეისბუქზე“ ჩატარებული პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები და მისი მონაწილეები

ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ ქართველი იუზერების ნაწილი უჩვეულო მღელვარებამ მოიცვა: „ფეისბუქზე“ საქარტველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვირტუალური არჩევნები გამოცხადდა. დაითქვა დრო, დარეგისტრირდნენ კანდიდატები, რომლებსაც უნდა წარმოედგინათ წინასაარჩევნო პროგრამა, უნდა გაეცნოთ იგი მკითხველებისთვის, ეპასუხათ მათ შეკითხვებზე, ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია.

საბოლოოდ, ამ ვირტუალურ არჩევნებში ირაკლი ღლონტმა გაიმარჯვა. პარლამენტის თავმჯდომარემ ის და მომდევნო ადგილებზე გასული 4 იუზერი პარლამენტში მიიწვია და პირადად შეხვდა. ირაკლი ღლონტი ერთი დღით, სიმბოლურად, პარლამენტის თავმჯდომარეც კი გახლდათ.

„დრონი ჯი“ გთავაზობთ ინტერვიუს ამ ვირტუალური არჩევნების ერთ–ერთ აქტიურ მონაწილესთან, 20 წლის დავით ფარცვანიასთან, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა, ანუ, ვირტუალურ პარლამენტში ვიცე–სპიკერის თანამდებობა (როგორც მინიმუმ) გარანტირებული აქვს....

ეს ხუმრობით, სერიოზულად კი, ალბათ საინტერესოა, როგორ მიმდინარეობდა „არჩევნები“, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან კონკურენტებს, რამდენად სერიოზულად მოეკიდნენ საქმეს და რა შესძინა მათ ამ ვირტუალურ არჩევნებში მონაწილეობამ. „დრონი.ჯი“ დავით ფარცვანიას ესაუბრება:

– როცა გაიგე, რომ ფბ–ში საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის ვირტუალური არჩევნები ტარდებოდა, რა რეაქცია გქონდა და მაშინვე გადაწყვიტე თუ არა მასში მონაწილეობა?

– პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ იმ ადამიანმა, ვინც პოლიტიკას თავისი ცხოვრების მეგზურად ხედავს, თან 20 წლის ასაკში, შეუძლებელია ნებისმიერი გამოწვევა, თუნდაც ვირტუალური არჩევნების სახით გულგრილად დატოვოს, შესაბამისად მაშინვე დავრეგისტრირდი კანდიდატად, რათა მენახა, თუ რამდენად კარგად შემეძლო მეწარმეობინა წინასაარჩევნო კომპანია, თუნდაც ვირტუალურ სივრცეში.

– როგორც ვიცი, კანდიდატს აუცილებლად უნდა წარედგინა მოკლე და მკაფიო პროგრამა. რით იყო შენი პროგრამა გამორჩეული?

- ჩემი წინასაარჩევნო პროგრამა, რომლის განხორციელებასაც ვაპირებ უახლოეს მომავალში, არის 2012 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ვებ-გვერდის შექმნა, სადაც განთავსებული იქნება პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები, ექსპერტების შეფასებები, ონლაინ კონფერენცია და ა.შ. სამწუხაროდ, პროექტის ფორმატი არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩემი ვირტუალური ამომრჩევლისათვის დეტალურად გამეცნო ეს პროგრამა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთავარი მონდომებაა და ყველა ღონეს ვიხმარ, რათა ჩემს იდეას ფრთები შევასხა, რადგან მოგეხსენებათ, არსებობს საფეხურები, რომლებსაც სურვილიდან რეალობამდე მივყავართ. საწყის ეტაპზე დაუოკებელი სურვილი, შემდეგ ამ სურვილის განსაზღვრულ მიზნად გარდასახვა, შემდეგ მოქმედება, რომელიც საკმარისი იქნება ამ მიზნის მისაღწევად.

- როგორ ფიქრობ, რამდენად გაამართლა იდეამ და რამდენად აქტიური იყო "ფბ–ამომრჩეველი"? მოგვიყევი "წინასაარჩევნო" მარათონზე.

- იდეამ გაამართლა, რადგან 1000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა როგორც კანდიდატი, შესაბამისად თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს პროექტი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებდა, რადგან თავიდანვე მეგობრების და უცნობი ადამიანების დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი, რაც მთელი პროექტის განმავლობაში არ შენელებულა, აქვე დავძენ, რომ ტურსტონი სცენაზე ისე არ გადიოდა, თავის თავისთვის რომ არ ჩაეგონებინა „მე მიყვარს ჩემი მაყურებელი, მე მიყვარს ჩემი მაყურებელი“, ჩემთვის კი თითოეული ადამიანი ძვირფასი იყო, რომელიც გულდასმით ეკიდებოდა ამ ყველაფერს და ცდილობდა გარკვეული წვლილი შეეტანა ჩემს წარმატებაში, შესაბამისად, თითოეულ დღეს ვიწყებდი იმ მუხტით და იმ მხარდაჭერით, რასაც ჩემს მიმართ იჩენდა თითოეული ვირტუალური ამომრჩეველი.

- თუ გქონდა კონტაქი სხვა კანდიდატებთან? თავიდანვე გამოიკვეთა რეალური პრეტენდენტები?

– პროექტის მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე რეალური პრეტენდენტი, შესაბამისად ძალაუნებურად მოგვიწია დავახლოებოდით ერთმანეთს და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და მოგეხსენებათ, რომ მეგობრობაზე უფრო დიდი ფუფუნება არ არსებობს და ეს ფაქტიც კი კმარა ამ პროექტისათვის წარმატებულის სტატუსის მისანიჭებლად.

როგორი იყო შენი "წინასააჩევნო" რეჟიმი: რას აკეთებდი, როგორ ცდილობდი ხმების მიღებას, რა დროს ატარებდი კომპიუტერთან?

– ჩემს წინასაარჩევნო კამპანიას, გარკვეული რეკომენდაციებით, დღის პერიოდში ატარებდნენ ჩემი მეგობრები, საღამოს კი მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, რადგან დროის ფაქტორიდან გამომდინარე 7-8 საათამდე ვერ ვახერხებდი თვალი მედევნებინა, თუ როგორ მიმდინარეობდა პროცესი და ხშირ შემთხვევაში, ამ შუალედში ტელეფონით ვკონტაქტობდი ჩემს მეგობრებთან.

რა რეაქცია გქონდა, როცა გამარჯვებულის ვინაობა შეიტყვე? მაშინვე მიულოცე? თვლი, რომ სამართლიანად გაიმარჯვა?

– პოლიტიკა, თუნდაც ვირტუალური, ერთგვარად თამაშია, შესაბამისად უფრო მას გაუმართლა და ვთვლი, რომ მართლაც ღირსეულად გაიმარჯვა, მაშინვე დავურეკე და ვუთხარი, რომ მან ღირსეულად გაიმარჯვა, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ მეგობრები გავხდით და ამ პროექტის წყალობით ერთად ბევრი ღირსეული და ქართული საქმე შეგვიძლია გავაკეთოთ–მეთქი. მიხარია, რომ ხუთივეს იდეები და მიზნები დაემთხვა ერთმანეთს, რადგან დამეთანხმებით, რომ ხშირ შემთხვევაში სიტყვა „ურთიერთგაგება“ კარგად ჟღერს, მაგრამ გაგება ყოველთვის სწორად არ არის გაგებული, რაც, სამწუხაროდ, ხშირად ხდება დღევანდელ ქართულ რეალობაში.

შენი აზრით, მომავალშიც უნდა ჩატარდეს თუ არა მსგავსი ვირტუალური არჩევნები?

–ზოგადად არჩევნები არის საძირკველი იმისა, რაზეც ის მყარი კონსტრუქცია უნდა აშენდეს, რასაც სახელმწიფო და ხალხის ნება ჰქვია, შესაბამისად ეს პროექტი კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში არჩევნების იდეის პოპულარიზაციას და შედეგად მივიღებთ ჯანსაღი აზრის მქონე ახალგაზრდებს, რომლებიც გარკვეულ სათქმელს იტყვიან, იქნება ეს პოლიტიკა, თუ სხვა მასთან დაკავშირებული სფერო.

რა შთაბეჭდილება დაგრჩა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ? როგორ შეაფასებ მის სოციალურ აქტივობას ფბ–ში?

–ჩემი აზრით, ბატონი დავით ბაქრაძის სოციალური აქტივობა ფბ-ში მიზნად ემსახურება თითოეულ ადამიანთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას, მათი პრობლემების პირადად გაგებას და ვიტყოდი, რომ დღეს პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი გახდა ფბ, რადგან ეს შეიძლება იყოს ერთგვარი ნაწილი იმისა, თუ როგორ აწარმოო პოლიტიკა და რა იქნება ხალხისთვის უმჯობესი, შესაბამისად, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ დავითს, რომ მოგვეცა შანსი, გაგვეგო მისი აზრი ჩვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

მომიყევი ორიოდ სიტყვით შენს თავზე: რას აკეთებდი მანამდე, სად სწავლობდი ან მუშაობდი, რას საქმიანობდი? აჟამად რას აკეთებ?

გავიზარდე სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდში. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს საყვარელ, საქართველოს ულამაზეს კუთხეს, სამეგრელოს იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა. წელს დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის სამართლის სკოლა), სტუდენტობის პერიოდში გავდიოდი პრაქტიკას და სტაჟირებას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ასევე აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში. დღეს კი გახლავართ სახელმწიფო შპს „მექანიზატორის“ იურისტი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა დ რეალიზაცია, ფერმერთა უზრუნველყოფა ინფორმაციით, კონსულტაციების გაწევა; თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში და ასევე გახლავართ IC Consulting-ის იურისტი და ვთვლი, რომ 20 წლის ასაკში შევძელი, გარკვეული ნაბიჯი გადამედგა ჩემი კარიერული წინსვლისკენ.

მიიღებ თუ არა მსგავს არჩევნებში მონაწილეობას, თუ ისევ ატარდება?

–ვფიქრობ, რომ მომავალში უკვე რეალურ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას და ყველა ღონეს ვიხმარ, რათა გავაკეთო მაქსიმალურად ბევრი ჩემი ქვეყნისათვის. დენი დიდრომ კარგად აღნიშნა, რომ „ღრმა აზრები-რკინის ლურსმნებია, კაცის გონებაში ისეა ჩაჭედილი, რომ ვერავითარი ღონისძიებით ვეღარ ამოაძრობ“, – შესაბამისად ჩემი ქვეყნისათვის სასიკეთო საქმის კეთების სურვილს ვერავინ, ვერასდროს ვერ დამიშლის და ჩემი ცხოვრების კრედო კი პიერ ოგიუსტ კარონ ბომარშეს სიტყვებზეა დაფუძნებული: „ცოცხლობდე-ნიშნავს იბრძოდე; იბრძოდე-ნიშნავს ცოცხლობდე“.

ბოლოს კი დავძენ: არავინ იცის რა მოხდება წინასწარ, მაგრამ ვგეგმავ, მოვიდე ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ამ ეტაპზე კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი, ვაპირებ სასწავლებლად წასვლას, რათა ჩამოსვლის შემდეგ უფრო მეტი გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100