ჯაბა კანკავამ მოწნააღმდეგე სიკვდილისგან იხსნა (ვიდეო)
უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩში დნეპროპეტროვსკის დნიპროსა და დინამო კიევს შორის, უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა. შეხვედრის 22-ე წუთზე, მეკარის საჯარიმო მოედანში მაღალი ბურთისთვის დინამოელთა კაპიტანი ოლეგ გუსევი და დნიპროს ფეხბურთელი ჯაბა კანკავა იბრძოდნენ, მაგრამ ორივეს კანკავას თანაგუნდელმა ბოიკომ დაასწრო. მასპინძელთა კიპერი გუსევს ისე შეეჯახა, რომ გონება დააკარგვინა.
უკრაინის ნაკრების ფეხბურთელს ენა ეყლაპებოდა, რაზეც მისი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა კანკავამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და გუსევს აუცილებელი პირველადი დახმარება გაუწია. როგორც შემდგომში გაირკვა, ქართველმა დინამოს კაპიტანი სიკვდილს გადაარჩინა. გონს მოსული გუსევი საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.
ფეხბურთელს თავის ქალის დაზიანება და მძიმე ტვინის შერყევა დაუფიქსირდა. შეჯახების შედეგად, გუსევმა სამი კბილი დაკარგა. კლინიკის მთავარმა ექიმმა და პრეზიდენტმა, სადაც დინამოს კაპიტანი მკურნალობის კურსს გადის, მოგვიანებით ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა.
"ოლეგის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის კვლავ გადის გარკვეულ გამოკვლევებს. ის ცნობილია, როგორც ძლიერი ადამიანი, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ სამედიცინო რეაბილიტაციის პროცესი არ იქნება ძალიან ხანგრძლივი და მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული დინამოს ექიმებზე. დნიპროს ფეხბურთელმა, ჯაბა კანკავამ, ოლეგის სიცოცხლე იხსნა. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ზომები დროზე იქნა მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი სავალალო იქნებოდა.
კანკავა მოქმედებდა, როგორც ძალიან კვალიფიციური პირველადი სასწრაფო დახმარების ექიმი," - განაცხადა კლინიკა ბორისო-ს პრეზიდენტმა, მიხაილო რადუცკიმ. რაც შეეხება შეხვედრას დნიპროსა და კიევის დინამოს შორის, ის ხსენებული ინციდენტის შემდეგ გაგრძელდა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით - 2:0 დასრულდა. ჯაბა კანკავამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა.
კომენტარი