"სხვისი სახლი" კარლოვი ვარის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში
რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში East of the West არის წარდგენილი.
ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ.ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.
"სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერაც სწორედ კარლოვი ვარში შედგება.ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია,ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.
კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი 2016 წლის 1-9 ივლისს ჩატარდება.იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი კინოფესტივალია, რომელიც ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში 1946 წლიდან ტარდება.
კომენტარი