ახლა ქვეყნის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ვეღარაფერს გავაკეთებთ - სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო სექტორის ვალი 4.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ალავერდაშვილის თქმით, მანამ სანამ აცრებისა და ეპიდემიის თვალსაზრისით ქვეყანაში ვითარება არ გაუმჯობესდება, ტურისტები საქართველოში არ ჩამოვლენ.
მისივე თქმით, ხელახლა რეგულაციების გამკაცრების და ქვეყნის ჩაკეტვის შემთხვევაში სექტორი კიდევ უფრო დაზარალდება.
"გასაოცარი სწრაფი ტემპით დავიწყეთ აღდგენა. ევროპული ჯავშნები, ეს არის თითზე ჩამოსათვლელი ჯავშნები. სანამ ქვეყანაში ასეთი კატასტროფული მდგომარეობა იქნება აცრისა და პანდემიის თვალსაზრისით ჩვენთან ევროპაში ჩამოსული სტუმრები ნამდვილად თავს შეიკავებენ.
ისრაელის ბაზარი, რომელიც 23-დან ჩაიკეტა, ვგულისხმობ, ისრაელიდან ჩამოსული სტუმრებს უკან დაბრუნების შემდეგ 1 კვირა იზოლაციაში უნდა იყვნენ, ამან ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ტურიზმს.
4.5 მილიარდი ლარია სექტორის ვალი. ახლა ქვეყნის ჩაკეტვა და რეგულაციების გამკაცრება, ისე რომ ქვეყანა ჩაიკეტოს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვეღარაფერს გავაკეთებთ",- თქვა შალვა ალავეერდაშვილმა.
ბოლო პერიოდში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ უარესდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 943 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 გარდაიცვალა.
კომენტარი