ხვალიდან სამშენებლო კომპანიებს ვადაგადაცილებულ მშენებლობებზე დავალიანებები ჩამოეწერებათ
სამშენებლო კომპანიებს ვადაგადაცილებულ მშენებლობებზე დაგროვილი დავალიანებები ჩამოეწერებათ. ცვლილებები „ტექნიკური ზედამხედველობის შესახებ" კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი მეორე მოსმენით 24 ივნისს მიიღებს.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტი იმ კომპანიებზეა გათვლილი, რომელთაც დაუმთავრებელი მშენებლობების მიზეზით ყოველდღიურად საჯარიმო სანქციები ეკისრებათ.
„დაზარალებულია სამი მხარე: მოსახლეობა, კომპანია და ქალაქი, სადაც უამრავი დაუმთავრებელი შენობაა. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე მილიონიან საჯარიმოებიდან მისაღებ შემოსავლებზე უარი თქვას და კერძო სექტორს საშუალება მისცეს, ეს თანხები მშენებლობაში ჩადოს“– ამბობს ხუროშვილი.
კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა კომპანიებისგან სანაცვლოდ მშენებლობების განახლებასთან დაკავშირებით ახალი ვადების წარდგენას ითხოვს.
დღემდე ვადების დარღვევის მიზეზით კომპანიებს სამმაგი ჯარიმა ეკისრებოდათ. კომპანიებს, რომლებიც შესაბამის სახელმწიფო უწყებებში კანონის ამოქმედებიდან სამ თვეში მშენებლობების ახალ ვადებს არ წარადგენენ, ჯარიმები არ გააუქმდებათ და მათ მიმართ გამკაცრებული სანქციები ამოქმედდება. კერძოდ, თბილისის ზონების მიხედვით, 1 კვ.მეტრზე 10 თეთრიდან 1 ლარამდე.
პარლამენტში დასამტკიცებლად გამზადებული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები ეკონომიკურ–საინვესტიციო პროექტებს არ შეეხებათ და მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობებზე გავრცელდება.
კომენტარი