აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, მდებარეობს აბასთუმანში, მთა ყანობილზე (ზღვის დონიდან 1700 მ), თბილისიდან 200 კმ-ის დაშორებით.
ობსერვატორია დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით და პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას აქვს საგამომცემლო ბაზა, სადაც 1961 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა „ასტრონომიული კალენდარი“ და „ობსერატორიის ბიულეტენი“.
აბასთუმნის ობსერვატორიაში 1942 წელს ქართველი ასტრონომის გიორგი თევზაძის მიერ აღმოჩენილ იქნა მანამდე უცნობი, ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი „კომეტა“, რომელთაც ეწოდა „კომეტა 1942 თევზაძე 1“ და „კომეტა 1942 თევზაძე 2“. ეს აღმოჩენა წარმოადგენდა პირველ ასტრონომიულ აღმოჩენას, რომელიც ქართველის მიერ იყო შესრულებული. ამ აღმოჩენის გამო წყნარი ოკეანის ასტრონომიულმა კორპორაციამ სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო ასტრონომთა ყრილობაზე გიორგი თევზაძე დააჯილდოვა „ჟოზეფ დონოჰოეს“ მედლით და სამკერდე ნიშნით.
ობსერვატორია 2007 წლიდან ინტეგრირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იწოდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიად. ობსერვატორიის დირექტორია ვასილ კუხიანიძე.
კომენტარი