სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“არ შეიძლება, ამხელა ციხეები ისე მართო, რომ ბაჩოს მეთოდები არ გამოიყენო"

არ შეიძლება, ამხელა ციხეები ისე მართო, თუ ბაჩოს მეთოდებს არ გამოიყენებ, - ეს განცხადება სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა გაზეთ "კვირის პალიტისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ ციხეში ისევ არიან ე.წ. მაყურებლები და ისევ გროვდება "ობშიაკი", სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ის მინისტრობის პირველივე დღიდან ებრძვის ციხეებში ამ დანაშაულს.

"მაყურებლები იყვნენ ბაჩოს დროსაც და ახლაც არიან. ჩემი მინისტრად დანიშვნიდან ორ კვირაში ქსანში 5 თანამშრომელი გავათავისუფლეთ იმის გამო, რომ მაყურებლებთან იყვნენ შეკრული. ჩემი მინისტრად დანიშვნიდან მესამე დღეს რუსთავის ციხეში არეულობა პირდაპირ უკავშირდებოდა იმას, რომ მაყურებლებს გამოვუცხადე ბრძოლა. იმ ეტაპზე ეს ბრძოლა წარმატებით ვერ დამთავრდა სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ მაყურებლების მხარე დაიკავა ისე, რომ არ იცოდა, მაყურებლების თამაშს რომ წამოეგო. მაშინ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ახალდანიშნულმა ციხის უფროსმა აბურჯანიამ ორ მაყურებელს უთხრა, ბაჩოს დრო მოგენატრებათო. საზოგადოებამ ამაზე ხმაური ატეხა, ციხის უფროსმა როგორ გაბედა ამის თქმაო. დღეს იგივე საზოგადოება ყვირის, ციხეში მაყურებლები ისევ არიანო.

ჩემი თანამშრომლები რამდენიმე კვირის წინ ავსტრიაში იყვნენ იქაური გამოცდილების გასაზიარებლად. ქალაქ გრადში არის მაღალი უსაფრთხოების ციხე, სადაც 300-მდე კაცია და მათში 6 ქართველია. იცით, რა ქნეს ქართველებმა? მაყურებლებად დასხდნენ და "ობშჩიაკს" კრეფენ. რამდენიმე რუსი ე. წ. "პეხოტად" ჰყავთ, რომლებიც მათ დავალებებს ასრულებენ. ციხის უფროსი გადარეულია, ამათ ვერაფერი მოვუხერხეო. ეს ხდება მაღალი უსაფრთხოების ციხეში, სადაც მხოლოდ სამასი პატიმარია და მე როგორ უნდა გავაკეთო ეს უცბად ჩვენს ციხეებში? არ შეიძლება, ამხელა ციხეები ისე მართო, თუ ბაჩოს მეთოდებს არ გამოიყენებ. ბაჩოს მეთოდები კი არ გვინდა, რადგან ვიცი, დანაშაულს დანაშაულით ვერ შეებრძოლები. როდესაც დამთავრდება ციხის მშენებლობა ლაითურში, ბევრად გამართული ვიქნებით წელში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100