საქართველომ რუსეთს მსო-ს კარი საბოლოოდ მიუხურა
ქართულმა და რუსულმა მხარეებმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს, - ამის შესახებ „როიტერს“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ სატელეფონო საუბარში განუცხადა.
„მოლაპარაკებები დასრულდა და მეტიც, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი არ შედგა, ყოველგვარი შედეგის გარეშე დასრულდა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
სერგი კაპანაძის განცხადებით, მთავარი საკითხი, რაც ორივე მხარისთვის გასაგებ გზავნილს შეიცავდა, ის იყო რომ რუსეთმა უარი განუცხადა საქართველოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.
„საქართველო არ დათანხმდება მსო-ში რუსეთის გაწევრიანებას მანამ, სანამ რუსეთი არ გადახედავს თავის პოზიციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაჭრობის შესახებ“, - განაცხადა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა. რუსეთის დელეგაციის მეთაურმა მაქსიმ მედვედკოვმა კი თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველოს მიერ წამოყენებული მოთხოვნები „სცდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფეროს“.
ამასთან, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების ეს რაუნდი ბოლო იყო ამ საკითხთან დაკავშირებით: „მოლაპარაკებათა გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ და ჩვენ არ ვაპირებთ მოლაპარაკების გაგრძელებას მხოლოდ იმიტომ, რომ მოლაპარაკების გამართვის ილუზია შეიქმნას“, - თქვა მან „როიტერთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ უკვე 18 წელია, რუსეთი მსო-ში გაწევრიანებას ცდილობს. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, მსო-ს წევრი უკლებლივ უველა, 135 წევრი-სახელმწიფოს თანხმობაა აუცილებელი, საქართველომ კი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთთან ამ საკითხზე მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა.
ორმხრივი მოლაპარაკების პროცესი მხოლოდ 2011 წლის მარტში, შვეიცარიის შუამავლობით აღდგა, თუმცა, დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს.
კომენტარი