"სამწუხაროდ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის ფაქტი უკვე საკმაოდ ბევრია" - საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 300-ზე მეტი ფიზიკური პირი დაჯარიმდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 300-ზე მეტი ფიზიკური და 12-ზე მეტი იურიდიული პირი დაჯარიმდა.
"უკვე მოწყობილია თბილისსა და 6 დიდ ქალაქში საკონტროლო გამშვები პუნქტები. გადანაწილებულია ფუნქციები, რაც ეფექტურ მენეჯმენტსა და ეფექტურ რეაგირებს უზრუნველყოფს თითოეულ საგანგებო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე.
საპატრულო პოლიციის დანაყოფები აღასრულებენ საგანგებო რეჟიმის კოორდინაციას. 8 საათიდან მიღებული რეგულაციით კი სამ პირზე მეტი ადამიანის გადაადგილება უკვე შეიზღუდა. სამწუხაროდ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის ფაქტი საკმაოდ ბევრია. ამ დრომდე 300-ზე მეტი ფიზიკური და 12-ზე მეტი იურიდიული პირი დავაჯარიმეთ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო,"- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში.
იმის ფონზე, რომ პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს და კონტროლი ძლიერდება, საინტერესოა რჩება თუ არა რესურსი სხვა დანაშაულზე რეაგირებისათვის. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რეჟიმის დაცვაზე მობილიზებული ყველა ძალის მიუხედავად, კონკრეტული დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში მათი მხრიდან რეაგირება არ გვიანდება.
"ამ ეტაპზე საკმარისია ის რესურსი, რაც აქვს შსს-ს და ამ კონკრეტულ მიმართულებაში ძალიან გვეხმარება თავდაცვის სამინისტროც. თუმცა, ყველაფერი ლიმიტირებულია. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი მოქალაქის დახმარება და იმის გააზრება, რომ ამ შეზღუდვების აღსრულება ჩვენი ჯანმრთელობისათვის საჭიროა.
ძირითადი ძალა მობილიზებულია რეჟიმის დაცვაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტული დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენი მხრიდან რეაგირება გვიანდება ან არ ხდება. პირიქით, ამ მიმართულებითაც გაძლიერებული გვაქვს კონტროლი და მყისიერად ხდება თითოეული დანაშაულის ფაქტის აღმოფხვრა," - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა.
კომენტარი