ტკივილგამოვლილი ადამიანის ლექსად თქმული აღიარება
ნუ აკვირდები ასე ჩემს სახეს,
არას გეტყვიან ჩემი თვალები,
მე საგიჟეთის პალატაც ვნახე
და ჩარაზული ციხის კარებიც...
...ვისწავლე გულში ჩამარხვა სევდის,
ნაძალადევი სიცილიც ვიცი,
მე აღარა მწამს თვით ღვიძლი დედის
და არა მჯერა არც ერთი ფიცის...
შენ ვერ გაიგებ,
მე რა მწადია,
შენ ვერ მიხვდები,
მე რა მიტაცებს,
ან ვის ვუმღერი ლექსებს დარდიანს,
მე ამ მშფოთვარე დედამიწაზე...
...ნუ შემომფიცებ მე ერთგულებას,
არ დავიჯერებ,
რაც უნდა ითქვას,
მე ქვეყანაზე არ მეგულება
გაუტეხავი არც ერთი სიტყვა...
შენ ვერ გაიგებ,
მე რა მწადია,
შენ ვერ მიხვდები,
მე რა მიტაცებს,
ან ვის ვუმღერი ლექსებს დარდიანს
მე ამ სისხლიან დედამიწაზე.
კომენტარი