ცოცხალი ლეგენდა - 80 წლის მოდელი
80 წლის მოდელი - არარეალურად ჟღერს, რადგან სამოდელო ბიზნესში არსებობს დაუწერელი კანონი: რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, წარმატების უფრო მეტი შანსი გაქვს. გოგონები მოდელობას 14-15 წლის ასაკში იწყებენ, 25 წლისას კი უკვე „მოხუცებად“ მოიხსენიებენ და მათ ანაცვლებენ ახალი თაობის „ახალი სხეულებით“. ძალიან ცოტა აგრძელებს კარიერას 30 წლის შემდეგ, 40 წლის მერე - ერთეულები, ხოლო მოდელი 50-ზე მეტი წლის ეს უვკე არავის გაუგია.
თუმცა, ერთმა ქალმა მოახერხა ამ სტერეოტიპის დამსხვრევა. ეს გახლავთ 80 წლის მოდელი კარმენ დელ’ორეფისი.
კარმენი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1931 წლის 3 ივნისს, დაიბადა. იზრდებოდა ოჯახში, სადაც არანაირი სიმდიდრე და ფუფუნება არ ჰქონდათ. ამ ყველაფრის ნაცვლად, მან მშობლებისგან მემკვიდრეობით სილამაზე და შრომის სიყვარული მიიღო.
სამოდელო კარიერა 14 წლისამ დაიწყო. ერთხელ, როდესაც ბალეტის გაკვეთილზე მიდიოდა, უცნობმა ქალმა ჰკითხა, ხომ არ უნდოდა მოდელი გამხდარიყო. გოგონა დათანხმდა და ფოტოსესიებიც დაიწყო... პირველი გადაღებები წარუმატებელი აღმოჩნდა. შემდეგ კარმენის ნათლიამ გოგონა VOGUE-ის ერთ-ერთ ავტორს აჩვენა. ფოტოგადაღებები განმეორდა, შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.
ერთ წელში კარმენი ცნობილი გახდა, როგორც კი მისი ფოტო VOGUE -ის გარეკანზე მოხვდა.
„- 1945 წელს როდესაც არ არსებობდა ტელევიზია, მე მიღებდნენ ბეჭდვითი რეკლამებისთვის. არასდროს მიოცნებია მოდელობაზე. მე მინდოდა გავმხდარიყავი წარმატებული ბალერინა. ერთხელ რევმატიზმებით ვიყავი დაავადებული და ერთი წელი ცეკვა ამიკრძალეს, ამან ჩემს იმედებს საბოლოოდ დაუსვა წერტილი.“
კარმენი პოზირებდა ისეთი ლეგენდარული ფოტოგრაფების წინაშე, როგორებიც იყვნენ რიჩარდ ავედონი, ირვინგ პენი, ნორმან პარკინსონი და მრავალი სხვა. დღეს, ასაკის მიუხედავად, კარმენი კამერის წინ ბევრ 18 წლის მოდელზე უკეთესად მუშაობს.
„როდესაც 40 წლის გავხდი, ჩემმა თმამ გჭაღარავება დაიწყო. თუმცა, სხვა ქალებისგან განსხვავებით, გადავწყვიტე, არ შემეღება. კანთან ასე უფრო კონტრასტული იქნებოდა.“
რაშია კარმენის სილამაზის საიდუმლო? როგორც თავად ამბობს: „ -ვარჯიში ტკბილეულის ჭამის კარგი ალტერნატივაა. ერთი კანფეტი, რა თქმა უნდა, ზიანს ვერ მოგაყენებთ. ხოლო 15 წუთი ვარჯიში ვერ მოგიტანთ იმ შედეგს, რომელსაც ელოდით. სამწუხაროდ, ტკბილეულის სიყვარული ჩვენ დაბადებიდან მოგვდგამს, ხოლო ვარჯიშის შეყვარებას წლები ვუნდებით. ძალიან რთულია „თავის ხელში აყვანა“, მაგრამ, როგორც შინაგანი, ისე გარეგანი სილამაზე არ არსებობს საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე“.
კარმენი აღიარებს, რომ დრო შეიცვალა და მასთან ერთად მოდაც. მაგრამ იმისათვის რომ სექსუალურად გამოიყურებოდეთ, მისი აზრით, სულაც არაა აუცილებელი გაშიშვლება.
შეუძლებელია, ვინმემ ნახოს კარმენ დელ’ორეფისის ფოტო და ამ ქალბატონს მოხუცი ბებო უწოდოს. იგი ელეგანტური, დახვეწილი მანერების ეფექტური ქალია. სხვათაშორის, ბევრი მოდელისგან განსხვავებით, რომლებიც მსოფლიომ უკვე დაივიწყა, კარმენი პოდიუმზე კვლავ გამოდის. 2000 წელს მან ჯონ გალიანოს კოლექცია წარმოადგინა, 2004 წელს Hermès-ის კოლექცია, წელს კი ალბერტ ფერეტისთან მუშაობდა.
ერთხელ მან თქვა: „მე ჯერ კიდევ ვერ დავარწმუნე საკუთარი თავი, რომ პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც მარად იცოცხლებს, მაგრამ მე მინდა ცხოვრება ბედნიერებაში და არა შიშში. მე მინდა გარდავიცვალო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით!“
კომენტარი