სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან

მანამდე სანამ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთის ჯარი არ შემოიჭრა და მოსკოვის ჯარებმა ქვეყნის ტერიტორიების მეხუთედის ოკუპაცია არ მოახდინა, ცოტას თუ სმენოდა საქართველოს რესპუბლიკაზე, რომელიც წინათ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. უფრო ცოტას გაეგო მისი 43 წლის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელიც ხელისუფლებაში კორუმპირებული ედუარდ შევარდნაძის განდევნის შემდეგ, საზოგადოების მხარდაჭერის ფონზე მოვიდა ის თანამდებობაზე 2003 წლის ნოემბრიდან, ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ იმყოფება და არსებობს მისი ორი ძალიან განსხვავებული და გამოკვეთილი ხატ-სურათი. მისი მხარდამჭერებისთვის ის ”მიშაა”, თანამედროვეობის მეფე დავით მეოთხე, რომელმაც დაამარცხა შიდა და გარე მტერი და ამავე დროს საქართველო რეალური დემოკრატიის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და საერთაშორისო პატივისცემის გზაზე დააყენა. მისი მტრებისთვის ის ცხელთავა ავტოკრატია, რომლის პროვოკაციულმა ენამ და სულელურმა სიჯიუტემ არამხოლოდ ქართული დემოკრატია დააყენა საფრთხის ქვეშ, არამედ ქვეყნის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს გადარჩენასაც შეუქმნა საშიშროება. გასულ ოთხშაბათს საღამოს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში სტუმრობისას სააკაშვილის მთავრობის მიღწევათა შესასწავლად ჩასულს, მასთან ერთი საათის გატარების შესაძლებლობა მომეცა. საპრეზიდენტო კომპლექსი შთამბეჭდავ ადგილას, იმ ხეობის მწვერვალზე მდებარეობს, რომელიც თბილისს ზემოდან გადმოსცქერის. მართლაც შთამბეჭდავი ადგილია. მე იქ ადრეულ საღამოს მივედი, მზე ზუსტად იმ დროს ჩადიოდა, ხედი გამაოგნებელი აღმოჩნდა. ხეობის საპირისპირო მხარეს, ფერდობებზე უამრავი მართლმადიდებლური ეკლესია იყო მიმოფანტული, ქვევით მილიონიანი ქალაქის შენობებზე ნეონის სინათლეები ციმციმებდა, ხოლო მდინარე მტკვარი კასპიის ზღვისკენ გზას მიუყვებოდა. თვითონ შენობა ვრცელი თანამედროვე ნაგებობაა, რომელსაც თავზე შუშის გუმბათი ადგას. ისტორიულ უბანში, ტრადიციული ქართული სახლების გარემოცვაში დაბუდებული ეს ნაგებობა ასე შეიძლება ყველაზე უკეთ აღიწეროს: თანამედროვე არქიტექტორებმა თეთრი სახლის ხიბლის გამეორება სცადეს. შენობა შთამბეჭდავად თანამედროვეა და ჰარმონიაში მოდის იმასთან, რაც სააკაშვილს მთელი ქვეყნისთვის სურს. შენობის ესპანური სკულპტურები და ადგილობრივი მოზაიკა იმ ქვეყნის მდიდარ ისტორიას შეგახსენებთ, რომლებსაც ადგილობრივები საქართველოს უწოდებენ და რომელშიც 67 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ბინადრობს. იდეალურად მოვლილი საპრეზიდენტო ბაღები მუშათა კლასის წარმომადგენელთა სახლების გვერდით მდებარეობს. ერთი აივანი პირდაპირ გადმოსქცერის ბაღის გაზონებს. დაცვა გასაოცრად მსუბუქია – მხოლოდ ერთი პატარა ღობე, რომელიც მომხდურებისგან იცავს აქაურობას. ”რატომ არ აძლიერებთ დაცვას სასახლის გარშემო?” – ვკითხე ჩვენს მიმზიდველ ახალგაზრდა გიდ ქალს, როდესაც ბაღში მიგვიძღოდა წინ და მისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა ექოდ ირეკლებოდა. მან მყისიერად მომიგო იმ დამახასიათებელი პირდაპირობით, რომელთაც ქართველი ხალხისგან ველოდი – ”რატომ? ჩვენ არ ვიმალებით”. და ეს მართალია. ბოლო წლებში ვერავინ დასდებს ბრალს ქართველ ხალხსა და განსაკუთრებით პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ის იმალება. გიყვარს თუ გძულს სააკაშვილი, მან თავისი ქვეყანა კავკასიის პატარა, უცნობი სახელმწიფოდან ისეთად აქცია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ლიდერების ყურადღებას იპყრობს(და ხანდახან აღფრთოვანებასაც). პრეზიდენტის ოფისი ამის დამადასტურებელი საბუთია – მის კედლებზე უამრავი ლიდერის სურათია გამოფენილი – ჯორჯ ბუში, ნიკოლა სარკოზი, მისი უდიდებულესობა დედოფალი და ბარაქ ობამა. აქ მართლაც მხოლოდ მსოფლიოს ერთი ლიდერის სურათს ვერ ნახავთ და ეს ვლადიმერ პუტინია. პრეზიდენტთან მის ჰაეროვან, თანამედროვე ოფისში მჯდომმა, გადავწყვიტე დისკუსია ყველა შესაძლო კითხვიდან ყველაზე იოლით დამეწყო: როგორი მემკვიდრეობის დატოვებას მოისურვებდა? პოლიტიკოსების უმეტესობა, დაწყებული სოფლების მერებიდან, დამთავრებული სახელმწიფოს მეთაურებით ამ ტიპის შეკითხვებისთვის პასუხს წინასწარ ამზადებენ – ეკონომიკის მხარდაჭერა, საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურის განმტკიცება. სააკაშვილისგან ასეთსავე ცარიელ პასუხს ველოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის სანაცვლოდ, მან ღრმად ამოისუნთქა და რამდენიმე წუთი იმაზე ილაპარაკა, თუ რა ბრძოლები უნდა გადაიტანოს მისმა ქვეყანამ გადასარჩენად. მისთვის ყველაზე სასურველი მემკვიდრეობა, როგორც სჩანს საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა. პირველად დამოუკიდებლობა საქართველომ ცოტა ხნით 1918-1921 წ.წ. მოიპოვა და მერე 19 წლის წინ 1991-ში. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს მიწაზე აღარ ისვრიან და აქ არც ყუმბარები დაცემულა, რუსეთის შემოჭრის შიში საქართველოს ღრმა ჭრილობად გადაქცევია. მართლაც და საქართველოს ტერიტორიების 20% დღესაც უკანონოდაა ოკუპირებული და დევნილთა დიდ ბანაკებში ბინადრობენ ისინი, ვინც რუსეთის არმიის მიერ აფხაზეთიდან და სამხრეთ-ოსეთიდან ეთნიკური წმენდებს გამოექცნენ. (ის ფაქტი, რომ სულ რაღაც სამ თვეში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამ დევნილებისთვის ათასობით ბინა აშენდა, მთავრობის პროაქტიურობის დასტურია. უფრო ცინიკოსი ლიდერი შეიძლება ცდუნებას აჰყოლოდა და ისინი სასტიკი ზამთრის პირობებში კარვებში დაეტოვებინა, რათა საერთაშორისო საზოგადოების თანაგრძნობა გაეღვიძებინა). პრეზიდენტი დიდი ხნით არ აჰყოლია სენტიმენტალურ განცდებს. როდესაც კედელზე მისი ოჯახის სურათებს ახედავ, საქართველოს მთიან კურორტებში მოთხილამურეებს, ან ქვეყნის ასობით ულამაზეს ტბაზე თევზაობისას გადაღებულს, ძნელი დასაჯერებელია რომ ვინმე საქართველოში მცხოვრები, შეიძლება არაოპტიმისტურად იყოს განწყობილი. განსხვავებით მისი წინამორბედისგან, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობაზე მოსვლამდე, საბჭოთა კავშირის ბოლო საგარეო საქმეთა მინისტრად მსახურობდა, ცხადია რომ სააკაშვილი ცდილობს დასავლელ, დემოკრატიულ ლიდერად ჩამოყალიბდეს. მისი ათასი სამშვენისით მოფენილი მუხის მაგიდის უკან, წიგნის თაროებზე ჯონ კენედის, მარგარეტ ტეტჩერის და ბილ კლინტონის ბიოგრაფიებია, იმ ადამიანებისა რომელთა მიბაძვაც აშკარად უნდა. იმ ძალისხმევის კონტექსტში, რომლის მიზანიც საქართველოს დასავლური კავშირების განმტკიცებაა, საქართველოს მთავრობამ წამოიწყო საგანმანათლებლო სისტემის რეორიენტაციის პროგრამა: ფოკუსი რუსული ენიდან ინგლისურზე უნდა გადავიდეს. ამ მიზნით მათ დიდი ბრიტანეთიდან, შეერთებული შტატებიდან და კანადიდან 10 000 მასწავლებელი დაიქირავეს. პრეზიდენტის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ქვეყანაში სწავლების პროცესის ”მოდერნიზაციისთვის” გაკეთდა. პრეზიდენტი სააკაშვილი სიტყვით მოდერნიზაცია ”მოხიბლულია” და ჩვენი ერთსაათიანი საუბრის დროს ის უამრავჯერ გამოიყენა. ”მოდერნიზაცია” სააკაშვილისთვის არ არის მხოლოდ ის სიტყვა, რომელსაც საჯარო სამსახურების გაუმჯობესებისა და ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის დასახასიათებლად გამოიყენებ, არამედ ასევე იმ პოლიტიკის კოდია, რომლის მიზანიც იმის უზრუნველყოფაა, რომ საქართველო აღარასდროს იქცეს ისევ რუსეთის ფედერაციის სატელიტ ქვეყნად. საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზების პრეზიდენტისეული ჟინი მართვის ყველა სფეროზე გავრცელდა, დაწყებული სამხრეთ-აფრიკელი ბურების დაქირავებით, რათა მათ სასოფლო-სამეურნეო რეფორმებს გაუწიონ დახმარება და პროდუქტები გააუმჯობესონ და 2012 წელს იმ ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნით, რომელმაც საქართველოს მთავარი ქალაქები ევროპის საქალაქთაშორისო მარშრუტს უნდა დაუკავშიროს. ეკონომიკის დარგში უთამამესი რეფორმები ჩატარდა. პრეზიდენტი თავისუფალი ეკონომიკის მქადაგებელია. ის დაჯერებულად აცხადებს, რომ ”ეკონომიკა არ შეიძლება იყოს ზედმეტად ღია” და ”როგორც კი ჩაერევი ბიზნესში, ის ჩამოიშლება”. რასაც ქადაგებს, იმას პრაქტიკაში ახორციელებს კიდეც. ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი 18%-მდე შემცირდა, კორპორაციული 15%-მდე და ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელი ლიცენზიებისა და ნებართვების 95% უბრალოდ გაუქმდა. სტრუქტურულ დონეზე, საბიუჯეტო დეფიციტი კანონით მშპ-ს 3%-ს არ უნდა აჭარბებდეს და დაწესდა მშპ-ს დავალიანების მაქსიმალური ზღვარი – 60%. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის რუსული ინტერვენციის შემდეგ ეკონომიკამ იზარალა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ქვეყნის მშპ 2010 წელს 5.5%-ით გაიზარდა და აღდგენას მომავალ წლებშიც განაგრძობს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც ევროპა მომავალ ათწლეულებში აღმოჩნდება, ენერგეტიკული უსაფრთხოებაა, განსაკუთრებით თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბევრი ქვეყანა ენერგეტიკული მომარაგების საკითხში რუსეთზეა დამოკიდებული. იშვიათია ისეთი ზამთარი, როდესაც კრემლსა და ევროპის პატარა ქვეყნებს შორის ენერგეტიკასთან დაკავშირებით რაიმე დავა არ მოხდეს, სულ ბოლო მაგალითი ამისა 2009 წლის ნავთობის კრიზისია, როდესაც უნგრეთის, სლოვაკიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ენერგომომარაგებას საფრთხე შეექმნა. ის რომ ამ თვალსაზრისით საქართველო რუსული საფრთხეებისთვის მიუწვდომელია, აღსანიშნავი წინდახედულობის შედეგია. ამ ბოლო წლებში მთავრობამ ინტენსიურად ჩადო ინვესტიციები განახლებად ენერგეტიკულ რესურსებში ისე, რომ ქვეყნის ელექტროენერგიის 85% ახლა ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. უფრო აღსანიშნავია ის, რომ არსებული ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრეები მოცემული მომენტისთვის მხოლოდ 20%-ითაა ამოქმედებული. ფაქტია რომ საქართველოს შეუძლია რუსეთს მიჰყიდოს ელექტროენერგია და იმისთვის, რომ სინათლე შეინარჩუნოს არ სჭირდება ყოველ ზამთარს კრემლთან დიპლომატიური მორჩილების დადასტურება, რაც სააკაშვილს რუსეთთან ურთიერთობაში ისეთ თვითდარწმუნებას ანიჭებს, როგორიც რეგიონის სხვა ლიდერებს არ გააჩნიათ. თუ რუსეთის ყინულოვანი ხელისგან მისი ქვეყნის იზოლირების სააკაშვილისეულ ძალისხმევას გავითვალისწინებთ, არ არის გასაკვირი, რომ ის საქართველოს მომავალს არა მხოლოდ ნატო-ში, არამედ ევროპის კავშირშიც ხედავს. როდესაც ის საქართველოს აღწერს, „როგორც საუკეთესო მოსწავლეს კლასში, მაგრამ ერთადერთს რომელსაც შემდეგ ეტაპზე გადასვლის ნებას არ აძლევენ“, აშკარად ჩანს მისი იმედგაცრუება ორივე ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე პროგრესის დეფიციტით, რომელიც რუსეთის შესაძლო რეაქციისადმი დასავლეთ-ევროპული ქვეყნების შიშითაა გამოწვეული. იმ დროს როდესაც ორივე ორგანიზაციაში სრული გაწევრიანების პერსპექტივა, საშუალოვადიან პერსპექტივაში დღის წესრიგიდან მოხსნილია, პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცებისთვის. კერძოდ ეს ვიზების ლიბერალიზაციასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ეხება. ამ შეთანხმების მეშვეობით საქართველოს ექსპორტი უფრო ადვილად შეაღწევს ევროპულ ბაზრებზე და ევროკავშირი მტკიცედ უერთგულებს ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამას, რომელიც საქართველოსაც მოიცავს. როდესაც ნატო-ზე ვმსჯელობდით (ორგანიზაცია, რომელიც ღიად შეიქმნა იმისთვის, რომ სსრკს-ს ინტერვენციას წინ აღდგომოდა), არ ველოდი რომ საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სურვილს გაამჟღავნებდა. თუ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ოკუპაციის საკითხს ცალკე გადავდებთ, საქართველოს ჩეჩნეთთან 100 მილზე მეტი სიგრძის საზღვარი აკავშირებს, იმ რეგიონთან რომელსაც ათწლეულების მანძილზე რადიკალური ისლამიზმის დაღი აქვს დასმული. მისი როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, ჩეჩნეთთან საქართველოს საზღვრების უსაფრთხოების შესწავლა და რუსეთის პოლიციისთვის იმ ჯიჰადისტი ტერორისტების გადაცემა იყო, რომლებიც ქვეყანას თავს აფარებდნენ. მიუხედავად იმისა რომ კრიტიკულადაა განწყობილი, ადამიანის უფლებების სფეროში რამზან კადიროვის დამსახურებებისადმი (ვლადიმერ პუტინის მიერ მეზობელ პროვინციაში დასმული ჩინოვნიკი) კრემლისთვის მიცემული წინადადება, რომელიც საზღვარზე ანტი-ტერორისტული ზომების გატარებაში თანამშრომლობას გულისხმობს ძალაში რჩება. ვერავინ უარყოფს იმას, 2004 წლის არჩევნების შემდეგ სააკაშვილი ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა და დომინირებს საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე. მართლაც ზსაერთაშორისო არენაზე მისი ბობოქარი აქტიურობა და ცეცხლოვანი რიტორიკა, ზოგიერთ მის მხარდამჭერსაც კი აფიქრებინებს, რომ შესაძლოა ”მიშას” ხმაურიანი მმართველობა ”საქართველოსთვის ზედმეტად დიდია”. რამდენიმე ისეთი პერიფერიული პოლიტიკური ძალის გარდა, რომლებიც ღიად იცავს რუსოფილურ პოზიციას და ცდილობს გაამართლოს აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის საქართველოსგან წაგლეჯვა, სააკაშვილს არავინ სდებს ბრალს დიქტატორულ ქმედებებში, სრულიადაც არა. და მართლაც ასეთმა განცხადებამ შეუძლებელია გაძლოს, თუ მხედველობაში მივიღებთ არა მხოლოდ ეკონომიკურ თავისუფლებებს, რომლებიც შემოღებულ იქნა შევარდნაძის შემდეგ, არამედ იმ ფაქტსაც რომ ხმაურიანი ოპოზიციური პარტიები კარგად არიან წარმოდგენილები პარლამენტში და ოპოზიციური გაზეთები და ტელევიზიები თავისუფლად ოპერირებენ. სფერო რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ, სასამართლო რეფორმაა. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს პროცესი ძალიან ნელია. სააკაშვილი უარყოფს ამ კრიტიკას, თუმცა როგორც სჩანს აღიარებს, რომ გარკვეული თვალსაზრისით, 2008 წლის შემდეგ მან ყურადღება ეკონომიკურ რეფორმებზე უფრო გადაიტანა, ვიდრე რაიმე სხვაზე, თუმცა ამ მიმართულებითაც არსებობს საკვანძო ”გამარჯვებები”, რომელთა დასახელებაც შესაძლებელია: მსაჯულთა სასამართლოს შემოღება, 2009 წლის შემდეგ სასამართლოში სამოქალაქო საქმეების გაორმაგება და მოსამართლეთა დანიშვნის ახალი სისტემა. ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი პრობლემა მის დანაწევრებულობამდე დადის. არც ერთს, უამრავი მცირე პარტიიდან არ გააჩნია რეალური პლატფორმა, რათა კონკურენცია გაუწიოს იმ საყოველთაო საზოგადოებრივ მხარდაჭერას, რომელიც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიპოვა, მაგრამ სააკაშვილი აღიარებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა სერიოზულად გააკრიტიკეს მისი მთავრობა ისეთ სადისკუსიო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა პენსიები, ჯანდაცვისა და განათლების რეფორმა (გეცნოთ?), რაც შეიძლება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე 2012 წელს, ოპოზიციას გარკვეულწილად გამოადგეს. შესაძლოა სააკაშვილმა წარსულში რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ის თუ როგორ მოექცა 2009 წლის აპრილში მიმდინარე ოპოზიციურ დემონსტრაციებს, როდესაც დაახლოებით 50 000 ადამიანმა დაიკავა ქუჩები და მის გადადგომას მოითხოვდა, აღსაფრთოვანებლი იყო (და შეიძლებოდა ჰოსნი მუბარაქს მაგალითად გამოსდგომდა). შევარდნაძის ხუთი წლის წინანდელი რეაქციისგან განსხვავებით, სააკაშვილი ცივად შეხვდა დემონსტრაციებს, როგორც დემოკრატიული პროცესის ნაწილს და პოლიციას თავის შენობებში დარჩენა უბრძანა იმ დროს, როდესაც დემონსტრანტები წინ მიიწევდნენ. საპროტესტო გამოსვლები სამ თვეს გაგრძელდა, მაგრამ ისე ჩაცხრა, რომ ადგილი არ ჰქონია არც ერთ მნიშვნელოვან ძალადობრივ აქტს და დაზიანებებს, ხოლო ოპოზიცია უარყოფილი და დამცირებული დარჩა. სააკაშვილმა ნაწილობრივ მისი პოლიტიკისა და მმართველობის უკომპრომისობის გამო დაიმსახურა პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან უთანხმოება, განსაკუთრებით კი უმაღლესი განათლების სექტორში. იმ დროს, როდესაც რიგითი გამვლელი ქუჩაში განაგრძობს მისი მთავრობის მხარდაჭერას, სწორედ შეძლებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც შევარდნაძის რეჟიმის დროს ასე დიდხანს სარგებლობდა უპირატესობით, მას ყველაზე ხმამაღლა აკრიტიკებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ტექნოკრატები რომლებიც 2004 წლის რევოლუციამდე იკავებდნენ ოფისებს, გზიდან ჩამოიცილეს ახალგაზრდა, შთამბეჭდავმა ლიდერებმა, ისეთებმა როგორიცაა შინაგან საქმეთა მინისტრის 32 წლის მომხიბლავი მოადგილე ეკა ზღულაძე, რომლის ანტი-კორუფციულმა ქმედებებმა პოლიციისადმი ნდობა 4%-დან 84%-მდე გაზარდა; საგარეო საქმეთა მინისტრის 30 წლის მჭერმეტყველი მოადგილე თორნიკე გორდაძე, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობებს ხელმძღვანელობს და რეინტეგრაციის უშიშარი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი. სწორედ ტონი ბლერი იყო, რომელმაც კითხვაზე, როგორ აფასებს ის მისი მთავრობის მიღწევებს 2003 წლის თვალთახედვიდან, სახასიათოდ ლაკონური პასუხი გასცა: ”ბევრი გაკეთდა, ბევრი უნდა გაკეთებულიყო”. იგივე შეიძლება ითქვას სააკაშვილზე – მისი ულევი, ევანგელისტური ენთუზიაზმი საკუთარი საქმისადმი იოლად ვერ ჯდება კონსტიტუციურ ნორმებში, რომელთა თანახმადაც მას ეკრძალება 2013 წელს თანამდებობაზე მესამედ მოსვლა. ზოგიერთი სპეკულირებს, რომ სააკაშვილი შეეცდება პოლიტიკაში დარჩენას პრემიერ-მინისტრის ახლად განმტკიცებული პოსტის დაკავებით. პრეზიდენტი, რომელიც სხვა არაფერია თუ არა სრულყოფილი პოლიტიკოსი უარს ამბობს მისი განზრახვების დადასტურებაზე, არ უნდა რომ წარუმატებლობის იმავე სინდრომით დაავადდეს, რომელმაც ტონი ბლერის ბოლო წლებს ოფისში დამბლა დასცა. რაც არ უნდა გადაწყვიტოს მან და ქართველმა ხალხმა, მიხეილ სააკაშვილმა თავისი ადგილი ისტორიაში უკვე დაიმკვიდრა. foreignpress.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100