სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოპერაცია "პასტორიუსი" - რატომ ვერ ააფეთქეს ნაცისტებმა ნიუ-იორკი

მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტი დივერსანტები წყალქვეშა გემით ამერიკას, კერძოდ კი ნიუ–იორკს მიუახლოვდნენ. მათ ევალებოდათ: გზების, ქარხნების, კაშხლებისა და სარკინიგზო ხაზების აფეთქება.

ოპერაციის განხორციელება გერმანელებს არ გამოუვიდათ. ნაცისტების გეგმას ხელი რამდენიმე ფაქტორმა შეუშალა.

MI5-ის (Military Intelligence, Section 5) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, ოპერაცია „პასტორიუსი“ მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ტრაგიკომიკული ეპიზოდია. ეს დღევანდელი გადასახედიდან, თორემ მაშინ გერმანელებისათვის ეს ოპერაცია ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმა იყო. „დივერსანტების ეს გუნდი სხვა გერმანული ექსპედიციებთნ შედარებით ყველაზე კარგად აღჭურვილი და მომზადებული იყო“ – წერია MI5-ის დოკუმენტში.

ნაცისტების ექსპედიციას გერმანიის მოქალაქე, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაზრდილი, გეორგ დაში (George Dasch) ხელმძღვანელობდა. იგი, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, არ იზიარებდა ნაცისტების იდეალოგიას. დაშმა მოწინააღმდეგის მხარეს გადასვლა მაშინვე გადაწყვიტა, როგორც კი გერმანია დატოვა. ის თავისი გუნდის წევრებს „იდიოტების ბუკეტად“ მიიჩნევდა.

ნაცისტების გეგმაში შედიოდა ამერიკაში ხიდის, Hell Gate Bridge–ისა და ასევე ებრაელების მაღაზიებისა და ნიაგარას ჩანჩქერზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება, რასაც მოსახლეობაში პანიკა უნდა გამოეწვია.

გეორგ დაშს ცხვირსახოცზე უხილავი მელნით ეწერა იმ ამერიკელების სახელები და გვარები, რომელთა დახმარების იმედიც უნდა ჰქონოდა. ასევე ეწერა კოდური სახელი და პაროლი ოპერაციისა: „ფრანც დანიელ პასტორიუსი“. ესაა აშშ–ში პირველი გერმანული დასახლების დამფუძნებლის სახელი და გვარი, რომელიც XVII საუკუნეში დაარსდა. ცხვირსახოცზე გაკეთებული წარწერების წაკითხვა შესაძლებელი იყო მხოლოდ მაშინ, თუ მას მარილიან წყალში დაასველებდნენ.

როგორც MI5 იუწყება, „გერმანიის სადაზვერვო სამსახურისათვის ამ ოპერაციის წარმატებით დასრულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“. დივერსანტებს „მაღალი რანგის თანამდებობებს“დაჰპირდნენ. ასევე, გააფრთიხლეს, რომ ღალატისათვის სიცოცხლეს გაემოეთხოვებოდნენ. „ არავის ენდოთ, მოღალატე ადგილზევე მოკალით!“– უბრძანეს „ზემოდან“.

ოპერაციას დაწყებისთანავე ეტყობოდა, რომ წარუმატებელი იქნებოდა. საფრანგეთის ბარში ერთ–ერთი დივერსანტი, ჰერბერტ ჰაუპტი (Herbert Haupt), დათვრა და თანმხლებ პირებს განუცხადა, ჯაშუში ვარო.

1942 წლის 13 ივნისს, როდესაც წყალქვეშა გემი ნიუ–იორკს უახლოვდებოდა, იგი მეჩეჩზე შეჯდა. დივერსანტების ერთი ნაწილი ნიუ–იორკის ნაპირზე გადავიდა, მეორე ნაწილი კი ფლორიდაში.

ოპერაცია „პასტორიუსი“ დივერსანტების ამერიკაში გადასვლიდან ერთ კვირაში ჩაიშალა, როდესაც დაშმა FBI–ში, ვაშინგტონში, დარეკა და აუწყა, რომ დივერსანტი იყო. იგი ნიუ–იორკის შტაბ ბინაში დაიბარეს. თავიდან დაშის არ სჯეროდათ, მაგრამ როდესაც გერმანელმა მაგიდაზე ოპერაციისათვის გამოყოფილი 84 ათასი დოლარი დაუდო, დარწმუნდნენ, მათ წინაშე ცოცხალი ტერორისტი იყო. დივერსანტების ადგილსამყოფელი გაცხადდა, ყველა მათგანს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და სიკვდილით დასაჯეს.

დაშს 30 წელი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, 1948 წელს გაათავისუფლეს. დაში გერმანიაში დაბრუნდა.

რომ არა მოღალატე დაში, ოპერაციის შედეგი კომიკური სულაც არ იქნებოდა. MI5-ის მოხსენებაში ნათქვამია: „ექსპედიციის სხვა წევრები გამოუსწორებელი ნაცისტები იყვნენ და ეჭვგარეშეა, გეგმას პირნათლად შეასრულებდნენ, ხელი რომ არ შეეშალათ“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100