წითლები და ლურჯები - რეალობა და პერსპექტივა (ვიდეო)
მთელმა მსოფლიომ უკვე აღიარა, რომ საქართველოში უპრეცენდენტოდ დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდა. დემოკრატიის გამოცდის პირველი ეტაპი გადალახულია, მაგრამ ახლა იწყება არანაკლებ მკაცრი გამოცდა: ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი ტესტია დემოკრატიის გზაზე.
ერთი მხრივ, გვაქვს რეალური სურათი: ქვეყნის პირველმა პირმა არჩევნების წინასწარი შედეგების გაცნობისთანავე განაცხადა, რომ ის არ აპირებს შეაფერხოს ახალი პარლამენტის მუშაობა და მზადაა, ითანამშრომლოს გამარჯვებულ ძალასთან, რათა მან შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება.
სახეზეა ამ მიმართულებით მიღწეული კონკრეტული შეთანხმებაც: უკვე ორშაბათიდან უწყებათაშორისი ჯგუფები შევლენ სამინისტროებში, გაერკვევიან სიტუაციაში და დაიწყება ხელისუფლების გადაბარების პროცესი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოფილი და მომავალი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე ორშაბათიდან მოუწევთ ერთმანეთთან თანამშრომლობა.
რაც შეეხება პარლამენტს, არჩევნებმა არ დაუტოვა შანსი სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და გაერთიანებებს, გარდა ორისა. ქვეყანაში ჩამოყალიბდა ორი პოლუსი: ლურჯები და წითლები. ბიძინა ივანიშვილის პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით მოვიდოდა პარლამენტში, ახდა. ახდა ის პროგნოზიც, რომ შუა გაიკაფებოდა.
და მაინც, მომავალ პარლამენტში არც ცალკე აღებული უმრავლესობა და არც ცალკე აღებული უმცირესობა არ წარმოადგენს ისეთ ძალას, რომელსაც რეალურად შეუძლია უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ცვლილებების განხორციელება. ეს ორივე მხარეს კარგად ესმის და „პოსტ სკრიპტუმში“ სტუმრობისას კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია იყო გამარჯვებული ძალიდან პირველი, რომელიც შესაძლო თანამშრომლობაზე ალაპარაკდა:
„ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე უმრავლესობა და უმცირესობა რომ შეთანხმდეს, ამაში მე არათუ ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, აუცილებელიც მგონია და ვფიქრობ, ასეთი საკითხები იქნება, თუნდაც იგივე საგარეო პოლიტიკის, ევროპულ სტრუქტურებში, ნატოში საქართველოს სწრაფი ინტეგრაციის საკითხებში“, - განაცხადა მან.
შესაძლოა, ირაკლი ალასანიას ეს დამოკიდებულება მართლაც გამოხატავს კოალიციის ვერტიკალის დამოკიდებულებას და მის მზაობას თანამშრომლობისთვის. მაგრამ მის მიერ ამავე გადაცემაში ნათქვამ ფრაზას: „არავითარი რევანშისტული განწყობა, ყველა დავა გადაწყდება მხოლოდ სამართლებრივად“ - დიდი გამოცდა ელის.
კოალიციის რიგითმა მხარდამჭერებმა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იმ შედეგის მიღწევაში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, მაგრამ მათ უმრავლესობაში არათუ ახალი ხელისუფლების მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის სურვილი არ შეინიშნება, საერთოდ წინააღმდეგია ამ პარტიის რიგით მხარდამჭერებთან ინტეგრაციისაც კი. სოციალურ ქსელებში დაბუდებულ აგრესიას კი, ძირითადად, სწორედ „ქართული ოცნების“ ის წინასაარჩევნო რიტორიკა განაპირობებდა, რომლის მიხედვითაც არათუ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მისი მხარდამჭერებიც, ლამის იყო ღამით ცოცხებით მოარულ აჩრდილებად იყვნენ გამოცხადებულნი.
მართალია, რიტორიკაში არც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამორჩებოდა ოპოზიციას, მაგრამ მათი რიტორიკა მაინც რუსულ ფულზე, თვითონ კოალიციის ლიდერთა პოლიტიკური პლატფორმების სხვადასხვაობაზე, წარსულის დაბრუნების მცდელობაზე იყო ორიენტირებული და არა იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერი მტრისთვის სულმიყიდული და ქვეყნის მოღალატეა.
გამარჯვებული ლურჯების აგრესია დამარცხებული წითლებისადმი ჯერაც არ დამცხრალა და მეტიც, შეიძლება ითქვას, გაიზარდა კიდეც. რიგითი მხარდამჭერები, აწ უკვე ოპოზიციური მედიასაშუალებების ჟურნალისტები, მათ შორის, ამ წერილის ავტორიც, ხშირად იღებენ მუქარის შემცველ წერილებს („კავკასიის ინტერნეტმედიაჯგუფმა“ ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა), სადაც მათ, არც მეტი, არც ნაკლები, ფიზიკური ანგარიშწორებით ემუქრებიან. ერთი შეხედვით, საოცარია: გამარჯვებულს დამარცხებულისადმი აგრესია რატომ უჩნდებოდეს? რა ხდება?
კაცმა რომ თქვას, ისეთი არაფერი, რაც დაგეგმილი არ იყო: აგრესიული ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ იმიტომ უჭერდნენ მხარს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ დაუოკებელი ბოღმა და ბრაზი ახრჩობდათ (იმედია, ასეთები უმცირესობაში არიან) იმ ხაზს მიჰყვებიან, რომლის შესახებაც გზავნილებს თავიანთი რჩეული ძალისგან მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში იღებდნენ: მათი აგრესიული მუხტი ხომ იმ შემთხვევისთვის იყო შემონახული, როცა მიხეილ სააკაშვილი უარს იტყოდა არჩევნებში დამარცხების აღიარებაზე, გააყალბებდა არჩევნებს და ქუჩაში გამოსულ ხალხს სპეცრაზმით დაუპირისპირდებოდა...
მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯის შემდეგ კი აგრესიის საფუძველი აღარ, მაგრამ აგრესიული მუხტი დარჩა და ახლა ეს აგრესია სწორედ იმ ადამიანებზე ნაწილდება, ვინც უკვე ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ „აღიარებით ჩვენებებს“ არ იძლევა, არ გმობს, არ ნანობს, პირიქით, ამაყობს კიდეც, რომ მხარი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერს დაუჭირა. ბევრისთვის ეს სწორედ იმიტომაა სიამაყის საფუძველი, რომ ნათლად მიანიშნებს - ის ფულზე არ გაყიდულა, მას ფულზე არ გაუცვლია მთავარი ღირებულებები. ასეთები კი არც ისე ცოტანი არიან. მოკლედ, ეს აგრესია ნაწილდება მათზე, ვინც საკუთარ პოლიტიკურ მრწამსს არ ღალატობს და ნავიდან ნავში გადახტომაზე უარს ამბობს, ასეთების მიმართ საზოგადოების განწყობა კი თანდათან დადებითი გახდება, როცა ვნებების დუღილის ტემპერატურა დაიკლებს...
არადა, თითქოს საოცარია: თუ ბოღმისა და ღვარძლის არსებობის ლოგიკურობაზე ვისაუბრებთ, ეს ორი გრძნობა სწორედაც რომ დამარცხებულებს უნდა ჰქონდეთ და არა გამარჯვებულებს. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული „აბსოლუტური უმრავლესობა“, 70%-იანი გამარჯვება, „ისინი ბარიერსაც ვერ გადალახავენ“ ბლეფი აღმოჩნდა, ის გამარჯვება კი, რომელიც კოალიციამ და მისმა მხარდამჭერებმა მოიპოვეს, არ აძლევთ მათ გამარჯვებით ტკბობის საშუალებას, მეტიც: მათ არც კი სჯერათ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამარცხებულია და აშფოთებთ მისი პარტიის (და არა თავად პრეზიდენტის) გადაბარგება ოპოზიციაში... ვინ ვინ და ქართველმა ამომრჩეველმა ხომ კარგად იცის, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში...
რა თქმა უნდა, აგრესიული მხარდამჭერები იმასაც კარგად ხედავენ და გრძნობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, ფაქტობრივად, საკუთარი პერსონიდან გამომდინარე გაიმარჯვა ამ არჩევნებში, ირგვლივ არასტაბილური, ურეიტინგო ადამიანები ახვევია. მათ ძალიან დიდი შრომის გაწევა მოუწევთ ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, რომ რეიტინგი აიმაღლონ და ამავე დროს, დაამტკოცონ, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არ არის. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ამის გაკეთება მათ პარლამენტში ძლიერი ოპოზიციის, ხოლო პარლამენტს გარეთ ძლიერი ოპოზიციური მედიაწნეხის ფარგლებში მოუწევთ, ხოლო ოპოზიციურ პრესასთან, ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტებთან, რომელთა ჟურნალისტური მოღვაწეობის არეალში კვლავ მთელი საქართველო დარჩება, დაპირისპირებაზე ვერ წავლენ - ხელისუფლების ჩაბარების პირველივე ეტაპზე ეს ნამდვილად თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.
ასე რომ, თუ კარგად გავაანალიზებთ და ეიფორიის გადავლის შემდგომ არსებულ მდგომარეობას შევაფასებთ, სიმთვრალის შემდეგ დამდგარი პახმელია „ქართული ოცნებისთვის“ სასურველ სურათს ნამდვილად არ ხატავს: „ნაციონალური მოძრაობა“ არსად არ მიდის, ის დამარცხდა, მაგრამ არა ისე, რომ ხელი ჩაიქნიოს და პოლიტიკურ მომავალს სკეპტიკურად უყურებდეს; არსად არ მიდის მიხეილ სააკაშვილიც: მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე კარგა ხანია დარჩენილი და მის მოძულეებს კიდევ კარგა ხანს მოწევთ მისი მოხსენიება „ბატონ პრეზიდენტად“. ისინი კარგად აცნობიერებენ იმასაც, რომ ოპოზიციაში გადასვლით, შესაძლოა, ნაცმოძრაობის რეიტინგი გაიზარდოს კიდეც. ამის ნიშნები უკვე არის: სოცქსელებში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანების სურვილს, ხოლო თბილისობის დღესასწაულზე მისული მოქალაქეების მხრიდან იქ მისული პრეზიდენტის მიმართ გამოვლენილი სითბო და ყურადღება (ვიდეო თან ერთვის ამ მასალას) კიდევ უფრო ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ მიხეილ საკაშვილს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ბევრი არაფერი დაუკარგავს... ამავე დროს, არის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც, პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ მოლოდინის ადეკვატურობა. შევეცდები გავშიფრო, რას ვგულისხმობ:
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ალბათ, თვით ყველაზე დიდი ოპტიმისტებიც არ ელოდნენ იმ ელვისებურ ცვლილებებს, რაც ახალმა ხელისუფლებამ განახორციელა. აქ იმაზე არ არის საუბარი, რომ ელვის სისწრაფით, ფაქტობრივად ყველა მიმართულებით წამოწყებულმა რეფორმებმა მტკივნეულად, ზოგჯერ ხარვეზებითა და შეცდომებითაც ჩაიარა, არამედ იმაზე, რომ „ვარდების ხელისუფლების“ მიერ მიღწეული ეფექტი აშკარად აღემატებოდა იმ მოლოდინს, რაც საზოგადოებაში ამ ხელისუფლების მიმართ არსებობდა. მაშინ ხელისუფლებამ აშკარად შეძლო მოლოდინის ნიშნულზე მაღალი შედეგის ჩვენება.
ამჟამინდელი ხელისუფლების შემთხვევაში ხალხის მხრიდან მოლოდინის თამასა საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა აწეული: ხალხი ამ ხელისუფლებისგან სწორედ ისეთ გადამჭრელ ზომებს ელოდება, როგორიც წინა ხელისუფლებამ, მოსვლიდან მოკლე ხანში განახორციელა. ამავე დროს, ეს ხელისუფლება, ასე ვთქვათ, „განმეორების ცდუნების“ წინაშეც დგას: თუ ის დაიწყებს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას და ხალხის ყურადღებას სწორედ ამ პროცესზე გადაიტანს, თუ სწორედ იმ დაპატიმრებულებს დაბრალდება ყველა ის შესაძლო წარუმატებლობა, რაც ამ ხელისუფლების მოქმედებას შეიძლება მოჰყვეს, საზოგადოებისთვის ეს პროცესი „უკვე ნანახი კონო“ იქნება. რა თქმა უნდა, ვერავინ იქნება წინააღმდეგი, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს კანონის წინაშე, მაგრამ ხომ კარგად ცნობილია, რომ „კუდიანებზე ნადირობის“ ყველა სეზონს, ძირითადად სწორედ „კანონის უზენაესობის დაცვა“ უდევს საფუძვლად? ასე რომ, აქაც გარკვეული „ოქროს შუალედია“ საჭირო, რომლის მოძებნა მხარდამჭერთა აგრესიის ფონზე, სულ უფრო და უფრო ძნელი იქნება...
და ბოლოს, იმით დავასრულებ, რითაც დავიწყე: საქართველოს ისტორიაში ძალიან საინტერესო - ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების ხანა 8 ოქტომბრიდან იწყება. ახლა მთელი მსოფლიოს თუ არა, მისი ნაწილის ყურადღება მაინც ამ პროცესისკენ იქნება მიმართული. ჯერჯერობით, არსებული ისტერიის მიუხედავად, კოალიციის ლიდერები აცხადებენ, რომ არანაირი საფუძველი არა აქვთ, რათა ჯერაც მოქმედი ხელისუფლება საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულონ. ხელისუფლება აცხადებს, რომ მთელ რიგ საკითხებსა და ღირებულებებში ფუნდამენტური სხვაობის მიუხედავად, მზად არიან ითანამშრომლოს ახალ პოლიტიკურ ძალასთან პარლამენტში, რადგან ასეთია ხალხის უმრავლესობის ნება.
დეკლარირების დონეზე ყველაფერი წესრიგშია. ახლა ვნახოთ, რა და როგორ განხორციელდება რეალურად. ფაქტია, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან საინტერესო, წინააღმდეგობებითა და აზარტული მუხტით სავსე პერიოდი იწყება...
კომენტარი