ბათუმში მეჩეთის აშენების შესახებ შეთანხმება მიღწეულია
ბათუმში მეჩეთის აშენების შესახებ შეთანხმება მიღწეულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ანკარაში ვიზიტისას აღინიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით ნაცვალგების პრინციპის გამოყენება დაუშვებელია, რადგან კულტურის ძეგლებს მოვლა სჭირდება, ვისიც არ უნდა იყოს ის.
"აქედან გამომდინარე, მიღწეული შეთანხმება, რომ ოშკისა და იშხნის რესტავრაციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი სპეციალისტები, ხოლო ბათუმში გამოიყოფა ადგილი, სადაც აშენდება სამლოცველო მუსულმანური რელიგიის წარმომადგენლებისთვის. პირველ რიგში, ეს კეთდება ქართველი მუსულმანებისთვის, რადგან მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი მრწამსის შესაბამისად ლოცვის საშუალება", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, ბათუმში მეჩეთის მშენებლობისთვის ადგილი ჯერ შერჩეული არ არის, თუმცა არსებობს გარკვეული მონახაზები და ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას აჭარის მთავრობა მიიღებს. საგარეო საქმეთა მინისტრისთვის უცნობია ის არქიტექტურაც, რომლითაც ბათუმში მეჩეთი აშენდება.
კომენტარი