ოცნების აბერაცია
"ტაბულა", ზურაბ ოდილავაძის ბლოგი
I. დიდი შეცვლა
ბ.ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, არა მხოლოდ პრესა, ტელევიზია და ვირტუალური სამყარო, არამედ პრაქტიკულად მთელი ერი, ერთობ დამაბნეველ ,,თამაშში” - ,,მესიას” მუდმივად ცვალებადი შეხედულებებით გამოწვეული, არგუმენტების ომში ჩაება. მილიარდერის მიერ ძირფესვიანად მოქრთამული ,,ელიტური საზოგადოება”, ბითუმად ნაყიდი მედიასაშუალებები, ,,დამოუკიდებელი” ექსპერტები, პარტიები და მათი ლიდერებიც კი, ,,პატრონის” პოლიტიკური პროგრამის დებულებებს, დღემდე, კონკრეტულად ვერ აყალიბებენ. გასაკვირიც არაფერია - ,,ბატონი ბიძინას“ ელვისებური მეტამორფოზები, სრულიად შეუსაბამო პოლიტიკური განცხადებები, გამოცდილ ,,მეოცნებეს კრემლიდან” (ჰერბეტ უელსი), ვლადიმერ ლენინსაც კი გააკვირვებდა! აგრეთვე შეუძლებელია, კოალიცია ,,ოცნებაში” გაერთიანებული სუბიექტების მიხედვით, ჭკუასთან ახლო რაიმე დასკვნების გამოტანაც, რადგან ამორფული კონგლომერატის ნაწილებს, გარდა მ.სააკაშვილისადმი სიძულვილისა და ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილისა, საერთო არაფერი აქვთ, მათ არც მსგავსი ღირებულებები აკავშირებთ.
მოკლედ, ახირებული მუშტრის წამოცდენების გათეთრების, უხვად ანაზღაურებად და ერთადერთ რეალურ საქმეში, ,,მომსახურე პერსონალს”, უკვე სიქა გასძვრა. თუმცა, თამაში, გაღებულ მსხვერპლად ნამდვილად ღირს! ამ იდეებისგან დაცლილი კრებულის შედუღაბების ერთადერთ ჭეშმარიტ მიზეზს, რომელზე საუბარსაც, ყველასა და ყველაფერზე განაწყენებული დეიდები და ,,სექსუალურად მოწიფული” მამაკაცები, მორცხვად თავს არიდებენ, ხომ ,,მამონა” წარმოადგენს! მომნუსხველი ,,ოქროს ხბო” კი, ძველებურად თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებს, ის კვლავ მონუმენტურად მყარია და, როგორც ჩანს, ამ ადამიანების სულიერ მისწრაფებებს სავსებით აკმაყოფილებს. მით უმეტეს, სულ ახლახანს, სასიხარულო ცნობაც მოვიდა - პრემიერობის სურვილით შეპყრობილი ,,ფილანტროპის” ქონება, კიდევ ერთი მილიარდით გაიზარდა, რამაც, სავარაუდოდ, მთავარი მეოცნების ,,პროდუქტიულობაც” უნდა გაზარდოს!
ამასობაში, ხსენებულმა არგუმენტების ომმა, პრობლემის არსი სრულიად დაგვავიწყა! ,,საყოველთაო ბედნიერებასა”, ,,უფასო” ჯანდაცვასა თუ ყოვლისმომცველ დაზღვევაზე (არავის წარმოუდგენია გათველები - საიდან, რა სახსრებით?) გაცემულმა დაპირებებმა, გადაფარა საქართველოსთვის მთავარი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა - რუსეთის იმპერიიდან თავის დახსნა! იმის გარკვევაში, თუ ვინ იცავს დავით გარეჯს და ვინ ყიდის, ვინ აშენებს ხიდებს და ვინ ანგრევს, რამდენად კანონიერია ბ.ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეჩერება თუ ჩამორთმევა, ხალხს რუსული საფრთხე მიავიწყეს და ,,მტრის ხატი”, როგორც ხელისუფლების გამონაგონი, აბუჩადაც კი ააგდებინეს. არა და, ქართველების წინაშე, აგერ უკვე მესამე საუკუნეა, როგორც უკვე აღვნიშნე, ერთი ძირითადი საკითხი დგას - რუსეთი! შესაბამისად, მრავალი გარეგნული განსხვავევების მიუხედავად, ამ პრობლემის გარშემო, ორი რადიკალურად დაპირისპირებული ძალა იბრძვის: ერთი - ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული, ხოლო მეორე - იმპერიის ინტერესების გამტარებელი. სხვა, უბრალოდ, ჯერ, არც ყოფილა... ეს უკანასკნელი ძალა, დღესაც ძველთაგან ცნობილ ხრიკს მიმართავს: ,,ამხანაგები”, კონკრეტული გეგმისა და მასში გადასახდელი ,,ფასის’’ გაცხადების გარეშე, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების ,,დალაგებით” იწყებენ, ხოლო შემდეგ, ნარნარად, იმპერიის წიაღში დაბრუნებით ამთავრებენ. ასეთია, ჩრდილოელ მეზობელთან ფლირტით გატაცებული ,,ეკვილიბრისტების” ისტორიული გზა...
,,საყოველთაო ბედნიერების”, იგივე ,,სათაგურში უფასო ყველის” საბჭოური გამოცდილება, ქართველებს უკვე გვაქვს, არც რუსული ჩექმის ,,მადლი” გვაკლია... მაშ, რაშია საქმე? როგორ მოხერხდა რუსული ოკუპაციის ტკივილის განელება? როგორ განხორციელდა საქართველოში რუსეთის სულიერი თუ დაქირავებული აგენტების თემის, ხელისუფლების მიერ სოციალური პრობლემიდან ყურადღების გადატანის მცდელობით შერაცხვა და ლამის მასხრად აგდება? ესეც ძველი და გამოცდილი მეთოდია - პირველხარისხოვანის ნაკლებმნიშვნელოვანით შეცვლა, ანუ აბერაცია, რუსი კრიმინალების ენაზე - ,,სმენკა”!
რათა დამაბნეველმა დებატებმა, პრობლემისგან შორს არ წაგვიყვანოს და გამდიდრებაზე ფუჭმა ოცნებამ არ ,,წაგვიღოს”, ვცადოთ საქმეს ოდნავ რეალისტურად შევხედოთ. ამისთვის საკმარისია, თუნდაც საქართველოს ისტორიის სკოლის სახელმძღვანელო გადავშალოთ და უმალ დავინახავთ, რომ იქ უფასო ჯანდაცვასა თუ ხიდების მშენებლობაზე არაფერია ნათქვამი, სამაგიეროდ, მთელი ტომი დათმობილი აქვს ერთადერთ პრობლემას - საქართველო- რუსეთის ურთიერთობას. ისტორიულად ეს საკითხი, იმდენად საჭირბოროტოა ჩვენთვის, რომ ჯერ სხვა საქმეებისთვის, ისე რომ უნდა, ვერც კი მოვიცალეთ.
არაფრისმომცემ დისკუსიებში კი, გამიზნულად დაიკარგა მთავარი - რა ორიენტაციისაა ახლადწამოჩიტული პოლიტიკოსი - ის ბიძინაა თუ ბორისი? საით უნდა მას წაგვიყვანოს - ევროატლანტიკური ბლოკისკენ თუ პუტინის რუსეთისკენ? მოკლედ, ამხანაგო ,,მეოცნებეებო”, ნუ გვაბნევთ და, როგორც იტყვიან, ,,დავუბრუნდეთ საწყისებს”. აი, ასეთი, ერთი შეხედვით, ,,მარტივი” გადასახედიდან, დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებს თვალი მივადევნოთ და შემდეგ, ბევრი დავის გარეშეც, ყოველივე ცხადი გახდება. დანარჩენი კი თავისუფალი ნებისა და გემოვნების საკითხია - პიროვნული სიმპათიებისა თუ ანტიპათიების მიუხედავად, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, გააკეთო არჩევანი, თუ რომელ მხარეს გსურს დადგე შენ...
II. ,,რეპიდან“ ,,ჩასტუშკებამდე“
დასაწყისისთვის, განწყობის შესაქმნელად, ბ.ივანიშვილის პირველ ,,ბგერებს” შეგახსენებთ: ,,რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო”; ,,რუს ხალხს მოსწონს პუტინი”; ,,რუსეთთან რიტორიკა უნდა შერბილდეს და საერთაშორისო დონეზე დეოკუპაციის საკითხი აქტიურად აღარ წამოიწიოს”; ,,აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კონფლიქტის მხარეები არიან”,- ამ ,,ევრაზიული ოცნების” მელოდიას, პუტინ-ლავროვის ცნობილი ,,ჰიტის” ,,რემიქსი”, ახლა უკვე ბორისის მიერ მონოტონურად განმეორებადი ,,რეპის” სახით, ფონად გასდევდა: ,,პრობლემა მხოლოდ ერთ ადამიანშია - ეს სააკაშვილია და ის უნდა წავიდეს! ,,პრობლემა... სააკაშვილშია... უნდა წავიდეს... წავიდეს!“
ბორისის ადრინდელ ,,ჰიტებზე” ბევრი საუბრით, თავს აღარ შეგაწყენთ და მხოლოდ ,,დასავლეთზე ორიენტირებული” ,,რეპერის”, ,,ამერიკის ხმის” კორესპონდენტისთვის ახლახანს მიცემულ ინტერვიუდან, მოკლე ,,ჩასტუშკებით” შემოვიფარგლები: 1. ,,უნდა დაველოდოთ დროს, როცა მოხდება ჩვენი ინტერესების თანხვედრა რუსეთთან”,- ელემენტარულ აზრს მოკლებული ეს ,,რეჩიტატივი”, მხოლოდ ასეთი კითხვის დასმის საშუალებას იძლევა - ამგვარ საოცნებო ,,დროს”, ვინმე მოსწრებია, თუ რუსეთზე, საქართველოს გავლით, ახალი ყიზილბაშების თავდასხმას უნდა დაველოდოთ?; 2. ,,ნატო ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას და სააკაშვილი ხელს უშლის. (სხვათა შორის, ეს სწორედ ახლა მომივიდა აზრად - ბიძინა ივანიშვილი),- ,,ფალცეტით” შესრულებული ამ ,,ჩასტუშკის” კომენტირებისგან, თავს შევიკავებ, მხოლოდ საკუთარი გამჭრიახობით მოხიბლული შემსრულებლის, ,,ოცნების” ბრენდად ქცეულ, გასხივოსნებულ ღიმილს შეგახსენებთ და დავძენ,- საქართველოს ,,ნატოში” გაწევრიანების მომხრე 70% მოსახლეობა, შენდობის იმედით, თავს დამნაშავედ ვხრით და ,,სკრეჩით” მოგმართავთ - ,,ბატონო ბორის, რუსეთისთვის ხელის შეშლისთვის, ჩვენ ბოდიში! უკაცრავად, ძმაო ვლად! გვაპატიეთ, ძმებო!”
ახლა კი ყურადღებით - დამაგვირგვინებელი ,,აკორდი”! 3. ,,საქართველო შეიძლება იყოს ნატოშიც და, ამავდროულად, იმეგობროს რუსეთთან. რუსეთისთვის არ არის ეს ყველაფერი პრინციპული”,- თვით ,,ჩასტუშკების” მაღალინტელექტუალური ჟანრის შემქმნელ რუს ხალხსაც კი შეშურდება, ამ ,,მარგალიტის” სისადავე! ჩვენ კი, რუსეთისთვის საქართველოს ,,ნატოში” შესვლის ,,არაპრინციპულობის” შესახებ ,,ტრეკის” გაგონებისთანავე, მხოლოდ ასეთი რითმული კითხვა შეიძლება აღმოგხვდეს: ,,ნუთუ, ბორის? ნუთუ, ვლად?”.
მაშ, რით აიხსნება, ჭორვილელი ,,რეპერის” ასეთი ,,წარმატება”? გასაკვირია, მაგრამ ,,მამონით” დაყრუებულ ,,ამხანაგებს”, თითქოს არც სმენიათ მედვედევის, ლავროვის და თვით ,,ვლადის“ მიერ მრავალჯერ ნამღერი ,,ორატორია” იმის შესახებ, რომ ,,რუსეთმა, 2008 წლის ომი, საქართველოს ,,ნატოში” სწრაფვის გამო დაიწყო... ,,ნატოში” სწრაფვის გამო... ,,ნატოს“ გამო...”
ამ მხრივ, განსაკუთრებით ყურადსაღები ამბავი, სულ ახლახანს მოხდა! საქმე შემდეგშია: რუსეთში აშშ-ს ელჩმა მაიკლ მაკფოლმა, მოსკოვში სტუდენტებთან შეხვედრისას ,,წაიღიღინა”, რომ რუსეთი აშშ-ს ,,ირანის საქართველოზე გაცვლას სთავაზობდა”! იმისდამიუხედავად, შემდეგ, რა დიპლომატიური ,,თამაშები” მოჰყვა ამ ,,წამოცდენას”, ყველამ კარგად დაინახა, თუ რამდენად ,,გულგრილია” რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხისადმი. მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ,,თავის ტკივილს”, რუსეთი ცვლის ,,პატარა” საქართველოში! აი, სწორედ ასეთია, როგორც მაკფოლის ,,წაღიღინებიდან” ირკვევა, დღევანდელ გეოპოლიტიკაში, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ხვედრითი წონა და არა ისეთი, როგორიც ბორისის საბჭოურ გულს სურს.
დამატებით შეგახსენებთ იმას, რომ ჩვენ დღემდე არ ვიცით მთავარი - ,,ნატოს” საკითხზე, რა შუალედურ შეთანხმებას მიაღწიეს ,,ოცნების” ,,მუსიკალური დასის” წევრებმა: ერთის მხრივ - ,,ასატრინისა” და ჟირინოვსკის დიდმა ტრფიალმა - კობამ, რუსეთის წყალქვეშა ფლოტის ფანმა - გოგიმ, მითოლოგიურ საქართველოზე შერყეულმა - გუბაზიმ, ამერიკულ ,,კოკა- კოლასთან” მებრძოლმა, სამტრედიელმა ქსენოფობმა - ,,ზვიადიმ“ და მეორეს მხრივ - ,,რესპუბლიკელებმა”- ალასანიამ,- ბოლო ბოლო, რაო - ,,ნატო” კარგია თუ ,,ბუაო”?
გავმეორდები და ვიტყვი, რომ რუსეთთან თანაცხოვრების დათბობით გულანთებული ეს ადამიანები, ვერ ამბობენ, თუ რა გზით და რის ფასად აპირებენ იმპერიასთან ურთიერთობების დალაგებას. ვერც იტყვიან, რადგან ისეთი ქვეყანა, რომელიც თან კეთილმეზობლობაშია იმპერიასთან და ამავდროულად, არაა მისი ვასალი, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს!
ახლა კი მხოლოდ ჩამოვთვლი იმ ლაფსუსებს, რომლებიც ბორისის საბჭოურ-ტოტალიტარულ მენტალობაზე მეტყველებს: ,,ევროპის დემოკრატიით გაკვირვება” მედიაზე გამუდმებული შეტევების ფონზე; ,,სოფლის მეურნეობით ქვეყნის ეკონომიკის აღორძინება”; ,,ლაქიების ერის” ჩამოყალიბების არ დაშვება, როდესაც ყველაზე მოწინავე ქვეყნებში, მომსახურეობის სფეროში, მოსახლეობის 60-80%-ია დაკავებული, - და... რა ვქნა?... უნდა ვაღიარო: ბ.ივანიშვილის არაპროფეონალიზმი და ელემნატარული ცოდნის სრული უქონლობა, სადღაც, გულის სიღრმეში მაფიქრებინებს, რომ ის არ გახლავთ რუსეთის მიერ შემოგზავნილი აგენტი და, უბრალოდ, ,,ჩემი ეკასა” და საკუთარ ამბიციებს აყოლილი, საბჭოელი კოლმეურნეა. მას ,,ცენტრიდან“ ბრძანებები არც სჭირდება, მისი მისწრაფებები რუსეთის გეგმებს, ისედაც ემთხვევა, რაც მინდა გითხრათ, საქმის არს სრულებით არ ცვლის...
მოკლედ, ნახსენები ბრენდირებული გასხივოსნებული ღიმილის ფონზე, სურს თუ არა ეს ბორისს, რუსული დივერსიული ოპერაცია საქართველოში, გადამწყვეტ ფაზაში შედის, მალე მას ჩვენს საზღვრებთან რუსული სამხედრო წვრთნებიც დაემატება. ასეთია თანამოაზრეთა სულიერი ,,უნისონი”.
P.S.
დემაგოგიური, უსაფუძვლო დაპირებებით დაბნეული ხალხი, კვლავ ქუჩაში გამოიყვანეს. მომიტინგეთა დიდმა რაოდენობამ კი, თავის მხრივ, ,,ოცნების” ლიდერების უსაფუძვლო ოფტიმიზმისა და აგრესიული ფანტაზიების აღზევება გამოიწვია. გამდიდრების მანიითა და პირადი ამბიციებით შეპყრობილ ,,მეოცნებეებს“, ხელისუფლების სიძულვილმა გონება დაუხშო და ისინი მზად არიან რუსული არჩევანი გააკეთოთ, ოღონდ საკუთარი ბოღმა დაიკმაყოფილონ! არ გა-მო-ვა! ის დრო, როდესაც პოპულისტური ლოზუნგებით ხალხის ,,აგდება” და ამითი სახელმწიფოს მყისიერი ჩამოშლის მიღწევა ერთდროულად ხდებოდა, დამთავრდა. ,,რუსულმა ოცნებამ“ დაიგვინა.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ბოლო, გადამწყვეტი ეტაპი დგება და იმისდა მიხედვით, თუ ვინ რომელ მხარეს აირჩევს, შესაბამის საზღაურსაც მიიღებს. ,,ოცნების” ლიდერებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი, რეალურად, არა ავტორიტარიზმს, არამედ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ებრძვიან.
ქართველი ერის მრავლსაუკუნოვანი ოცნებაა - დამოუკიდებელი, წარმატებული, დემოკრატიული, დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული ქართული სახელმწიფო და ჩვენ მას აუცილებლად ავაშენებთ. სულ ესაა, რისი თქმაც მინდოდა.
წყარო: "ტაბულა"
კომენტარი