სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბორის (ბიძინა) ივანიშვილი მსოფლიო პრესის ფურცლებზე

ბოლო თვეების მანძილზე, საზღვარგარეთ, ერთობ ინტენსიურად შუქდება ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა პოლიტიკურ სარბიელზე. ქვემოთ, კომენტარების გარეშე გთავაზობთ მცირე ამონარიდებს პრესიდან და ინტერნეტ-საიტებიდან: დავიწყოთ იმით, რომ ეს კაცი საზღვარგარეთ სწორედ „ბორისის“ და არა „ბიძინას“ სახელით არის ცნობილი.

საიტ eastbook.eu-ზე პავლე ხარკევიჩი ივანიშვილს უწოდებს ქართულ პოლიტიკაში ჩართულ „ტროას ცხენს“ და აღნიშნავს, რომ „მარტოსული, ჩრდილში ყოფნის მოყვარული ადამიანიდან, ოლიგარქი თვალდათვალ გადაიქცა ქართული პოლიტიკური სცენის ზვიგენად, რომელიც დაუფარავად ლაპარაკობს, რომ სურს წაართვას ძალაუფლება სააკაშვილის ბანაკს... ივანიშვილის ახლობლობაში იმყოფება მთელი ნაღები ედუარდ შევარდნაძის ყოფილი გარემოცვიდან. ხოლო, როდესაც ოლიგარქის პოლიტიკურ მოტივებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი გამოცდილების რუსული მარაგი და რუსეთის დიდი გავლენა, რაც არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს მის პოლიტიკურ მოღვაწეობაში“.

რუსი ბიზნესმენი ბერეზოვსკი GHN-ზე, თავის ინტერვიუში ადასტურებს, რომ მან იცის: „ივანიშვილს არა აქვს პრობლემები რუსეთში. ეს კი არის იმის ზუსტი კრიტერიუმი, რომ ბიზნესმენი თამაშობს რუსეთის ხელისუფლების თამაშის წესებით - როგორც გენებოთ, ისე იგულისხმეთ, მაგრამ ეს არის რუსეთის სასარგებლოდ მოქმედების 100%-იანი დასტური. რუსეთში არ არიან ბიზნესმენები, რომლებსაც არ ჰქონდეთ ხელისუფლებასთან პრობლემები და, ამავე დროს, ისინი არიან მათი პოლიტიკის მომხრენი და გამტარებლები. რადგანაც საქართველო რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრინციპული ნაწილია, და აგრეთვე იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა შესახებაც ახლა არ მსურს საუბარი, ვთვლი, რომ ივანიშვილს არ შეუძლია შეინარჩუნოს საქართველოს განვითარების დამოუკიდებელი ვექტორი; მე არ ვამბობ, რომ ის დღეს დაკავშირებულია რუსეთის ხელისუფლებასთან, მაგრამ მე ვერ გამოვრიცხავ ამ ვარიანტს“.

საიტ nregion.com-ზე Jamestown-ის ფონდის პრეზიდენტი, ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი ვლადიმერ სოკორი პოლიტიკოს ივანიშვილს მიიჩნევს „რუსეთის პროექტად“ და დასძენს: „მილიარდერი, რომელმაც წარმატება მოიპოვა რუსეთში, ცდილობს სახელისუფლებო ძალაუფლება დაიპყროს საქართველოში. მას სურს არჩევნების ყიდვა. სინამდვილეში არავინ უწყის, როგორ იშოვა მან ამდენი ფული. სახეზეა, რომ იგი გამდიდრდა პრეზიდენტ პუტინის წინა პრეზიდენტობის დროს; ხოლო პუტინის რუსეთში შეუძლებელია, ვინმე ისე, უბრალოდ გაამდიდრონ... ჩემი ფიქრით სრულიად ნათელია, რომ ეს საქმე რუსეთის დაპროექტებულია“.

„ვაშინგტონ-პოსტის“ მიმომხილველის, კეტი ლელის წერილში მავან მალკინის შესახებ, ვხვდებით შემდეგ პასაჟს: „რუს სენატორ-მულტიმილიონერ ვიტალი მალკინს, აშშ-ში სტუმრობისას არ მისცეს ვიზა კანადაში გასამგზავრებლად, იმ ჯგუფის წევრობის გამო, რომელიც ორგანიზებულ და ტრანსნაციონალურ დანაშაულობებთან არის დაკავშირებული“, - და იქვე, სასხვათაშორისოდ არის მიბმული ფრაზა: „მალკინმა თავისი ქონება დააგროვა ქართველ ოლიგარქ, ბიძინა ივანიშვილთან პარტნიორობით“.

ფრანგული „ფიგაროს“ ჟურნალისტი ლორა მანდევილი გაზეთის ფურცლებზე აღნიშნავს: „მილიარდერმა ივანიშვილმა დაიქირავა რიგი ლობისტური კომპანიებისა აშშ-ში, რათა მოახდინოს მისი მოწინააღმდეგის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დესტაბილიზაცია“.

იმავე გაზეთის სხვა მიმომხილველი, იზაბელ ლასერი კი წერს, რომ „გაზპრომის“აქციონერი ყველა ძალას ხმარობს, რათა დაიკავოს პრეზიდენტის პოსტი 2013 წელს“... „რუსეთიდან დაბრუნდა 2005 წელს, სადაც მან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იშოვა ფული... ივანიშვილმა შეძლო ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზება თავისი ზღვარდაუდებელი ფინანსური საშუალებებით. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მისი გამოჩენა პოლიტიკურ არენაზე მოსკოვში დადგმული რეჟისურაა. როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი აქტივების ნაწილს შელეოდა თავისი კამპანიის დასაფინანსებლად, გაყიდვებს აწარმოებდა პუტინთან დაახლოებულ ხალხში. მისი წინასაარჩევნო პროგრამაც მოსკოვთან არის დაკავშირებული“. იქვე ავტორს მოჰყავს ივანიშვილის სიტყვები: „2008 წელს საქართველომ დაიწყო წინასწარ განწირული ომი რუსეთთან, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა. რუსეთის ულტიმატუმი გასაგებია: ნატო ან დაკარგული ტერიტორიები“.

წყარი: http://presa.ge/new/?m=politics&AID=18304

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100