სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე ყოფილი ცოლი ვარ

იყო დრო საქართველოში „ყოფილი ცოლი“ ბოზთან ან მომავალ ბოზთან ასოცირდებოდა. ყოველ შემთხვევაში ამ სტატუსის შეძენიდან მაქსიმუმ 1 წელი იყო ახალი სტატუსის შეძენამდე საჭირო. დღეს ყოფილი ცოლი სიკვდილთან, კუბოსთან, ნათელთან და სანთელთან ასოცირდება.

გამარჯობა, მე ყოფილი ცოლი ვარ...

და ჩემი ყოფილი ქმარი ისევე, როგორც სხვა ყოფილი ცოლების ყოფილი ქმრები მკვლელი არ არის...

რამდენიმე დღის წინ ჩემმა ყოფილმა ქმარმა ფეისბუქზე სტატუსი დაწერა „გადავწყვიტე მოდას ავყვე და ჩემი ყოფილი ცოლი მოვკლა... ამ პოსტს ორმოცდაათი ლაიქი თუ ექნება, მაშინ მოვკლავო...“ – და რა თქმა უნდა იმაზე მეტი ლაიქი დააგროვა ვიდრე ეს ჩემს სიკვდილს ჭირდებოდა.

არ ვიცი რომელი დიდი ტრაგედიაა – ის, რომ ქვეყანაში მკვლელობების დიდი სერია მიმდინარეობს, რომელზეც პასუხისმგებლობას მოქალაქეების, სახელმწიფოს თუ სასულიერო პირების უმრავლესობა ვერ გრძნობს, თუ ის, რომ ამ თემაზე ხუმრობა მოსულა.

მეგობარმა თქვა – მალე საელჩოებში მისვლა და ყოფილი ცოლის სტატუსით თავშესაფრის მოთხოვნა იქნება შესაძლებელიო (მხოლოდ ზიზღნარევი ირონიით), როგორ არ დავეთანხმო!

1. მოდა – სწორი ნათქვამია. მოდას დაემსგავსა ეს ტრაგედია რომელიც ქვეყანაში აგერ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება!

2. იყო დრო, როდესაც ამ თემაზე მაქსიმუმ ირონიული სტატუსები ჩნდებოდა სოციალურ ქსელში, მაგრამ ბოლო დროს ირონიაც გაქრა და რაღაც ჩვეულებრივ იუმორინას დაემსგავსა ჩემი სოციალური ქსელის კედელი.

ბოლო წელია ზოგადად ქალის მიმართ ძალიან უცნაურ დამოკიდებულებებს ვაწყდები. მაგალითად, წელს „კაზან–ტიპობისას“ განმუხურში ერთი არაჩვეულებრივი, ქართული ოჯახი გვმასპინძლობდა. ამ ოჯახის „უფროსი“ ცოლის ხსენებისას, იქნებოდა ეს სადღეგრძელოს დროს, თუ უბრალოდ დიალოგში, აუცილებლად ბოდიშს იხდიდა! „ბოდიში და ჩემს ცოლს გაუმარჯოს“, „ბოდიში და მე და ჩემი ცოლი“ და ა.შ.

თბილისში სიტყვები „კუხნა“ და „საწოლი“ „კუბომ და ნათელმა“ ჩაანაცვლა. „ქალი ვიცი მე კუბოში“, „ცოლი ვიცი მე ნათელში“ და მრავალი სხვა ასეთი კრეა–წ–იული ხუმრობები გაჩნდა.

აღარც ის ვიცი რომელი უფრო საწყენია – ის რომ ყოფილი ცოლი ხარ, რაც ნიშნავს იმას, რომ ოჯახი დაგენგრა, რაღაც ისე ვერ გამოვიდა, როგორც ამას ჯერ კიდევ მაშინ გეგმავდი, როდესაც ქორწილის დღეს თეთრ კაბაში შემოსილი, რომელიმე ზღაპრის გმირი გეგონა თავი, თუ ის, რომ „ყოფილი ცოლი“ ნელნელა ჩამოყალიბდა იმ ტრაგედიის სახელწოდებად, რომელსაც სიკვდილი ჰქვია...

მამაოებო, დედაოებო, მრევლო და ერთმორწმუნე ერო სად ხართ? – მე ყოფილი ცოლი ვარ და შეიძლება ხვალ ქმარმა სამსახურში, სახლთან, კაფეში, ეზოში, მანქანაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თქვენს თვალწინ მომკლას?!

ცოტა უცნაურადაც კი მეჩვენება თქვენთვის, იმ საზოგადოებისთვის ამ ყველაფრის წერა, რომლებიც შავკანიან ადამიანს ავტობუსიდან წიხლით აგდებთ იმიტომ რომ შავკანიანია! მრცხვენია...

მაშინ, როდესაც ათ კაციანი 17 მაისისთვის ასიათასობით ადამიანმა მოიცალეთ, ახლა იმ აქციაზე მყოფი ადამიანების რაოდენობაზე მეტი ქალი წევს მიწაში! აუცილებელია განგაშის ზარი პირდაპირ სამების ტაძრიდან გაიგოთ?!

ხშირ შემთხვევაში მაშინ, როდესაც ჩვენი პატრიარქი გამოდის და ქალებს მორჩილებისკენ და ქმრისთვის ფეხების ბანვისკენ მოუწოდებს უმრავლესობას მინიმუმ ფარული აგრესია უჩნდება მის მიმართ, თუმცა მოდით ვთქვათ, რომ მას ვერ მოვთხოვთ წმინდა მართლმადიდებლური წეს–ჩვეულებების (რომელიც თავიდან ბოლომდე პატრიარქალურია) დარღვევას და იმის თქმას, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია! მაგრამ... ჩვენ შეგვიძლია მას მოვთხოვოთ და განსაკუთრებით ახლა, ქალების დიდი მკვლელობის ეპოქაში, რომ კაცებსაც მოუწოდოს „არა ქალ კლან!“

ახალგაზრდებო, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის აქცია ძალიან კარგი იყო, ათიათასამდე ადამიანმა ვთქვით ეს ხმამაღლა კანცელარიასთან რამდენიმესაათიანი დგომით. გავაპროტესტეთ მცენარის გამო დაჭერილი ახალგაზრდების მდგომარეობა. მეც თქვენთან ერთად ვიდექი და ვცდილობდი „ბექას“ დაცვას! ჰოდა ახლა ახალგაზრდა ქალების მდგომარეობას, რომელსაც გარდაცვლილები ეწოდება ვეღარ შევცვლით, მაგრამ მე ყოფილი ცოლი ვარ და ჩემთვის დადექით!

ის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური მდგომარეობა, რომელსაც ქვეყანა განიცდის, აღარაა ჯანმრთელი და ჯანსაღი. როგორ შეიძლება უწოდო ნორმალური ბატონი ღარიბაშვილის კომენტარს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით! ბატონო პრემიერო, მაშინ, როდესაც მედია არ იყო ისეთივე მგრძნობიარე ასეთი საკითხების მიმართ, როგორიც ახლაა და არ აშუქებდა „ოჯახში ვიღაცამ ვიღაცა მოკლა“ – ფაქტებს, ალბათ იტყოდით, რომ მედია არ იყო თავისუფალი, ახლა კი, როდესაც ეს ყველაფერი შუქდება (ცალკე თემაა რამდენად სწორად შუქდება ეს ყველაფერი) ამბობთ რომ ეს უსამართლობაა. უსამართლობაა!

რაც შეეხება შედეგებს, რომლებიც ამ საყოველთაო მკვლელობებს მოყვება. გარდა იმისა, რომ ტრაგედია ხდება, ადამიანები კვდებიან, ვიღაც დედის, ვიღაც დის, ვიღაც შვილის და ბევრი მეგობრის გარეშე რჩება, არსებობს კიდევ ერთი (და უკვე მერამდენე) საკითხი, რომელზეც არც თუ ისე ხშირად მახვილდება ყურადღება – დემოგრაფიული პრობლემა! ამ ქალების სახით ქვეყანას მოქალაქეები და რაც მთავარია ახალი ადამიანების, ახალი სიცოცხლეების შემქმნელები, გამჩენები აკლდებათ! წელს საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა მიმდინარეობს და უკვე ვიცით, რომ ოცდასამი ქალით ნაკლები იქნება, მაგრამ მომავალ ათ წელიწადში, როდესაც იგივე აღწერა ჩატარდება, რამდენი ადამიანით ნაკლები იქნება ამ კონკრეტული ქალების მკვლელობის გამო კაცმა არ იცის! რამდენ ახალ სიცოცხლეს დაბადებდნენ ეს ქალები მერე ლელა კაკულიას ვკითხოთ?!... და თუ ეს მარაზმი არ დავასრულეთ, თუ ამ ცოლებზე და ყოფილ ცოლებზე ყველამ ერთად არ ვიზრუნეთ, კიდევ რამდენით გაიზრდება ეს ციფრი ღმერთმა იცის...

მედია, რომელსაც აქვს უდიდესი გავლენა და ძალა არსებული რეალობის წინააღმდეგ იმოქმედოს! იმის გარდა, რომ უნდა დაეთმოს დრო ქალისა და მამაკაცის, გენდერული თანასწორობის საკითხს, აუცილებლად უნდა გაშუქდეს არა მხოლოდ ამ ქალების მკვლელობები (რომლის სწორად გაშუქებასაც მეტი სწავლა და პასუხისმგებლობით მოკიდება სჭირდება) არამედ უნდა გაშუქდეს იმ ქალების ბედიც, რომლებმაც თავის დროზე საკუთარ ოჯახში არსებული ძალადობის წინააღმდეგ გაილაშქრეს, დაივიწყეს რომ წასასვლელი არსად ჰქონდათ, რომ მშობლების მხარში ამოდგომის იმედი არ ჰქონდათ, რომ საზოგადოებისგან გარიყვა ელოდათ, მიაკითხეს სპეციალურ სამსახურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სასამართლოს და დაცვა მოითხოვეს!

რაც შეეხება ქალების და მხოლოდ ქალების იმ პირველ და მთავარ შეცდომას რომელსაც აგერ უკვე რამდენი წელია უშვებენ: ოჯახში, ან მის გარეთ (განქორწინების შემდეგ) მათზე განხორციელებულ ძალადობას იტანენ და მალავენ. მიზეზებზე საუბარი შორს წამიყვანს და არაფრის მთქმელია. ყველამ ვიცით, რომ ძალადობას ზოგი იტანს იმიტომ, რომ რელიგია ეუბნება, ზოგი იმიტომ, რომ საზოგადოების აზრის, ზოგს კი საკუთარი მშობლების ეშინია (რაც ყველაზე მეტად მაცოფებს ალბათ) და უმრავლესობას საშუალებაც არ აქვს იმის, რომ სახლიდან წამოვიდეს და დამოუკიდებლად იცხოვროს. ეს პრობლემები ერთმანეთზე ისეა გადაჯაჭვული, რომ ყველა მხრიდან დახმარება სჭირდება, როგორც ჩვენგან, საზოგადოებისგან, რომლის უმრავლესობაც ყოფილ ცოლებს აძაგებს, ამკობს ათასი სისულელით და ექცევა ისე, როგორც არასდროს მოუნდება, რომ თვითონ მოექცნენ, ისე სახელმწიფოსგან და იმ სასულიერო პირებისგან, რომლებიც ნებისმიერი სახის ძალადობას სულელურ გამართლებას უპოვნიან და სამოთხის იმედით ჩვენგან ატანას ითხოვენ! ამ ქალებს კი, რომლებსაც ყველა ზემოთხსენებულიდან ერთი მიზეზის გამო მაინც იკავებენ თავს მიაკითხონ არსებულ სამსახურებს, რომლებიც საქართველოში რეალურად მუშაობენ და შესწევთ იმის ძალა, რომ დაიცვან მოძალადები ქმრებისგან ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ, დავანახოთ, რომ მათ მხარეს ვართ, რომ ვგმობთ ძალადობას, რომ არაა სირცხვილი „ოჯახური პრობლემების“ გარეთ გამოტანა (როგორც ამას ის ძველი თაობის წარმომადგენლები იტყოდნენ, რომლების რჩევაც იქნებოდა – „მაქსიმალურად შეინარჩუნე ოჯახი შვილების გამო“ და რეალურად ეს შვილებიც ისეთივე მოძალადეები შეიძლება გაიზარდონ, როგორ გარემოშიც უწევთ ცხოვრება) მაშინ, როდესაც საქმე უკვე მკვლელობებამდე მიდის და ეს ქალები გამოვლენ!

მოექეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ – ეს ის შეუფასებელი წესია, რომელსაც ამ შემთხვევაში ასე ვიტყოდი: მოიქეცით ისე, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ, ოღონდ იქამდე, სანამ იგივე ტრაგედია თითოეულის ოჯახში შემოაღებს კარს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100