სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მგრძნობიარე თემაა, მაგრამ ვფიქრობ, საკითხი „არემჯის“ სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს“

„დაკონსერვებული“ პრობლემები და გაჭიანურებული სასამართლო პროცესები – უკვე წელიწადნახევარია „არემჯი გოლდი“ სრულყოფილ საქმიანობას ვერ ახერხებს. საყდრისი–ყაჩაღიანის საბადოზე სამუშაოები თითქმის შეჩერებულია და კომპანია მხოლოდ მესამედი დატვირთვით მუშაობს. შედეგიც უკვე თვალნათელია – ოქრო საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ათეულს მიღმაა. 2013 წელთან შედარებით ოქროს ექსპერტი 2–ჯერ არის შემცირებული და 9 თვის მონაცემებით ექსპორტზე მხოლოდ 27,9 მლნ აშშ დოლარის დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქროა გატანილი.

„ძალიან მგრძნობიარე თემაა, მაგრამ ვფიქრობ, საკითხი ინვესტორის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს“, – ასე აფასებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ემზარ ჯგერენაია საყდრისი–ყაჩაღიანის საბადოზე არსებული ვითარებას.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება შესაძლო არტეფაქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუზეუმში გადატანა, სადაც საერთაშორისო ექსპერტთა მონაწილეობით ძეგლის სრულფასოვანი კვლევა და მისი ისტორიული მნიშვნელობა დადგინდება.

„ასეთი პრეცენდენტები მსოფლიოში არსებობს“, – ამბობს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ კვლევის პროცესში არა მხოლოდ გერმანელი, არამედ სხვა ქვეყნებიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტები უნდა ჩაერთონ და ამისათვის დაფინანსებაც გამოიძებნოს.

ჯგერენაია მიიჩნევს, რომ მაქსიმალურად პატივიცემით უნდა იქნას განხილული ყველას აზრი, თუმცა სახელმწიფომ საკუთარი ფუნქცია უნდა შეასრულოს და გადაწყვეტილებები დროულად უნდა მიიღოს.

ახალი ეკონომიკური სკოლის ხელძღვანელი, პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ მხარეები სამართლებრივ ჩარჩოებს არ უნდა გასცდნენ და ყველაფერი კონტრაქტის პირობების დაცვით უნდა გადაწყდეს.

„ვითარება არის ძალიან მარტივი, არსებობს კონტრაქტი და ეს კონტრაქტი უნდა შესრულდეს. თუ ვინმე ვერ ასრულებას კონტრაქტს, უნდა მოხდეს დოკუმენტით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება. თუ ერთმა მხარემ შეცვალა კონტრაქტის პირობები, მაშინ მეორე მხარემ სასამართლოს უნდა მიმართოს და პირობების დაცვა მოითხოვოს. თუ მოხდა ისეთი ცვლილება, რასაც კონტრაქტი არ ითვალისწინებდა, მაშინ აქცენტი უნდა გაკეთდეს კანონზე, კონსტიტუციაზე და ეს პროცესი სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა არ უნდა გამოვიდეს“, – ამბობს პაატა შეშელიძე.

სასამართლო პროცესი კულტურის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ახლაც მიმდინარეობს, სადაც კომპანია მესამე მხარედ არის ჩართული, თუმცა დაუსრულებელი პროცესის გამო, „არემჯი გოლდი“ ამჟამად ვერ ახერხებს სალიცენზიო ტერიტორიაზე სრულყოფილ ოპერირებას, ახალი საბადოს ათვისებას და შედეგად კომპანია საწარმოო და საინვესტიციო შესაძლებლობებს ვერ ითვისებს. კომპანიას არსებული ლიცენზიის ფარგლებში საქმიანობის უფლება 2015 წლის 1 იანვრამდე აქვს. ამ პერიოდის შემდეგ, უკვე მეორე ლიცენზია ამოქმედდება, რომლის მფლობელი Mining Investments -ია. ამ უკანასკნელთან კი „არემჯის“ პარტნიორული ურთიერთობები გააჩინია. აღნიშნული 27– წლიანი ლიცენზია Mining Investments –მა 2012 წელს 110,5 მლნ აშშ დოლარად შეიძინა.

ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ თუკი კომპანია საბადოს ვერ აითვისებს, „არემჯის“ საქმიანობა საქართველოში წამგებიანი იქნება, რადაგანაც დანარჩენ სალიცენზიო ტერიტორიაზე მადანში ოქროს შემცველობა ძალიან დაბალია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კომპანია ახალი მყიდველის მოძიებასაც კი ვერ შეძლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100