სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი თაობის პირადობის მოწმობების გაცემა 1 აგვისტოდან იწყება

ხვალიდან, 1-ელი აგვისტოდან, ახალი თაობის პირადობის მოწმობების - ID ბარათების გაცემა დაიწყება. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, ეს თარიღი ბათუმის იუსტიციის სახლში ოფიციალური პირების მონაწილეობით საზეიმოდ აღინიშნება და ნინო ქათამაძის კონცერტი მიეძღვნება.
ახალი ბარათი მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისაგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ამ საბუთით პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით არის შესაძლებელი. იგი ელექტრონული დოკუმენტების ციფრული ხელმოწერით დადასტურების საშუალებას იძლევა. მოქმედი კანონმდებლობით, ასეთ დოკუმენტებს იურიდიული ძალა ექნება.
ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება მხოლოდ დღეს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ვადის გასვლის, დაზიანების, დაკარგვის, მისი მფლობელის სახელის ან გვარის შეცვლისა და მასში უზუსტობის აღმოჩენისას არის სავალდებულო. სხვა შემთხვევებში კი მისი აღება სურვილისამებრ მოხდება.
როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში განმარტავენ, ახალი ბარათი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას, ბიზნესსაქმიანობის ეფექტურობას და ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. მოქალაქეებს მისი გამოყენება საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობისას, სხვადასხვა საბანკო ტრანზქციის შესრულებისას (მაგალითად, საბანკო გარიგებისა და ხელშეკრულების დისტანციურად გაფორმებისას) და ა.შ. შეეძლებათ. ეს კი ტრანზაქციულ დანახარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
მისი აღება 30 ლარი ეღირება. სოციალურად დაუცველთათვის კი შეღავათები დაწესდება.
ID ბარათის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება მოქალაქეებს დღეიდან ვებგვერდის - http://www.id.ge ან იუსტიციის სახლის ვებგვერდის-http://www.house.gov.ge - მეშვეობითაც შეეძლებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100