შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წყვილის ჰიტად ქცეული გამოსვლა სცენაზე (ვიდეო)
3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეს აღნიშნავს. საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული განმარტებით, ტერმინი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი“ გულისხმობს პირს, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივი ეფექტის მქონე ფიზიკური, სულიერი, ინტელექტუალური ან მგრძნობელობითი ნაკლოვანებები, რომელმაც სხვადასახვა ბარიერთან შეხებისას შესაძლოა ხელი შეუშალოს პირს სხვებთან თანასწორ პირობებში; სრულად და ეფექტურად მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამასთან, აღირებულია, რომ „შეზღუდული შესაძლებლობები“ განვითარებადი ტერმინია.
ადამიანის უფლებათა ყველა საერთაშორისო კონვენცია, ოქმი, პაქტი და ა.შ. ხელს უწყობს და იცავს ყველა ადამიანს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს.
მთელ რიგ საკითხებში ქართული კანონმდებლობა წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტებთან, კერძოდ, კონვენციასთან „შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირების უფლებების შესახებ“. საზოგადოების დანარჩენი ნაწილის დამოკიდებულებაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მიმართებაში, ხშირად არ ჯდება ცივილური დამოკიდებულების ჩარჩოებში.
სახელმწიფოები აღიარებენ ვალდებულებას გამოიყენონ თანასწორობისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პრინციპები შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად, საქართველომ უნდა გაითვალიწინოს არსებული პრეცედენტები და საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს შიდა კანონმდებლობა.
ისინი ჩვენგან თანაგრძნობასა და უსაფუძვლო შეღავათებს კი არა, იმას მოითხოვენ, რომ საზოგადოების სრულყოფილ წევრებად მივიჩნიოთ – ისინი ხომ ხშირად ჩვენი დედები, მამები, შვილები და უბრალოდ, ჩვენი ქვეყნის ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორადაც თავად მივიჩნევთ თავს, არადა, ფაქტია, რომ საქართველოში ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი, როგორც საზოგადოების, ასევე ხელისუფლების მხრიდან.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით „დრონი.ჯი“ გთავაზობთ ვიდეორგოლს, რომელიც ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეძღვნება, ნიშნად იმისა, რომ ხელოვნების ნიმუშის შექმნა ან მისი წარმოჩენა ნებისმიერ ადამიანს ხელეწიფება. ვიდეორგოლი თავდაპირველად ეთერში 2007 წელს, ჩინეთის ტელევიზიით გავიდა და მასზე უნიკალური მოცეკვავე წყვილია აღბეჭდილი, რომელმაც CCTV-ს მიერ მოწყობილ კონკურსში 7.000 მონაწილეს შორის გაიმარჯვა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა შეზღუდული შესაძლებლობის პირებმა მსგავს, ფართომასშტაბიან კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, მათ მიერ შესრულებული ცეკვა კი სულ მოკლე ხანში იქცა ჰიტად.
ამ ვიდეორგოლში მონაწილე წყვილიდან გოგონა 2007 წელს 30 წლის გახლდათ. ის ბავშვობიდანვე ცეკვავდა, მერე კი ავტოკატასტროფაში მარჯვენა ხელი დაკარგა და რამდენიმე წლის განმავლობაში დეპრესიაში იყო. მოგვიანებით მან შეძლო, საკუთარ თავში ძალა ეპოვა და ცხოვრებისთვის ისევ მომავლის იმედით შეეხედა. ქალმა გაიცნო მამაკაცი, რომელსაც სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის დროს მიღებულმა ტრავმამ მარცხენა ფეხის გარეშე დატოვა. იმის მიუხედავად, რომ მამაკაცი არასდროს ყოფილა დაინტერესებული ცეკვით და ზოგადი მომზადებაც კი არ გააჩნდა, წყვილმა ხანგრძლივი, დაუღალავი მეცადინეობის შემდეგ ასეთ შედეგს მიაღწია...
კომენტარი