პრეზიდენტმა აჭარაში სათხილამურო ტრასა გახსნა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს აჭარის მაღალმთიან რეგიონს სტუმრობდა, სადაც ახალი საბაგირო გზა და 1 800 მეტრი სიგრძის სათხილამურო ტრასა გახსნა. ამ ახალ ტურისტულ ზონაში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო და დაპირებისამებრ, სამუშაოების პირველი ეტაპი ზამთრის სეზონისთვის უკვე დასრულებულია.
მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი სათხილამურო სკოლის მოსწავლეებთან, ლევან ვარშალომიძესთან და ხულოს დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად ახალი საბაგიროს პირველი სტუმარი გახლდათ და გონდოლებით გასეირნების შემდეგ სათხილამურო ტრასაზეც ისრიალა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, მნიშვნელოვანია მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ახალი კურორტის განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის, რადგან ხელს შეუწყობს მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ამ ადგილს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტად აქცევს მთელი საქართველოს მასშტაბით. მისივე თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს ის პროექტები, რომლებიც ხელისუფლების ცვლილებამდე დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მთავრობა დაწყებული მშენებლობების სრულყოფისთვის თანხებს აუცილებლად გამოყოფს.
ახალი საკურორტო ზონის მშენებლობისთვის ქართულ-ავსტრიული ერთობლივი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, გამოიყო 12 მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო ინვესტიცია, ხოლო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ავსტრიული კომპანია „დოპელ მაიერი“ კრედიტით 10 მილიონი ევროს სამუშაოებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ახალ საკურორტო ზონაში 4 კმ-იანი საბაგირო აშენდება, რომლის 2კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა ამ ეტაპზე დასრულებულია.
თანამედროვე საბაგიროს დამონტაჟება ავსტრიული კომპანიის „დოპელ მაიერის“ მიერ განხორციელდა. ახალი კურორტის მშენებლობაზე 200-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული.ახალ კურორტს ტურისტების მიღება წელიწადის ნებისმიერ დროს შეუძლია. უკვე ამოქმედდა 16 ნომრიანი სასტუმრო „გოდერძი“ და მიმდინარეობს კოტეჯების მშენებლობა. ამჟამად დამონტაჟებულია წყლისა და ელექტრომომარაგების ახალი სისტემები. ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.
კომენტარი