ბოლო ცნობები ლაფანყურიდან და ლოპოტას ხეობიდან - სპეცოპერაციის დეტალები
თელავის რაიონის პატარა, მანამდე არაფრით გამორჩეული სოფელი ლაფანყური ისევ საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. სოფლიდან დაახლოებით 19-20 კმ-ში, ლოპოტას ხეობაში განლაგებულ ტყის მასივზე საქართველოს შსს-ს მიერ დაწყებული სპეცოპერაცია 29 აგვისტოს, დღის ბოლოს გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, თუმცა, სპეცოპერაციის დასრულება ხეობაში ჩამოწოლილმა ნისლმა გადადო. რთული რელიეფის გათვალისწინებით შეჩერდა დევნა, რომელიც 28 აგვისტოს ღამიდან ხორციელდებოდა.
ამ სტატიის მომზადების დროისთვის, დაახლოებით ღამის 01.00 საათზე ლოპოტას ხეობაში ისევ რჩებიან შსს-ს დანაყოფები. როგორც პოლიციის თანამშრომლები არაოფიციალურ საუბრებში აცხადებენ, შეიარაღებული ჯგუფის დარჩენილ წევრთა გადაადგილების მარშრუტი და პერიმეტრი დადგენილი და კონტროლირებადია. ინფორმაციის დამუშავება დღის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატების მიერ მიღებული ინფორმაციის დამუშავებით ხდებოდა.
ამასთან, დევნის ობიექტი „ბოევიკების“ საბრძოლო რესურსი თანდათან მწირი გახდა, რაც წინააღმდეგობის გაწევის შესუსტებაშიც გამოიხატა, სამაგიეროდ, საქართველოს შსს-ს დანაყოფებმა მიიღეს შევსება: დაახლოებით საღამოს 11.00 საათზე ლოპოტას ხეობის მიმართულებით შსს-ს კუთვნილი სამხედრო ტიპის მანქანები ავიდნენ, რომელთა ძარა სასმელი წყლით, მშრალი ულუფით და, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალებით იყო დატვირთული. ლოპოტას ხეობის მიმართულებით, ლაფანყურის გავლით გადაადგილდებოდნენ ასევე სპეცრაზმის წევრები, ანუ, სავარაუდოდ, სპეცოპერაციის მონაწილეებმა შევსება ცოცხალი ძალის სახითაც მიიღეს.
ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმ ლიკვიდირებული 11 „ბოევიკის“ შესახებ, რომელთა განადგურება ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს გახდა გარდაუვალი მას შემდეგ, რაც არ მიიღეს ქართული მხარის შეთავაზება დანებების შესახებ. მათ შესახებ ოფიციალურად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
ცნობილი გახდა სპეცოპერაციის დაწყების დეტალებიც. ტყეში საქეიფოდ წასული ხუთი ახალგაზრდა დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა მძევლებად აიყვანეს. ამის შემდეგ ქართველმა მესაზღვრეებმა, რომლებიც პერიმეტრზე პატრულირებდნენ, შეიარაღებულ პირთა ჯგუფი შენიშნეს და მათთან მოლაპარაკების შემდეგ მძევლად აყვანილ რიგით ქართველ მოქალაქეებს თავიანთი ნებით ჩაენაცვლნენ.
გათავისუფლებული 5 ქართველი ახალგაზრდის სოფელში დაბრუნების შემდეგ საპატრულო პოლიციისთვის ცნობილი გახდა საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული პირების შემოჭრისა და მათთან მძევლად მყოფი მესაზღვრეების შესახებ. შსს-მ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა ოფიცრები, რომლებმაც „ბოევიკებს“ დანებება შესთავაზეს, თუმცა, მათი წინადადება არ მიიღეს.
„ბოევიკებმა“ გადაწყვიტეს, ოფიცრებიც მძევლებად აეყვანათ, რა დროსაც დაიწყო ორმხრივი სროლა, რასაც შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სასიკვდილოდ დაჭრა მოჰყვა. ამის შემდეგ დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს შსს-ს დანაყოფებსა და „ბოევიკებს“ შორის მთელი ღამისა და დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ შეტაკებების დროს მოხდა 11 ბოევიკის ლიკვიდაცია, თუმცა, არის მსხვერპლი ქართული მხრიდანაც - დაიღუპა შსს-ს სპეცდანიშნულების ორი და თავდაცვის სამინისტროს ერთი თანამშრომელი - სამხედრო ექიმი.
სოფელ ლაფანყურში მთელი დღისა და ღამის განმავლობაში სიმშვიდეა. ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელში პანიკაა და ლაფანყურს მოსახლეობა ტოვებს, სინამდვილეს არ შეესაბამება: მოსახლეობა ჟურნალისტებთან ერთად სოფლის ცენტრშია შეკრებილი. სოფლის შემოსასვლელი და ხეობასთან მოსაზღვრე პერიმეტრი კონტროლდება საპატრულო პოლიციის მიერ, მოსახლეობასა და ჟურნალისტებს საფრთხე არ ემუქრებათ.
ხეობაშია შს მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც პირადად კურირებს სპეცოპერაციას, თელავში შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო შტაბი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით. შტაბის წევრები პერიოდულად გადაადგილდებიან თელავიდან ლოპოტას ხეობის მისადგომებისკენ. დაახლოებით შუაღამისას ლოპოტას ხეობიდან თელავის მიმართულებით გავიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც შსს-ს „პიკაპის“ ტიპის მანქანები აცილებდნენ, თუმცა, ლაფანყურში მყოფი ჟურნალისტებისთვის გაურკვეველი დარჩა, გადაჰყავდა თუ არა სასწრაფო დახმარების მანქანას დაჭრილები.
ბოლო ცნობების თანახმად,ლოპოტას ხეობა დატოვა შსს-ს რამდენიმე დანაყოფმა, თუმცა, ხეობაში ასული დამატებითი ძალების მობილიზაციის შემდეგ, დაახლოებით 01.00-ზე სპეცოპერაცია განახლდა.
კომენტარი