რამდენიმე რჩევა მათთვის, ვინც მარტო ხვდება ახალ წელს
ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 2% ახალი წლის ღამეს მარტო, სრულ მოწყენილობაში ატარებს. Droni.ge გთავაზობთ რამდენიმე კონკრეტულ და პრაქტიკულ რჩევას მათ, ვინც ახალ წელს მარტო რჩება.
1. პირველ რიგში, მარტო ყოფნით ტრაგედიას ნუ შექმნით, პირიქით - სრულიად დატკბით ამ მარტოობით, განა მოსაწყენი არაა მუდმივად თანამშრომლებისა და მეგობრების ცქერა? უყიდეთ საკუთარ თავს საჩუქრები და ლამაზად მორთულ ნაძვის ხესთან დადეთ. შეიძინეთ ბლომად ფოიერვერკი და ერთი ბოთლი კარგი ღვინო ან შამპანური. საკუთარი თავი ადღეგრძელეთ და იმდენი ფოიერვერკი ისროლეთ, რამდენიც გაგიხარდებათ. შეგიძლიათ კარგ მუსიკაზე წაიცეკვოთ კიდეც, იგიჟოთ და ბოლომდე დაიცალოთ.
2. თუ სახლში ყოფნა არ გსურთ, რომელიმე რესტორანში, სადაც კარგი საახალწლო პროგრამაა, ადგილი წინასწარ დაჯავშნეთ, შეიძინეთ ლამაზი სადღესასწაულო კაბა, სალონში თავი მოიწესრიგეთ და წადით რესტორანში. ისე უნდა გაერთოთ, რომ ყველას თავი დაამახსოვროთ. ეს დღე თქვენია და ხელს ვერაფერი შეგიშლით. ამით ბოლომდე უნდა დატკბეთ - რა იცით, რა ხდება? იქნებ სწორედ აქ შეხვდეთ იმ ადამიანს, რომელსაც ამდენ ხანს ელოდით? თან ნახეთ, რა დამაინტრიგებელი და მიმზიდველია: რესტორანში ახალი წლის ღამეს მარტო მჯდომი იდუმალი ქალი.
3. თუ ეს ვარიანტი არ მოგწონთ, შეგიძლიათ ბებიას და ბაბუას ესტუმროთ სოფელში - აგიზგიზებულ ღუმელთან გატარებულ ახალ წელს სულ სხვა ხიბლი და რომანტიზმი ახლავს თან. თუ ფოიერვერკებს წაიღებთ და ეზოში ნამდვილ ჯადოსნურ ღამეს მოაწყობთ, იქაურ ბავშვებსაც გაახარებთ, მოხუცებს კი ბევრს აცინებთ და ახალგაზრდობას გაახსენებთ.
4. არც ესაა თქვენთვის მისაღები? მაშინ წინასწარ აიღეთ მივლინება, შეიძინეთ ბილეთები და საახალწლოდ სხვა ქვეყანაში წადით. იქიდან აუცილებლად დაბრუნდებით შთაბეჭდილებებით სავსე, სასიამოვნოდ დამუხტული და გახარებული. განა ასე გატარებული ახალი წელი ნამდვილი საოცრება არაა? თან, ადვილი შესაძლებელია, იქ მეგობარიც კი იპოვოთ.
5. კიდევ ერთი მშვენიერი საშუალება სოციალური ქსელია, სადაც ადვილად აღმოაჩენთ თქვენსავით მარტოსულ ან უბრალოდ, მოწყენილ მეგობრებს, რომლებსაც სრულიად განსხვავებულ გარემოში სურთ ახალი წლის გატარება. ამიტომაც მოაწყვეთ მშვენიერი ღონისძიება რომელიმე კარგ რესტორანში და მოწვევა გაუგზავნეთ. დამიჯერეთ, თუ ეს დღესასწაული კარგად ორგანიზებული იქნება, ისინი აუცილებლად წამოვლენ და კარნავალიც შედგება. შესაძლებელია, თემატური საღამოც იყოს. ასე უფრო საინტერესოა.
6. დავიჯერო, არც ერთი ვარიანტი არ მოგეწონათ? მაშინ ისევ მარტო დარჩენა სჯობს სახლში, ლამაზად გაწყობილ მაგიდასთან. ჰო, მართლა - იქნებ თოვლის პაპა გამოიძახოთ და გაერთოთ? ისიც გაოცებული დარჩება და თქვენც ბევრს იცინებთ. ან იქნებ თავად იკისროთ თოვლის ბაბუობა და მეგობრებისა და მეზობლების ბავშვები გაახაროთ?
7. არც ესაა შესაფერისი? მაშინ ადექით და უბრალოდ, მეტროში ჩადით. ტყუილად გიკვირთ, ვერც კი წარმოგიდგენიათ, ღამის თორმეტ საათზე რამდენი ადამიანი დაგხვდებათ იქ. ეს მითი სულაც არაა სტატისტიკაა. ასე რომ, სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად აბსოლუტურად უცხო გარემოში აღმოჩნდებით, ერთმანეთს გაუღიმებთ და ბევრ სითბოს აჩუქებთ.
ნუ მოიწყენთ! მარტოობა ისეთივე მავნე ჩვევაა, როგორც სიგარეტის მოწევა. მას, უბრალოდ, უნდა გადაეჩვიოთ. გილოცავთ, ჩემო კარგებო და გისურვებთ ბედნიერ, ბედნიერ ახალ წელს.
კომენტარი