გაეროს ტრიბუნიდან მიხეილ სააკაშვილი რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრებს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაერო-ს 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.
როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს გააცნობს.
ამასთან, მისივე თქმით, ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიის, ფინეთის, ლატვიის, ლიტვის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ბოლივიის, მონღოლეთისა და ნიგერიის სახელმწიფოს მეთაურებს შეხვდება.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ბრაზილიისა და აშშ-ის პრეზიდენტების ინიციატივასთან "ღია მთავრობის თანამშრომლობის" დაკავშირებულ კონფერენციაში.
დღეს კი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბილ ქლინთონს შეხვდება.
ოფიციალური შეხვედრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი ამერიკული მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდება და ჩანიშნული აქვს რამდენიმე ინტერვიუ.
შეგახსენებთ, რომ 19-23 სექტემბერს ნიუ-იორკში გაერო-ს 66-ე გენერალური ასამბლეის გენერალური დებატები იმართება, საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა კი 22 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.
კომენტარი