სამი ადამიანი ემსხვერპლა ხანძარს რუსთავში
სამი ადამიანი ემსხვერპლა ხანძარს რუსთავში. ცეცხლი მეგობრობის 3 ნომერში, გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი კლინიკა "რუსთავში" გადაყვანის შემდეგ. კიდევ ერთ დაშავებულს ექიმები ამ დროისთვის ოპერაციას უტარებენ.
ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანების გამო საპატრულო პოლიციამ და მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს. გარდაცვლილია ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი. ხანძრისგან გამოწვეული კვამლით ინტოქსიკაცის გამო, საავადყოფოშია გადაყვანილი რამდენიმე დაზარალებული, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.
მეზობლები ამბობენ, რომ მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, სახანძრო მანქანას, რომელიც ადგილზე მივიდა, სპეციალური კიბე არ ჰქონდა. სწორედ ამის გამო, პანიკის ნიადაგზე, ერთ-ერთი ქალბატონი მეოთხე სართულიდან გადმოხტა.
„რატომ ეშინიათ სიმართლის თქმის ხალხო, ამოიღეთ ხმა და თქვით ყველაფერი. სასწრაფოები თავის დროზე არ მოდიან. სახანძროს კიბე რომ ყოფილიყო, ის ქალი არ გადახტებოდა მეოთხე სართულიდან. ხალხო ხმა ამოიღეთ, ასე იყო თუ არა. ძალიან კატასტროფა მოხდა ხალხო, სამი ადამიანის დაღუპვა. მაღლა პატარა ბავშვები ყავდა, მესმოდა, იხვეწებოდა ჩქარა მიშველეთო და სახანძრო იდგა და ვერაფერს შველოდა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას ცდილობენ. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
კომენტარი