სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტალალაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი დღეში 8 ლარზე ცხოვრობს!

„ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში“ ქალბატონი გიული სამადაშვილი მოვიდა ახალშობილთან ერთად. ის გვთხოვდა დავხმარებოდით მის 6 შვილს!

მათ საცხოვრებელ ბინაში საშინელი ვითარებაა. კედლები ჩამოშლილია, იატაკი ბეტონისაა, ჭერიდან ჟონავს, ავეჯიც დამტვრეულია. ოჯახში მხოლოდ ერთი მაგიდა და ერთი სკამია. ამიტომ ბავშვები რიგრიგობით მეცადინეობენ და სადილობენ. ოთახის გასათბობად ოჯახს საშუალება არ აქვს. ძველ გაზის გამათბობელს მხოლოდ მაშინ რთავენ, როდესაც ბავშვებს სიცივისგან ხელები ეყინებათ.

სარეცხი მანქანა და თბილი წყალი სახლში არ აქვთ, გიულის სარეცხის რეცხვა ხელით უწევს ცივ წყალში.

2002 წელს შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, გიულიმ და ივანემ ერთმანეთს პირობა მისცეს, რომ იმდენი შვილი ეყოლებოდათ რამდენსაც ღმერთი მისცემდა.

ახლა, ოჯახში 6 არაჩვეულებრივი ბავშვი იზრდება. ყველა ძალიან კარგად სწავლობს და უამრავი ჯილდო და სიგელი აქვთ მიღებული. უფროსი ბიჭი, შმაგი ფერმერობაზე ოცნებობს, რომ პატარა და–ძმას საჭმელი არ მოაკლდეთ, მეგის უნდა პედიატრი გამოვიდეს, რადგან უზომოდ უყვარს ბავშვები. 8 წლის თამარს ხატვაზე უნდა სიარული, მაგრამ სამწუხაროდ ოჯახს საჭირო თანხები არ გააჩნია. 7 წლის ელენეს უნდა რომ ბალერინა გახდეს და დიდ სცენაზე იცეკვოს. 5 წლის ნინიკო ბაღში დადის და ოცნებობს რომ სახლშიც ისევე თბილოდეს, როგორც ბაღში. პატარა ლევანი, სულ რაღაც ერთი თვისაა და ჯერ არ იცის, როგორ მძიმე პირობში მოუწევს ცხოვრება.

ტალალაშვილების ოჯახი ცდილობს ამ მძიმე მდგომარეობას თავი დააღწიოს. მამა მთელი დღეები სახლიდანაა გასული და არანაირ სამუშაოს არ თაკილობს. ოჯახის საშუალო შემოსავალი დღეში დაახლოებით 8 ლარს შეადგენს. 8 ლარს დღეში, 8 ადამიანისათვის – ძნელი წარმოსადგენია არა?!

ეს თანხა საკვების საყიდლადაც არ არის საკმარისი. პატარა თამარსაც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამოდენიმე ხნის წინ გაუარესდა, მშობლები ანალიზებს და გამოკვლევებს ვერ უტარებენ, რომ ბავშვის დიაგნოზი მაინც გაიგონ.

დღეში ერთხელ სოციალური სასადილოდან იღებენ საჭმელს, მაგრამ ეს ბავშების გამოსაკვებად საკმარისი არ არის. ბავშებმა კარგად იციან რა არის შიმშილი და ზოგჯერ პურიც კი ენატრებათ.

„ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი“ იწყებს საქველმოქმედო აქციას თანხის შესაგროვებლად მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. თუ გაქვთ საშუალება აღმოუჩინოთ მათ ფინანსური დახმარება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ტალალაშვილების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/157/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100