სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა ბენდუქიძე: "ან შენ ამარცხებ კორუფციას, ან ის - ქვეყანას.."

საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ გამოცემას The New Times.

„დრონი.ჯი“ ამ ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ:

„კორუფციასთან ბრძოლა შეუძლებელია ზომიერი იყოს. ან შენ ამარცხებ მას, ან ის ამარცხებს ქვეყანას“, - ამბობს კახა ბენდუქიძე, ბიზნესმენი, ქართული რეფორმების არქიტექტორი, დამაარსებელი და „თავისუფალი უნივერსიტეტის“ მთავარი სპონსორი. როგორ მოახერხა ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა ყველაზე კორუმპირებულმა რესპუბლიკამ, დაემარცხებინა კორუფცია, რუსეთმა კი ვერა - ეს კითხვა რუსეთ-საქართველოს ომის სამი წლის თავზე განსაკუთრებით მკაფიოდ და მტკივნეულად ჟღერს.

-მოსკოვის სააუდიტორო კომისიის ექსპერტებმა, ანალიტიკური და საკონსულტაციო სერვისების მიხედვით, ანალიზი გააკეთეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ინდექსების საფუძველზე და საქართველო 101 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე დააყენეს, ქვეყანაში საქმიანი კლიმატის გაზრდის მხრივ. რუსეთი კი მათ მიერ შედგენილი რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებს შორის იმყოფება, მსგავს სიტუაციაშია, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკური თავისუფლების მხრივაც. რატომ?

-ახლავე ვუპასუხებ, მაგრამ არ მსურს, რომ თქვენს მკითხველებს გაუჩნდეთ აზრი, რომ ყოველივე მე გავაკეთე. მე, მაგალითად, სასამართლო სისტემის რეფორმასთან, არავითარი კავშირი არ მოქონდა. მე, უბრალოდ, ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყავი მაშინ, როცა პოლიციის რეფორმა მიმდინარეობდა. მე მხარს ვუჭერდი უმაღლეს სასწავლებლებში მიღების ფორმის შეცვლას, რადგან ეს უკანასკნელი ძალზე კორუმპირებული სისტემა იყო, ახლა კი ამ საკითხში ნულპროცენტიანი კორუფციაა. ეს რეფორმა 2004-2007 წლებში საქართველოს მაშინდელმა განათლების მინისტრმა, კახა ლომაიამ გაატარა. თუმცა ეკონომიკური რეფორმების დიდ ნაწილში მე ვმონაწილეობდი. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ყველა რეფორმა ეკონომიკას ეხება. ეკონომიკა ხომ ცხოვრებაა, ისაა, თუ როგორ ცხოვრობს ადამიანი. პირველ რიგში, როცა ჩვენ ვიწყებდით, საქართველოს იმის ილუზიაც კი არ ჰქონდა, რომ ჩვენ რაიმე გამოგვივიდოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- და განა რუსეთს 91-იანებში მსგავსი ილუზიები ჰქონდა?

- ჰქონდა, და უკმაყოფილებასაც გამოთქვამდა - მას უფრო კონსერვატიულად სურდა ყოველივეს გაკეთება, ჩინეთისთვის მიბაძვას ითხოვდა და ასე შემდეგ. საქართველოში კონსესუსს ჰქონდა ადგილი: ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ადამიანები, რომლებიც იმ დროისათვის ხელისუფლებაში მოვიდნენ, ისინი კორუფციის წინააღმდეგ იყვნენ გამსჭვალულნი: სკოლის მოსწავლეების გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბიჭების 75 პროცენტი კანონიერ ქურდობაზე ოცნებობდა, გოგონების ნახევარს კი ასეთი ბიჭების ცოლობა სურდა. „საქართველოში კანონიერ ქურდებს ისე უყურებდნენ, როგორც რობინ ჰუდს, ადამიანებს, რომლებიც არსებულ სისტემას ეწინააღმდეგებოდნენ“, - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ეკა ზღულაძემ. სიტუაცია სწრაფ მოქმედებებს მოითხოვდა. და როგორ შეიძლება კორუფციასთან ბრძოლა? დასავლური გამოცდილება აჩვენებს: იმისთვის რომ კორუფცია წარმოიქმნას, სამი ფაქტორი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. პირველი, ტრივიალური ფაქტორი: ადამიანს უნდა უნდოდეს ფული, იგი არ უნდა იყოს კმაყოფილი იმ შემოსავლით, რომელსაც ლეგალური გზით იღებს. მეორე - ასეთი ადამიანების კონტროლის არარსებობა და მესამე - ჩინოვნიკს უნდა გააჩნდეს მორალური გამამართლებელი საბუთი იმისა, თუ რატომ შეუძლია მას ქურდობა. მაგალითად, ის თავის თავს უნდა ეუბნებოდეს - აი, ირგვლივ ყველა ასეთია: თვითონ შოულობენ, მე არ მაძლევენ...

სახელმწიფო კორუფცია კი ჩინოვნიკისა და ჩვეულებრივი ადამიანის, მოქალაქის ურთიერთობით იწყება. დიდი სახელმწიფოს შემთხვევაში, აღნიშნული კონტაქტი, ზოგადად, ძალიან ხშირია. საქართველოს ხელისუფლება ძალიან მალე მიხვდა, რომ კორუფციას ცეცხლითა და ხმლით ვერ გაუმკლავდება, ამ შემთხვევაში კორუფცია კვლავ იჩენს თავს. ასე რომ ეკონომიკური რეფორმის პროგრამა, რომლის მიზანიც ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შემცირება იყო, დაემთხვა ანტიკორუფციულ პროგრამას, რომლის დავალებაც ჩინოვნიკებისა და ჩვეულებრივი რანგის მქონე ადამიანების კვეთის მაქსიმალური შემცირება იყო - ცნობილია, რომ ორი ბიუროკრატიული ორგანიზაციისთვის თვალის დევნება უფრო ადვილია, ვიდრე ორი ათასისათვის.

კორუფციასთან ბრძოლა, მიმართულების მიხედვით,ზოგადად, არ შეიძლება იყოს „მემარცხენე“ ან „მემარჯვენე“. ამიტომ, მარცხენა იდეოლოგიურ ფლანგზე ოპოზიციის არსებობის მიუხედავად, ჩვენ შევძელით რადიკალური ეკონომიკური რეფორმების სწრაფად ჩატარება. საბოლოოდ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მანდატს კიდევ ერთი თვისება აქვს: კორუფციასთან ზომიერად ბრძოლა შეუძლებელია. ან შენ ამარცხებ მას, ან პირიქით, ის ამარცხებს სახელმწიფოს. ვერ ამარცხებ და ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არ ქრება და თუ ამარცხებ, მაშინ იგულისხმება, რომ ხელისუფლებას მის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა გააჩნია. რუსეთში კი მსგავსი არაფერი ყოფილა. საბოლოოდ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ადამიანები, რომლებიც საქართველოს სათავეში მოვიდნენ რევოლუციის შემდეგ, მაშინდელი ბიუროკრატიული კლასისთვის უცხოები იყვნენ ეს კლასი კი უცხო იყო, პრეზიდენტისთვის, პრემიერისთვის და მინისტრებისთვის.

-მაგრამ განა იგორ გაიდარი და მისი მინისტრები - ჩუბაისი, ავენი, ნეჩაევი - არ იყვნენ საბჭოთა ბიუროკრატიისთვის უცხონი?

-ვიღაც იყო, ვიღაც არა. რუსეთში ძირითადი ჩინოვნიკების ჩანაცვლება უფრო მეტად , ეკონომიკური სამსახურების საშუალებით მოხდა. რაც შეეხება თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და სხვა სამინისტროებს, ყოველივე ძველებურად დარჩა. მინისტრები შეიცვალნენ, მაგრამ ისინი უცხონი არ იყვნენ: იგივე მინისტრები, უბრალოდ, სხვა მხრიდან.

-რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი?

-ეს ასეთი მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ეს თქვენ საჯდომში სადგისის დამატებითი ჩხვლეტით „უზრუნველგყოფთ“. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი თანამოაზრეები, რომლებთან ერთადაც თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით, მხარს უჭერენ ამ აპარატის შეცვლას, მისი ფუნქციების შემცირებას. არავის შეეძლო ეთქვა: „მოთმინეთ, ივან ივანიჩ, იგი დამსახურებული ადამიანია, არ შეეხოთ იყოს და აკეთოს ის, რასაც აქამდე აკეთებდა“ - და ივან ივანიჩს, უბრალოდ, უშვებდნენ სამსახურიდან. აი, ნახეთ: შინაგან საქმეთა მინისტრია, ვანო მერაბიშვილი. იგი პარლამენტის წევრი იყო, საკმაოდ წარმატებული და დიდი არასამათავრობო ორგანიზაციის მმართველი - მიწათმფლობელების უფლებათა დაცვის ასოციაციის. თავად იგი განათელბით გეოდეზისტია, ანუ მილიციაში არ მსახურობდა, მუნდირს არ ატარებდა, არც არასდროს უტარებია და არც ახლა არ ატარებს, რადგან იგი სამოქალაქო მინისტრია. ანუ, მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების ყოფილ სისტემას არაფრით უკავშირდებიან. გახსოვთ ვიქტორ ცოის სიმღერა „ჩვენ ცვლილებებს ველით“? აი, საზოგადოება ცვლილებებს ითხოვდა და ხელისუფლებასაც სურდა ამ ცვლილებების განხორციელება.

რუსეთში არ ყოფილა ინსტიტუტების რეფორმა. არ ვსაუბრობ ხელისუფლებაზე, სასამართლოზე, იგულისხმება სამინისტროებთან დაკავშირებული რეფორმები. ისინი ისევ ისეთები დარჩნენ, ადამიანები იქ იგივენი, ფიზიკურად, სახელებითა და გვარებით დარჩნენ.

-არგუმენტი, რომელიც ჩვენი რეფორმატორებისგან, არაერთხელ გამიგია, ასეთია: ძველი ბიუროკრატია საჭირო იყო, რადგან იგი თანმიმდევრულობას უზრუნველყოფდა - მაგალითად საქმეთწარმოების ცოდნაში...

-ეს ძალიან სერიოზული შეცდომა იყო, რადგან ყველა მსგავსი სამინისტრო, აბსოლუტურად უსაქმური სტრუქტურა იყო, ანუ ისინი საკუთარი თავის უზრუნველყოფისთვის მუშაობდნენ. ესენი იყვნენ შემდეგი იმიტაციები: ეკონომიკის სახელმწიფოებრივი მმართველობის იმიტაცია, ნავთობმრეწველობის სახელმწიფოებრივი მმართველობის იმიტაცია, შრომისა და დასაქმების სახელმწიფოებრივი მმართველობის იმიტაცია.

-თქვენ საქართველოში ბევრი სამინისტრო გააუქმეთ?

-სახელმწიფო ინსტიტუტების რაოდენობა ორჯერ შემცირდა.

-სამინისტროების დახურვის მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი არგუმენტი იყო: „ეს ადამიანები ოპოზიციაში წავლენ, ან უფრო უარესი - მაფიოზურ სტრუქტურებში“.

-მათ ეს ისედაც გააკეთეს, ისინი ამ სტრუქტურებში დახურვის გარეშეც წავიდნენ.

-რა დაემართა ქართულ „კგბ“-ს?

-იგი ლიკვიდირებულია, ის ადამიანები აღარ არიან, არსებობს მხოლოდ გარკვეული დეპარტამენტები შინაგან საქმეთა სამინისტროში. მაგრამ იქ საბჭოთა „კაგებეშნიკები“ აღარ მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში საბჭოთა მილიციელებიც კი არ მუშაობენ... ეკა ზღულაძეს აქვს მონათხრობი, თუ როგორ მიდიოდა იგი მინისტრის მოადგილეების შეხვედრაზე, როცა ჩვენ ჯერაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყანა ვიყავით: ჯინსებში, მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელში გამხდარი გოგონაა გამოწყობილი. ხომ წარმოგიდგენიათ, დსთ-ს ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა - მუნდირში გამოწყობილი ბიძები, საპატიო ყარაული, რამე... როცა იგი პირველად მივიდა, ვერც კი შეამჩნიეს, რადგან ყველა ელოდა, რომ თვითმფრინავიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოვიდოდა. აქ კი ტრაპზე გოგონა ჩამოდის... მიდის და მას არავინ აჩერებს. შემდეგ აღიარეს... ზღულაძე იგონებს, რომ ყველაზე რთული ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტრადიციისამებრ, აბანოში „ბაბკებთან“ ერთად კოლექტიურად წასვლა იყო. აქ კი არეულობას ჰქონდა ადგილი. „ამას რა ვუყოთ? აბანოში წასვლის შეთავაზება არ გამოდის, ქალი რომ შევთავაზოთ - აზრი არა აქვს...“ - ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს ეს ბიძები. აი, რას ნიშნავს ინსტიტუტის გასუფთავება შინაგანად. ეს ერთი სახუმარო, მაგრამ ნიშანდობლივი მაგალითია.

-და რატომ დანიშნეს იგი მინისტრის მოადგილედ? ეს პიარ-ნაბიჯი იყო?

-არა. მე მასთან ვითანამშრომლებდი. იგი ძალიან პროდუქტიული და დადებითი ადამიანია. მაგალითად, ჩვენ გვყავდა საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი, იგი საფრანგეთიდან ჩამოვიდა. იგი ყველაზე ეფექტური მინისტრი არ იყო, რადგან საფრანგეთი ძალიან ბიუროკრატიული ქვეყანაა. მაგრამ იგი ვერ საუბრობდა რუსულად და ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

-რატომ?

-იმიტომ, რომ საქართველოს დიპლომატიური სკოლა - ეს იყო სმოლენსკის მოედნის ერთგვარი გაგრძელება. სალომემ კი ასეთი თაობათა ცვალებადობა გააცოცხლა. სამინისტრო საბჭოთა აღარ არის და აღარავინ იტყვის: „აჰ, თქვენ მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი დაასრულეთ?“

-გამოდის, რომ ოთხმოცდაათიანების რეფორმების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბორის ელცინი პარტიის საოლქო კომიტეტის ყოფილი მდივანი იყო?

-დიახ, ყველაფერი ძალიან საბჭოთა იყო, მე ასე ვიტყოდი. იგორ თემურის ძეც კი წარმატებული საბჭოთა სწავლული იყო. მოკლედ, ჩუბაისის გარდა, რომელმაც ახალი სამინისტრო შექმნა, მსგავსი სიახლე იმ დროისთვის არავის შეუქმნია. ამიტომ ჩვენ გვახსოვს, რომ ჩუბაისმა გაატარა რეფორმა. უფრო სწორად, მან მხოლოდ რეფორმის ნაწილი გაატარა. სკოკოვი, ლობოვი, ეს ადამიანები ხომ მთლიანად საბჭოელები იყვნენ. პირადად მე იმის წინააღმდეგი ვარ, რომ ახალი მინისტრის მოსვლის შემთხვევაში ადამიანებიც შეიცვალნონ. მე როცა ეკონომიკის მინისტრად მოვედი, არცერთი ჩემი მოადგილე არ დამინიშნავს, ერთის გარდა, რადგან მე კარგი იურისტი მჭირდებოდა. ყველა დანარჩენი იყვნენ ისინი, ვინც დამხვდნენ, მე მათთან ვმუშაობდი.

-თქვენ თქვენს თავს ეწინააღდეგებით.

-არა, საკითხი ასე იდგა: შეეფერება თავისი მახასიათებლებით თანამშრომელი სამსახურს თუ არა, შეუძლია თუ არა საკუთარი სამუშაოს ადეკვატურად შესრულება. მე მყავდნენ თანამშრომლები ეკონომიკის სამინისტროში, რომლებიც წინამორბედ მინისტრთან რამდენიმე წელიწადი მუშაობდნენ, მაგრამ ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გადაწყობა შეეძლოთ. იყო ქალბატონი, რომელიც გაბრაზდა, რადგან იგი გაანთავისუფლეს და ამბობდა: „ასე როგორ შეიძლება? მე სახელმწიფო ხუთწლიან გეგმას ვადგენდი და მე გამანთავისუფლეს?“- ანუ მას არ ესმოდა, რომ მის მიერ მოყვანილი არგუმენტი არ შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რატომაც უნდა დაგტოვონ ან აგიყვანონ სამსახურში.

-საქართველოში იყო ლუსტრაცია?

-კომუნისტური პარტიის არცერთი წარმომადგენელი არ არის ხელისუფლებაში. უკანასკნელი იყო „ცეკა“-ს პირველი მდივანი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. მაგრამ აჩრდილებთან ბრძოლა - მსგავსი დავალება ჩვენ არ გვქონია.

-კარგით: სამინისტროები შეამცირეს, ხელისუფლების ფუნქციები მინიმუმამდე დაიყვანეს, კონტროლი დააწესეს. მაგრამ საქართველო - ქვეყანაა, რომელიც, პირდაპირ რომ ვთქვათ, არ არის მდიდარი. უნდა არსებობდეს პირობები, რომელთა საშუალებითაც ქრთამის აღება და გამოძალვები არ უნდა გიღირდეს. რა გააკეთეთ?

-ვაკავებთ და ბრალს ვდებთ. რამდენიმე ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დააკავეს. კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ფაქტია.

-და რამდენი მოიპარა მან?

-არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი მოიპარა. საქმე ის არის, რომ რუსეთში ახლა მიმდინარეობს ასეთი დისკუსია, რა უნდა იყოს კორუფციისთვის შესაბამისი ჯარიმა. მე ამის წარმოდგენა საქართველოში არ შემიძლია, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ასეთი დისკუსია აწარმოოს... ამ შემთხვევაში, თუკი მე ხვალ მივიდოდი და ვიტყოდი: „მოდით გადავწყვიტოთ, რა შეიძლება იყოს ჯარიმა ქრთამისთვის“, - მე უბრალოდ ისე შემომხედავენ, როგორც გიჟს ... მე მედვედევის გამოსვლას დამარცვლით ვკითხულობდი, რათა გამეგო თუ რაზე იყო იქ საუბარი. სერიოზულად ვამბობ. და როგორი უნდა იყოს ჯარიმა ბავშვებზე მოძალადეთათვის? ამაზეც ვიმსჯელოთ და იყოს მაშინ ასპროცენტიანი ან ათასპროცენტიანი ჯარიმა. მაგრამ ეს უაზრო განხილვაა. აიღე ქრთამი? - მოუსვი!

-მაშინ რა მოტივაციას ქმნით იმისთვის, რომ ადამიანმა არ მოიპაროს?

-ასეთ იდეალურ მოტივაციას მხოლოდ ღმერთი ქმნის, სამუშაო მოტივაციას კი ასე ვქმნით: პირველი, ჩინოვნიკებს, რა თქმა უნდა კარგი ხელფასი უნდა ჰქონდეთ, რაც ადეკვატურად პასუხობს მის სამუშაოს, პროფესიულ კომპეტენციას.

-„კარგი“ - ეს რამდენია?

-განსხვავებული სხვადასხვა დონეებისთვის. იგი საბაზრო სექტორს უნდა შეესაბამებოდეს. ჩემი აზრით, მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ბიუროკრატების ხელფასი ვერ გაეჯიბრება ბიზნესით დაკავებულ პირთა ხელფასს. ავიღოთ სინგაპური. შესაძლებელია სინგაპურის ფინანსთა სამინისტროს საიტზე შესვლა და იქ გაწერილია თითოეული სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა, საკმაოდ საინტერესოა. სინგაპურის ფინანსთა სამინისტროში ორი მძღოლია, პრემიერის აპარატში კი ოთხი. მინისტრების ხელფასები კი ერთამნეთისგან ძალიან განსხვავდება. ახალ ზერლანდიაშიც მსგავსი ვითარებაა. ჩვენს მინისტრებთან ეს პრობლემა იმიტომ დგას, რომ მინისტრი ადეკვატურ ხელფასს არ იღებს. მინისტრი - ეს ხომ პოლიტიკური თანამდებობაა, ადამიანები მინისტრებად იმიტომ არ მიდიან, რომ რაც შეიძლება, ბევრი ფული იშოვონ.

- როგორი ანაზღაურება აქვთ მათ?

-ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დღეისათვის რეალურად, მინისტრები სადღაც 5 ათას დოლარამდე ირებენ.

- რა არის ქვეყანაში საშუალო ხელფასი?

- 500-550 ლარი, ანუ 300 დოლარი. ანუ მინისტრს 15-ჯერ დიდი ხელფასი აქვს და დამატებით ავტომობილი მძღოლით.

- თქვენ რატომ არ აძლევთ მათ საკუთარი ავტომობილებით გადაადგილების საშუალებას?

- ჩვენ დავითვალეთ და აღმოჩნდა, რომ ეს ძვირი დაგვიჯდებოდა.

- მაღალი ხელფასები. კიდევ რა?

- ძალიან მკაცრი კონტროლი.

- თქვენ მხედველობაში სპეცსამსახურების კონტროლი გაქვთ?

-სამინისტროების შიდა კონტროლი. თითოეულ სამინისტროს აქვს საკუთარი გენერალური ინსპექცია. ამას დამატებული კონტროლი, პროკურატურის მხრიდან. და მესამე, კორუფციის იმ კონცეფციიდან გამომდინარე, რომელზეც მე ვსაუბრობდი. ჩინოვნიკი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის გარშემო და განსაკუთრებით ზედა ინსტანციებში არ იპარავენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მან შეიგნოს აპარატის გამჭვირვალობა და მისი დანიშნულება. ამიტომ, როცა ელიტარულ კორუფციაზე საუბრობენ, მე ყოველთვის ვუხსნი, რომ ასთი რამ ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელიც კი. რადგან, წარმოიდგინეთ, თქვენი ხელმძღვანელი ქურდობს, თქვენ კი მოპარვის უფლებას არ გაძლევთ. ეს შესაძლებელია ქაღალდზე დაიხატოს, მაგრამ ცხოვრებაში ასეთი რამ შეუძლებელია: „ისინი იპარავენ, მე არ ვიპარავ, ისინი ასობით ათასს გამოიმუშავებენ, მე ორი ათასს გამოვიმუშავებ, აწი მეც მოვიპარავ“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ყველა თანამშრომელს მოუნდება ქურდობა, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ კონტროლს ვერ შევძლებთ. იცით, ჩემი სამუშაოს გამო მე რამდენიმე წელიწადია პირადი დაცვის ყოლა მიწევს და ადამიანები რომლებიც მიცავენ, მათ წრთვნიდნენ და მე კი მიხსნიდნენ: თქვენ შეუძლებელია ცხოვრების თავისუფალი სტილი გქონდეთ, დაცვისთვის იმედგაცრუება არ შეიძლება და თქვენ ამისთვის შესაბამისი თანხა უნდა გადაუხადოთ, ისინი თქვენდამი ლოიალურები არ იქნებიან. და თუ თქვენ ბევრს მუშაობთ, ისინი ხედავენ თუ როგორ მუშაობთ თქვენ. ამ შემთხვევაში შედარებით დაბალი ხელფასითაც კი შეიძლება ისინი თქვენს მიმართ იყვნენ ლოიალურები. მსგავსი სიტუაციაა სამინისტროებსა და ხელისუფლებაშიც. თუ თქვენი თანამშრომელი ხედავს, რომ თქვენ თავი გაქვთ გადადებული სამსახურისთვის და თქვენ სამართლიანი ხართ, შედარებით ნაკლებია იმის შანსი, რომ მას რაიმეს მოპარვის სურვილი გაუჩნდება. უბრალოდ იმიტომ, რომ მოპარვა ამორალური საქციელია.

-რუსეთშიც მინისტრის ხელფასი 5 ათასი დოლარია და მაინც მძვინვარებს კორუფცია.

- რუსეთისთვის 5 ათასი არაფერია. რუსეთში მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოსთან შედარებით სამჯერ უფრო მარალია. მეორე საკითხია ის, რომ ხელფასების მომატებაც არ მოაგვარებს აღნიშნულ პრობლემას: რუსეთში კორუფცია სისტემად იქცა, მისგან თავდაპირველად უნდა გასუფთავდეს და უკვე შემდეგ არის შესაძლებელი მკურნალობა. არსებობს მექსიკის საბაჟო სამსახურის ცნობილი რეფორმის მაგალითი. იგი კორუმპირებულად შეირაცხა, ვერაფერი ვერ ეხმარებოდა - მოუმატეს ხელფასები, დაუკლეს, დასაჯეს, დააპატიმრეს, არ დააპატიმრეს - ყოველივე უშედეგო აღმოჩნდა. გაგზავნეს ახალი ადამიანი. ეს იყო სისტემის პრობლემა. რა გააკეთეს მათ? მათ 3500 ახალგაზრდა დაიქირავეს. დაახლოებით იგივე, რაც ჩვენ პოლიციაში გავაკეთეთ. ნახევარი წლის მანძილზე მათ დაქირავებულებს სამხედრო ბაზაზე საბაჟო სწავლების კურსი ჩაუტარეს და შემდეგ ორი დღის მანძილზე ყველა მებაჟე ჩაანაცვლეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ანგელოზები იყვნენ, რამდენიმე მათგანი მაინც იღებდა ქრთამს, მათ ათავისუფლებდნენ, მაგრამ ამან სისტემური ხასიათის მირება შეწყვიტა.

- თქვენ ხელისუფლებიდან წახვედით. ეს რეფორმებისთვის მიღებული ჯილდოა?

- ეს ნორმალურია. მე გადავწყვიტე, რომ უნივერსიტეტზე კონცენტრირებაა აუცილებელი და ასევე ბიზნესზეც, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მაქვს და რაც სახელმწიფო ჩინოვნიკისთვის შეუძლებელი იქნებოდა.

- თქვენ საქართველოში კერძო ბიზნესი საერთოდ არ გაქვთ?

- არა, არა. მე ისადაც მაბრალებენ, რომ საქართველოში ყველაფერი ჩემია, მაგრამ მე საკუთარ თავს არ ვაძლევ უფლებას, რომ საქართველოში რაიმე მქონდეს. უნივერსიტეტი კი ბიზნესად არ ითვლება: იგი ფონდს ეკუთვნის, რომელიც მე შევქმენი, მაგრამ ამ ფონდს არ შეუძლია ჩემი სარგებლობისთვის რაიმე გამოყოს. მე ასეთი კონსტრუქცია სპეციალურად შევქმენი. ადამიანები მაინც ამბობენ რაღაცეებს, მაგრამ ჩემთვის მთავარია ღმერთის წინაშე ვიყო ვალდებული და ადამიანებს სამართლიანად ვუპასუხო. მე მათ წინაშე პატიოსანი ვარ.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100