სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული პარტია“ ონკანის გადაკეტვას რუსი "სანტექნიკოსების" დახმარებით აპირებს...

„ქართული პარტია“ სამზადისშია. დღევანდელი დღე ამ პარტიის აქტივისტებს, ლამისაა, ონკანის გადაკეტვის საერთაშორისო დღედ აქვთ გამოცხადებული. კულუარებში პარტიის საბჭოს წევრები აქილიკებენ კიდეც ეიფელის კოშკის ჩრდილს თავშეფარებულ ოქრუაშვილს – ონკანი რამ ათქმევინაო.

რამდენიმე საათში „ქართული პარტია“ დიღომში, აშშ–ის საელჩოსთან საპროტესტო აქციას მოაწყობს. ირაკლი ოქრუაშვილმა ასე დაანონსა – 16 მაისიდან ბრძოლას თბილისში ვიწყებთ და მერე გაჩვენებთ სეირსო.

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს და გვართმევს ჩვენ თავისუფლებას. დიღომში არის ბოროტების სათავე – ონკანი, რომელიც ჩავენ უნდა გადავკეტოთ და ჩვენ მას 16 მაისს გადავკეტავთ“.

„ოქრო“ ბიჭს „ოქროს“ სიტყვა არ გამოუვიდა, მაგრამ რას იზამ – არც არასდროს გამოსდიოდა. მის დაუბალანსებელ, როყიოდ წამოსროლილ ფრაზებს, წესით, შეჩვეული უნდა ვიყოთ, მაგრამ პოლიტიკური აქციის ანონსის დროს ამ აქციის ქმედების ონკანთან დაკავშირება მართლაც სასაცილოა.

ჰოდა, ოქრუაშვილსაც დასცინიან. სოციალურ ქსელებში, „ფეისბუქსა“ და „ტვიტერზე“ დღეს ირონიული სტატუსებიც გაჩნდა. აი, ერთ–ერთი მათგანი: „დაკეტეთ ონკანი! დღეს ონკანის დაკეტვის საერთაშორისო დღეა!“

„არც პირველები ხართ და არც უკანასკნელები, იმიტინგეთ რამდენიც გინდათ, ჩვენ ამას შეჩვეულები ვართ“ – არადიპლომატიურ ენაზე ასე ითარგმნება ის განცხადება, რომელიც აშშ–ის ელჩმა, ჯონ ბასმა დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.

ჯერჯერობით ყველასთვის, მათ შორის, აქციის მონაწილეებისთვისაც საიდუმლოდ რჩება, კონკრეტულად რომელ ქმედებას გულისხმობენ ონკანის გადაკეტვაში ქართულპარტიელები, რას და როგორ აპირებენ – ხელით დაკეტავენ, ქანჩებს გამოიყენებენ თუ დახმარებისთვის რუს სანტექნიკოსებს გამოიძახებენ, რამდენიმე საათში გამოჩნდება.

ჩვენი ინფორმაციით, რუსი „სანტექნიკოსები“ უკვე მზად არიან „უანგარო“ დახმარებისთვის და მათ რიგებში დიდი გამოცოცხლებაც შეინიშნება...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100