სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სილვიო ბერლუსკონი დაფრთხა

იტალიის პრემიერ–მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ აღიარა, რომ საკუთარი და ახლობლების სიცოცხლის ხელყოფის ეშინია. იტალიის მთავრობის თავჯდომარემ ამ შიშის მიზეზად, ლიბიის პრეზიდენტის მუქარა დაასახელა.

,,პოლკოვნიკმა მუამარ კადაფიმ დაიფიცა, რომ სამაგიეროს გადამიხდის ლიბიის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციაში მონაწილეობის გამო. კადაფიმ ჩვენი ამ ოპერაციაში მონაწილეობა ღალატად მიიჩნია,“– განუცხადა ბერლუსკონიმ იტალიურ გაზეთ Corriere della Sera–ს.

იტალიის პრემიერ–მინისტრის თქმით, ის ლიბიის პრობლემის ომის გზით მოგვარების წინააღმდეგი იყო, თუმცა, მას არ დაუჯერეს.

,,საერთაშორიო თანამეგობრობს ვეუბნებოდი, რომ არ იყო საჭირო ლიბიისთვის ომის გამოცხადება. ვაფრთხილებდი, რომ ეს ომი იოლი არ იქნებიოდა და იტალიასაც კარგს არაფერს უქადდა. თუმცა, აშშ–ს ზეწოლამ პრეზიდენტ ჯორჯო ნაპოლიტანოზე გაჭრა და ლიბიის წინააღმდეგ ომიც დაიწყო. მეც რა უნდა მექნა, ჩავერთე ამ ომში, სხვა გამოსავალი არ მქონდა,“–განაცხადა ბერლუსკონიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიბიის პრეზიდენტმა მუამარ კადაფიმ, ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იტალიამ და სილვიო ბერლუსკონიმ დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც გაჩაღებულ ომში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს.

,,ვწუხვარ, რომ სირტას მცხოვრებლებმა (ტრილოპის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი) მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იტალიელებს სამაგიერო გადავუხადოთ და საომარი მოქმედებები იტალის ტერიტორიაზე გადავიტანოთ. თუმცა, მათ აქვთ უფლება ეს მოითხოვონ და მათ მოთხოვნას ვეტოს არ დავადებ, რადგან ბერლუსკონიმ და იტალიამ დააშავეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ომში ჩაერთვნენ,“– განაცხადა პოლკოვნიკმა კადაფიმ.

როგორც ჩანს, კადაფის მუქარა ფუჭი არ ყოფილა, რადგან, როგორც დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, მუამარ კადაფის მომხრეები, უახლოეს პერიოდში, გეგმავენ კუნძულ სიცილიაზე მდებარე ნატო–ს ბაზის ხელში ჩაგდებას, საიდანაც სილვიო ბერლუსკონიმდე გზა, არც თუ ისე შორია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100