„ქალის გარეშე კაცი არ ხარ, ხოლო ქალთან ერთად – ადამიანი არ ხარ“
დღეს, 24 ივლისს, ალექსანდრე დიუმას (უფროსი) დაბადებიდან 211 წელი შესრულდა. ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი, ალექსანდრე დიუმა უმცროსის მამა, ალექსანდრე დიუმა 1802 წლის 24 ივლისს ვილიე-კოტრეში დაიბადა.
ოცი წლის ასაკში ალექსანდრემ მუშაობა დაიწყო პარიზში, პალე-როიალის სასახლეში, ჰერცოგ ორლეანელის კანცელარიაში. კანცელარაში მუშაობის პარალელურად, დიუმამ დაიწყო სხვადასხვა ჟურნალში პიესებისა და სტატიების გამოქვეყნება. პირველ პიესას, "ანრი მესამე და მისი კარი" (Henri III et sa cour, 1829), დიდი წარმატება ხვდა წილად. ასევე აღიარებულ იქნა მეორე მისი ნაწარმოები "კრისტინა" (Christine ou Stockholm, Fontainebleau et Rome, 1830).
1835 წელს გამოვიდა მისი პირველი ისტორიული რომანი "იზაბელა ბავარიელი" (Isabel de Bavière). მას მერე გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა მისი ნაწარმოებები.
1840 წელს დაქორწინდა მსახიობ იდა ფერიერზე. მიუხედავად ამისა იგი აგრძელებდა სხვა ქალებთან შეხვედრას, რის შედეგად მას 3 უკანონო შვილი გაუჩნდა (ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით ასევე წარმატებულ მწერლად იქცა). ალექსანდრე ქალებსა და ფუფუნებაზე დიდ ფულს ხარჯავდა. გამოსცა რამდენიმე ჟურნალი, დააარსა თეატრი, თუმცა მისი წამოწყებები კრახით დასრულდა. ამის გამო 1851 წელს კრედიტორებს ბრიუსელში დაემალა. 1858-1859 წლები რუსეთში გაატარა, სტუმრობდა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს. 3 წლის განმავლობაში მონაწილეობდა სახალხო მოძრაობაში იტალიის გაერთიანებისთვის.
დიუმას ცნობილი ნაწარმოებებია:"სამი მუშკეტერი", "ოცი წლის შემდეგ", "ვიკონტი დე ბრაჟელონი: ათი წლის შემდეგ", "გრაფი მონტე-კრისტო", "ორი დიანა", "დედოფალი მარგო", "გრაფინია დე მონსორო", "ორმოცდახუთი", "ჯუზეპე ბალზამო, ანუ ექიმის ჩანაწერები", "დედოფლის ყელსაბამი", "ანჟი პიტუ", "გრაფინია დე შარნი", "შევალიე დე მეზონ-რუჟი", "შავი ტიტა".
დიუმა გარდაიცვალა 1870 წლის 5 დეკემბერს
გამონათქვამები:
„ქალის გარეშე კაცი არ ხარ, ხოლო ქალთან ერთად – ადამიანი არ ხარ“
"რა ლამაზადაც უნდა ილაპარაკოს ადამიანმა, თუ ის ბევრს ლაპარაკობს, ბოლოს მაინც სისულელეს იტყვის".
"ნურასოდეს დააფასებ ფულს ნურც მეტად და ნურც ნაკლებად, ვიდრე ის ღირს, რადგან იგი კარგი მსახურია და ცუდი ბატონი".
"ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა: ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ".
კომენტარი