სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იძებნება ქართული ხეირიანი პიესა, „კოჭლები“ ნუ გამოგვეხმაურებით!!!

მარჯანიშვილის თეატრმა პიესების კონკურსი გამოაცხადა. მართალია, მარჯანიშვილის თეატრის ეს ნოვაცია, თვისობრივად განსხვავდება ამგვარი კონკურსებისაგან, მაგრამ თუ თვალს გადავავლებთ სწორედ ამგვარ კონკურსებს - ერთ დასკვნამდე მივალთ - ქართული თეატრი ძალისხმევას არ იშურებს ქართული დრამატურგიის განსავითარებლად.

მიხეილ თუმანიშვილის ფონდი უკვე მერამდენე წელია აწყობს პიესების კონკურსებს და ავლენს კიდეც გამარჯვებულებს. სამეფო უბნის თეატრის თაოსნობით 2008 წელს გაიმართა და წელსაც იმართება 25 წუთიანი სპექტაკლების ფესტივალი „არდიფესტი“, სადაც პრიორიტეტი სწორედ ქართული პიესების დადგმას ეძლევა.

2009 წელს რუსთაველის თეატრმა, პროექტ `ახალი ტალღის~ ფარგლებში, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით გამოაცხადა პიესების კონკურსი ხაზგასმულად დამწყები დრამატურგებისათვის, ამ კონკურსში გამარჯვებული ათი პიესა რობერტ სტურუას მაგინსტრანტებს უნდა დაედგათ რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე. ამ პიესების სცენაზე გაცოცხლების პროცესი დაიწყო და გრძელდება კიდეც. და ახლა მარჯანიშვილის თეატრი აცხადებს პიესების კონკურსს. მიზანი საერთოა, როგორმე გამოჩნდეს ქართული დრამატურგია, გაჩნდეს ხეირიანი ქართული პიესები.

ვერ ვიტყვით რომ ქართველებს პიესების წერა გვეზარება, სხვა საქმეა როგორი პიესები იწერება, მაგრამ მშრალი სტატისტიკაც თავისას ამბობს - მარტო თუმანიშვილის ფონდში 70-მდე პიესა შევიდა, რუსთაველის თეატრში - 40-მდე.

მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ამგვარ ძალისხმევას ჯერ-ჯერობით, თუ თამამად ვიტყვით არანაირი შედეგი არ გამოუღია. თუ რამ ხეირიანი გამოვლინდა, ისევ იმ ავტორების, რომლებიც ამ კონკურსებამდეც წერდნენ და დაწერდნენ კიდეც. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ამ წახალისების მარათონი უნდა შეჩერდეს.

მარტივი პრინციპია – „კიდევ სცადე“.

სხვა გზა არ არის, ან უნდა ვეძებოთ, ან შევთანხდეთ და ხელი ჩავიქნიოთ ქართული დრამატურგიის განვითარებაზე ისევე, როგორც 170 სანტიმეტრს ვერ აცდენილი ჭაბუკი ჩაიქნევს ხოლმე ხელს კალათბურთელის კარიერაზე.

ამ წახალისებას თავისი დადებითი მხარეც აქვს და თავისი დიდი უარყოფითი მხარეც. ამ კონკურში გამარჯვებული თუ გამოვლენილი უხარისხო, გაუმართავი, ყოველგვარ მხატვრულ ღირებულებას მოკლებული პიესები, ისევ და ისევ თეატრს აწვება ტვირთად და აკნინებს ისედაც კრიზისში მყოფ ქართულ თეატრს და საბოლოო ჯამში ლამის „მკვდარი მკვდარს აეკიდა“ გამოდის.

კონკურსებს ცუდი ისიც აქვს რომ გინდა არ გინდა, სულაც რომ „ხლამი“ შემოვიდეს - ვიღაც გამარჯვებულად უნდა სცნო, უნდა გამოავლინო. კოჭლთა შეჯიბრში გამარჯვებული, რომ მაინც კოჭლია, ეს ჯერ კიდევ ლესინგმა ბრძანა. მერე სწორედ ამ „კოჭლთა“ ნავარდი იწყება სცენაზეც და სცენის მიღმაც. და მერე იწყება ქართული თეატრალური ფოლკლორი – „ეს პიესა ჩემი არაა“ - იტყვის დრამატურგი, ნახავს რა, სცენაზე თავის „პირმშოს“.

ეს მაშინ როცა რეჟისორი ცდილობდა რაღაც გაეღრმავებინა, კონფლიქტი გაემძაფრებინა, ელემენტარულად რაღაც ექნა, მაყურებელთა დარბაზი რომ `სპალნი მეშოკს~ არ დამსგავსებოდა...

ერთმა ცნობილმა რეჟისორმა, გააპროტესტა რა, რაღაც რეპეტიციაზე, ენამახვილურად მიუგო - გაჩუმდი თორემ ისე დავდგამ როგორც დაწერე და...
ხეირიანი პიესა იმდენი გვაქვს, ცალხელა კაცსაც კი ეყოფა თითები მათ დასათვლელად. არადა, პიესები იწერებოდა და იწერება ტონობით, იმდენს წერენ, 25-60-60 უნდა გამოიძახო მათ გადასაზიდად. დაწერას რა უჭირს, იბეჭდებოდა და დღეს, ბიბლიოთეკას რომ თვალს გადაავლებ და მათ წიგნებს ნახავ, გული გაგისკდება, რამდენი ტყე გაიჩეხა... რაღა ტყეების გადამბუგავი თათარ-მონღოლები უწინ და რუსები - აგვისტოში და რაღა ეგ ვაიდრამატურგები და მწერლები.

მარტო რომ დაწერილ-დაბეჭდილიყო რა უჭირს, რამდენ უსუსურ, უშნო, უხერხემლო პიესას უფართხალია დალოცვილ ქართულ სცენაზე... დღესაც იწერება. დღესაც იდგმება. ადრეც ითვლებოდა და დღესაც ასე ითვლება, რომ ქართული დრამატურგია რომ განვითარდეს, უნდა დაიდგას ხშირადო და დგამენ და დგამენ. განვითარებით კი ერთი ლეილა გაფრინდაშვილმა განავითარა ვაკე გონებრივად და მეორე მათ დრამატურგია.

წერენ. ბევრი წერს და ბევრს წერს, სითამამე კარგია, მაგრამ ხანდახან დაგაფიქრებს კიდეც ეს სითამამე, ელემენტარულად ილია ჭავჭავაძის ნათქვამი გაგახსენდება, დრამის წერა იოლი არაა, დიდ გულისძვრას მოითხოვსო: `დრამის შექმნა ერთობ ძნელი რამ არის, იმიტომ რომ დრამა სულისა და გულის ცხოვრებაა, სულისა და გულის დიდს ძვრაზეა ასაგებელი და ასაშენებელი.

მეტისმეტად მჭრელი, მეტისმეტად მხილავი ნიჭი უნდა, მეტისმეტად ნათელი გონება, რომ კაცი მისწვდეს, შუქი რამ მოჰფინოს იმ საოცარს, იმ უცნაურს საიდუმლოებას, რომელსაც ადამიანის სულისა და გულის ძვრა ჰქვიან და რომელიც იმოდნეად უფრო დიდ საიდუმლოებად გვევლინება, რამოდენადაც უფრო ახლო მიუვალთ.

ამიტომაც დრამის შექმნა ყველა სხვაგვარ პოეტურ თხზულებაზე გაცილებით ძნელია და ყველა მწერალი, თუნდაც ნიჭიერი ვერა ჰბედავს ხელი შეჰმართოს. ჩვენში ეს საქმე მეტად ადვილად არის მიჩნეული. ოღონდ თხზულება მონოლოგებითა და დიალოგებით იყოს დაწერილი, სცენებად და მოქმედებებად დაყოფილი, შიგ ორიოდე ალაგას ქალისა და კაცის სიკვდილიც ჩაკერებულ იქნას და ავტორს არ გაუჭირდება ზედ დააწეროს „დრამა არისო“ და ამ სახელით მოედანზე გამოიტანოს. ის კი ავიწყდებათ რომ გარეგანი სახე დრამისა, ვერასოდეს ვერ დაჰფარავს შინაგან ცარიელობას, ფუქსავატობას, არარაობას. აკი ვამბობ, დრამა უსათუოდ სულისა და გულის უდიდეს ძვრაზე უნდა იყოს აგებული და აშენებული...“

ილია გაურბოდა დრამატურგიას, ეძნელებოდა, ამათ? დღესაც ეიოლებათ პიესების გაშანშალება. მოდი და ნუ „შეუქებ“ სითამამეს. სულისა და გულის ძვრას ისევ კალამ-კლავიატურის ძვრა ენაცვლება...

ისე თამამდებიან, ილიას ვინ ჩივის, არისტოტელეს პოეტიკას ისე არღვევენ, არც წაუკითხავთ. ელემენტარულად ის ვერ გაურკვევიათ, რომ საჭიროა კვანძის დროულად შეკვრა, განვითარება, კვანძის გახსნა, კულმინაცია, ხასიათები, მოქმედება, კონფლიქტი და რომ ამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. უმეტესობა გონზეც არაა რა უფსკრულია ეპიკურ და დრამატულ თხრობას შორის.

კონკურსების შემდეგ კი ხშირად გაიგონებთ, კრიტერიუმებია დასადგენი, შერჩევა რომ უფრო ობიექტური იყოსო. გალაკტიონი იტყოდა – „ნიჭი ძამიკო ნიჭიო“ და იქვე დაამატებდა - დრამატურგიის კანონებიცო...
მაგრამ ერთიცაა, ვინ არჩევს ხოლმე ამ პიესებს. იგივე თუმანიშვილის ფონდში, ჟიურის შემადგენლობა გასაიდუმლოებული იყო ხოლმე.

ამ გასაიდუმლოებას ერთი ის ხეირი აქვს, რომ ჟიურის წევრები ელემენტარულად თავისუფლები იყვნენ ქართული „ზეწოლისგან“ - ნაცნობ-მეგობრების ზარებისგან. თუმცა, ესეც მხოლოდ ნაწილობრივ - გამგები მაინც იგებდა ვინ იყო ამ ჟიურში. მეორეს მხრივ, ამ გასაიდუმლოებას თავისი ნაკლიც აქვს - ავტორმა ელემენტარულად ხომ უნდა იცოდეს ვინ აფასებს მის ნაწერს?

მითუმეტეს რომ ძალზე ხშირად ამ ჟიურებში ავტორიტეტულ პირებთან ერთად ხშირად ბევრი ნაკლებავტორიტეტულიც ხვდებოდა, რომლებმაც თავადაც არ უწყიან „ხურმა რა ხილია“ და ქულებს ზედაპირული გაცნობით წერდნენ - უფრო მოყვარულის, ვიდრე პროფესიონალის პოზიციიდან. ხშირად კი ჟიურის ამგვარ შემადგენლობას იმით ამართლებენ, რომ პიესა ბევრია, ბევრ კომპეტენტურ პირს არ სცალია მათ საკითხავად, შესაფასებლად. არც უამისობაა, მაგრამ არ ჯობია სულაც სამმა კომპეტენტურმა პირმა გადაწყვიტოს რა ვარგა და რა არ ვარგა, ვიდრე ბევრმა და ნაკლებკომპეტენტურმა?

თუმცა, იგივე რუსთაველის თეატრში, ჟიურის მართლაც კომპეტენტურობის მიუხედავად, მაინც ვერ შეირჩა ათი ხეირიანი პიესა. სულაც რომ შექსპირი და შილერი დაგესვა ჟიურიში, რანაირად აარჩევდნენ კარგს, როცა არ იყო? არჩევანი ცუდსა და უარესს, სუსტსა და უსუსტესს შორის კეთდებოდა.

მარჯანიშვილის თეატრის მიდგომა ოდნავ განსხვავებულია და მეტნაკლებად იძლევა ხარვეზებისგან თავის არიდების საშუალებას. ჯერ ერთი ის რომ საკონკურსოდ შესული პიესების ბედს გადაწყვეტს არა ჟიური, არამედ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო საბჭო.

პრინციპი მართლაც გასაგებია - თეატრი თავად ირჩევს პიესას, რომელსაც დადგამს, ანუ მათ ობიექტურობა ერთგვარად სუბიექტურობას ეფუძნება - თეატრს ეს პიესა მოსწონს და ამ პიესას იღებს თავისი სამხავრო გეზიდან გამომდინარე და თუკი ვინმეს პიესა განზე დარჩება, ეს სულაც არ ნიშნავს რომ ცუდია, უბრალოდ ის არ მოიწონა მარჯანიშვილის თეატრმა თავისი რეპერტუარისთვის.

გარდა ამისა, ერთი - შუამავალი - ფონდის შერჩეული ჟიური, ან თეატრის მოწვეული ჟიური კი არ არჩევს მეორისთვის - თეატრისთვის, არამედ თავად ის ირჩევს ვინც უნდა დადგას და ვინც პასუხი უნდა აგოს მერე იმ დადგმის მხატვრულ ღირსებებზე. ელემენტარულად - იმედია „ჭოლა“ სხვისი ხათრით თავისთვის ცუდ პიესას არ აირჩევს და მითუმეტეს იმ ცუდ პიესაში 3 ათას ლარს არ მიაფშვნიტავს.

ამ წამოწყებას, კარგი ის აქვს რომ დაკონკრეტებულია კონკურსის თემა. წელს ეს თემა გახლავთ ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოების (ანტიკური ხანა, აღორძინების ხანა, რომანტიზმი) ადაბტაცია-რეცეფცია.

ამ დაკონკრეტებით, ის მაინც მიიღწევა, რომ ამ პიესებში ელემენტარულად მაღალ, მარადიულ ფასეულობებზე იქნება საუბარი. იქნება ამბავი, და ეგებ კონფლიქტსაც გამოაყოლონ ხელი კლასიკიდან...…არც ესაა ცოტა, დღეისათვის.

იქნებ ამ საქმიდან მართლაც რამე გამოდნეს. იქნებ, საერთოდ ქართული თეატრის საერთო ძალისხმევიდან საბოლოო ჯამში მართლაც რაღაც გამოვიდეს და თუნდაც რამდენიმე გენიალური თუ არა, კარგი პიესა მაინც შეიქმნას.

თეატრები ყოველ შემთხვევაში ქმნიან ამის წინაპირობას. 2008 წლის არდიფესტში გამარჯვებულმა დრამატურგმა დათო გაბუნიამ დაწერა პიესა, რომელიც დაიდგა სამეფო უბნის თეატრში („სხვისი შვილები“), წელს იგივე დრამატურგი უკვე რუსთაველის თეატრის კონკურსში მონაწილეობდა. არც ათი დამწყები დრამატურგისთვის უნდა იყოს პატარა სტიმული რუსთაველის თეატრის სცენაზე საკუთარი პიესის გაცოცხლება.

თუმანიშვილის ფონდში გასული პიესების საჯარო კითხვა (ე.წ. ჩიტკა) ყოველწლიურად ეწყობა, თანაც არა მარტო საპრიზო ადგილებზე გასულების. რაც ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას რომ საზოგადოება გაეცნოს - რა იწერება, კარგი იწერება თუ ცუდი. ანუ გვაქვს რამე კარგი ახალი თუ ჯერაც არ გამოჩენილა. თუნდაც მარტო ამიტომ ღირს ეს ძალისხმევა - ვიცოდეთ მაინც რა იწერება...

მოკლედ, სხვისა რა გითხრათ და ამ ქვეყანაში მე მგონი დრამატურგებს, მით უფრო დამწყებებს, ნამდვილად არ აქვთ საქმე საწუწუნოდ.

ამ კონკურსებსაც რომ თავი დავანებოთ - ინტერნეტი ყველას ხელთ აქვს, განათავსე და... სანთელ-საკმეველი ნამდვილად აღარ დაკარგავს თავის გზას. უჯრაში დებას ნამდვილად სჯობს, თუნდაც „ფეისბუკზე“ დადება... ვინც ეძებს ის იპოვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100