რობერტ სტურუა არგენტინაში მიდის, მანამდე კი მოსკოვში შეივლის და სპექტაკლს დადგამს
ამ დღეებში რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ „იზვესტიის“ ჟურნალისტის, თამარ წერეთლის შეკითხვებს უპასუხა. „დრონი.ჯი“ ამ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ:
- ბატონო რობერტ, არც კი ვიცი, „სვობოდაზე“ ყოფნა მოგილოცოთ თუ წუხილი გამოვთქვა...
- შეგიძლიათ მომილოცოთ. არა იმიტომ, რომ გამათავისუფლეს, არამედ იმიტომ, რომ მუდმივი თვალთვალი მომბეზრდა.
- და თეატრს? თეატრს შეიძლება მივუსამძიმროთ?
- მოდით, ეს თვითონ თეატრმა გადაწყვიტოს. იცით - რაც მოხდა, მოსიყვარულე წყვილის დაშორებას ჰგავს...
- უკვე გადაწყვიტეთ, რომელ გეოგრაფიულ წერტილს აირჩევთ? თბილისი, მოსკოვი, ლონდონი...
- ჯერ თბილისში დავრჩები. მაინტერესებს, როგორ დასრულდება აქ ყველაფერი. ალბათ, დაახლოებით ერთ კვირაში ყველაფერს მეტნაკლებად მოეფინება ნათელი. ჯერჯერობით მე მხოლოდ ერთი, ფინანსური პრობლემა მაქვს. დიდი ოჯახი მაქვს და მას შენახვა უნდა. მართალია, Et Cetera მთავაზობს ანაზღაურებად თანამდებობას, მაგრამ ეს საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია.
- დადიოდა ხმები, რომ „ტაგანკაშიც“ მიგიწვიეს...
- ოფიციალურად არავის არაფერი უთქვამს, ჟურნალისტები მეკითხებოდნენ. მაგრამ ეს ხომ არარეალურია - ცოცხალი იური ლუბიმოვის დროს მის თეატრში მიხვიდე! საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე უკეთესი იქნება, თუკი სადმე, ძალიან შორს წავალ და ეს „ძალიან შორს“ ჩემთვის არგენტინაა. კარგი იქნება იქ დასახლება და ცხოვრების დღეების გასრულება. არგენტინა მიყვარს და ბუენოს-აირესში თავს ისე ვგრძნობ, როგორც თბილისში. არგენტინელებს უკვე შევატყობინე, რომ მინდა რეჟისორებისთვის ოთხთვიანი კურსები ჩავატარო ბუენოს-აირესში, რასაც ისინი სიხარულით დათანხმდნენ. მომავალ წელს, როცა იქ ზამთარი იქნება და ჩვენთან ზაფხული, მოწვევას გამომიგზავნიან. მაგრამ მანამდე აუცილებლად დავდგამ სპექტაკლს მოსკოვში.
- რომელ თეატრში?
- ალბათ, Et Cetera-ში. ალექსანდრე კალიაგინის იუბილე ახლოვდება და მას უნდა, რომ ამ თარიღისთვის რამე დავდგა. მაგრამ ჯერ არაფერი გადამიწყვეტია.
- საერთოდ, რის დადგმას ისურვებდით?
- მე არ ვარ იმ რეჟისორთა რიგში, რაღაცეების დადგმაზე რომ ოცნებობენ. ჩემი ბევრი სპექტაკლი შეკვეთითაა დადგმული. რეჟისორებს იმის მიხედვით ვაფასებ, რამდენად ილუსტრატორია ის. დაახლოებით ისევე, როგორც, ვთქვათ, მხატვარს ავალებენ, გააკეთოს „დონ კიხოტის“ ილუსტრაცია. ამას ყველა თავისებურად გააკეთებს. ან, პიანისტები ავიღოთ, რომლებიც არა ილუსტრატორები, არამედ ინტერპრეტატორები არიან. ამიტომაც, თუ მე შემომთავაზებენ კარგ პიესას, მას აუცილებლად დავდგამ. ეს. შესაძლოა იყოს კლასიკა ან, თუნდაც, თანამედროვე დრამატურგია. ახლახან დავდგი თამაზ ჭილაძის პიესა „ნადირობის სეზონი“. ის ჩვენ სეზონის დახურვის დღეს წარმოვადგინეთ და გახსნაზეც წარმოვადგენთ.
- თქვენ გაგათავისუფლეს, სეზონის გახსნაზე კი დარჩებით?
- მე სპექტაკლი უნდა წარმოვადგინო. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ამის ნებას მომცემენ. შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
- თბილისში თქვენი მხარდამჭერი აქცია ჩატარდა. იქ თქვენი მსახიობები იყვნენ?
- არა. მე ვუთხარი, რომ არ უნდა წასულიყვნენ. იქ იყვნენ ჩემი მეგობრები „ფეისბუქიდან“. ამ ქსელში რამდენიმე თვის წინ დავრეგისტრირდი. თავდაპირველად არ მომეწონა, ვიფიქრე, რომ ეს ნოყიერი ლუკმა იყო კგბ-სთვის - ყველაფერზე ღიად საუბრობს ყველა. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს არის თავშეყრის ადგილი, სადაც ხალხს ესაუბრები. ახლა 5 ათასი მეგობარი მყავს, ძირითადად, ახალგაზრდა გოგოები და, ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ლამაზები... და მე დანანებით ვამბობ ხოლმე: „ეჰ, ეს 20 წლის წინ რომ ყოფილიყო...“
- რა ხდება ახლა თეატრში? რა განწყობაა: დაბნეულობა, ღვარძლი, გაავება...
- დიდი ხანია, რაც თეატრში ვარ. ისეც მომხდარა, რომ დიდი ადამიანების გარდაცვალების შემდეგ გეჩვენება, თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ასე არ არის. ჩემს მსახიობებს ვეუბნები: წარმოიდგინეთ, რომ მე მოვკვდი და დაწყნარდით...
- რეპერტუარი? დარჩება?
- ალბათ, დატოვებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან სწრაფად უნდა დადგან რამე. რაღაც, სამოქმედო გეგმა ექნებათ, ისე არ მომხსნიდნენ. მაგრამ ჯერჯერობით არ ჰყავთ კანდიდატურა, რომელსაც ხალხი მიიღებს. მგონი, თვითონაც არ არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ ასეთი კანდიდატურა არსებობს...
კომენტარი