ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციასა და „ძალოვანებს“ შორის კოდორის ხიდზე დაპირისპირება მოხდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხიდზე ოპოზიციის მხარდამჭერებსა და „ძალოვანი სტრუქტურების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, - დაპირისპირების ამსახველ ვიდეო მასალას ტელეგრამ არხი - RESPUBLICA ავრცელებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობრივი მეთოდებით დაკავებულია ხუთი ოპოზიციური ფიგურა.
როგორც "რესპუბლიკა" იუწყება, ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, საზოგადოებრივი შეკრებიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ხელბორკილები დაადეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. ოპოზიციონერები აფხაზეთის მიწების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვას ეწინააღმდეგებოდნენ.
დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა გუმისთის და კოდორის ხიდები გადაკეტეს.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც „უშიშროების ძალების“ ხელმძღვანელებმა „უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს“.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ოპოზიცია“ 15 ნოემბერს, როცა ე.წ. პარლამენტი რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, აქციას გამართავდა.
კომენტარი