სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადრიანო ჩელენტანოს 50 წლიანი სიყვარული და ქალი რომლის გამოც ის მატარებლის რელსებზე გაწვა

მათი სიყვარულის ისტორია კინოსამყაროსთვის საკმაოდ ბანალურად, 1963 წელს დაიწყო. ერთმანეთი ფილმის „ერთი უცნაური ტიპი“ გადაღებებზე გაიცნეს. მაშინ ჩელენტანო პოპულარობის პიკზე იყო, კლაუდია მორი კი იტალიური კინოს ლამაზმანი გახლდათ.

„თავიდან ზედმეტად ეპატაჟური და არასაიმედო ადამიანი მეგონა. არ მინდოდა მასთან ერთად ფილმში მონაწილეობა, მაგრამ ჩემმა დამ დამაძალა, რომელიც ჩელენტანოს ფანი იყო. მე კი ადრიანო არ მომწონდა“ - იხსენებს კლაუდია.

ფილმის გადაღებების პროცესში ადრიანო კლაუდიას მოხიბვლას ცდილობდა, მაგრამ ყველა მცდელობა კრახით სრულდებოდა. გადაღებების დასრულების შემდეგ ჩელენტანომ გოგონა საკუთარ კონცერტზე დაპატიჟა, პირადად გადასცა ბილეთი პირველ რიგში. კონცერტის ბოლოს მსოფლიო კინოს ლეგენდამ რომანტიული ბალადა იმღერა და კლაუდიას სიყვარულში საჯაროდ გამოუტყდა. ამ დღის შემდეგ წყვილი უკვე განუყრელი გახდა და სულ მალე მსოფლიომ მათი ქორწინების შესახებ შეიტყო.

კლაუდიამ კარგად იცოდა ქმრის რთული და ფეთქებადი ხასიათის შესახებ, მაგრამ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ოჯახის შენარჩუნება. მან ჩელენტანოს სამი შვილი აჩუქა და მისი მყარი დასაყრდენი გახდა ცხოვრებასა და შემოქმედებაში.

კლაუდია მორის ავტობიოგრაფიულ წიგნში „კლაუდია მორი, ადრიანო ჩელენტანო - ორი შეყვარებული მებრძოლი“ ვკითხულობთ, რომ მათ ოჯახს ჰქონდა დაცემების პერიოდებიც.

წყვილის ურთიერთობაში ბევრი გიჟური მომენტი ყოფილა. ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ ადრიანო რელსებზე დაწვა და მატარებლის მოახლოებამდე რამდენიმე წამით ადრე გადმოხტა სამშვიდობო ადგილას. იქვე იყვნენ რეპორტიორები და ჟურნალისტები, რომლებიც დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ ცოლ-ქმრის ვნებიან შერიგებას.

„ერთხელ ფორტე დეი მარმის კურორტზე მივდიოდით, გზაში ადრიანომ ჩემი ყველა მოკლე კაბა დაჭრა. მე ავდექი შევედი ყველაზე ძვირადღირებულ მაღაზიაში და ვიყიდე ყველაზე ძვირფასი მოკლე კაბები“ - წერს კლაუდია

სერიოზული დრამების გადატანაც მოუწიათ. 80-იან წლებში, ფილმის „ჭირვეულის მორჯულება“ გადაღებისას ჩელენტანომ ორნელა მუტისთან რომანი გააბა. ულამაზესი ორნელა ადრიანოს გამო ქმარსაც კი გაცილდა, თუმცა ადრიანოს საპასუხოდ მსგავსი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ჩელენტანო კლაუდიასთან დარჩა, რომელმაც ორნელასა და ადრიანოს რომანზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: შემთხვევითი ღალატი განშორების მიზეზი არ არის, მისი პატიება შეიძლება. მამაკაცისთვის კი შემთხვევითი კავშირი იგივეა რაც ახალი ავტომობილის დათვალიერება. მოგვიანებით კი ადრიანო ჩელენტანომ ორნელა მუტისთან რომანის გამო ცოლსა და შვილებს ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

2014 წლის 14 ივლისს ადრიანოსა და კლაუდიას ქორწინებიდან 50 წელი გავიდა. წყვილი მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს მილანთან ახლოს მდებარე ვილაში.

„რა არის ჩვენი წარმატებული ქორწინების საიდუმლო? ჩვენ ძალიან ძალიან ბევრს ვკოცნიდით ერთმანეთს და ამას დღემდე ვაკეთებთ. ჩვენი ქორწინების 40 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართული წვეულების მოსაწვევებს, ადრიანომ თავისი ხელით დააწერა ფრაზა „და ჩვენ დღეს ისევ ისე გვიყვარს ერთმანეთი“ აი ეს არის ჩვენი საიდუმლო, ამდენი წლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ დავბერდით, მაგრამ ერთმანეთი ისევ ისეთი ლამაზები გვგონია“ - განაცხადა კლაუდიამ ჟურნალ Chi-სთვის 2012 წელს მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100