ლევან იზორია ფარულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სუს-ის უფროსის მოადგილე ლევან იზორია ფარულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებას ავრცელებს:
"გუშინ მედიაში გავრცელდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას და რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას ფარული სატელეფონო ჩანაწერები. მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისა და მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ამაწლის 24 ოქტომბრეს უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით,რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
როგორც ცნობილია, გამოძიების ფარგლებში შსს-სთან თანამშრომლობით უკვე გატარებულია უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები დანაშაულის პრევენციის მიზნით. გამოძიების ფარგლებში ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა პირი, როგორც აღნიშნული ჩანაწერების, ისე ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით.
სუს-მა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს სამართლებრივი დახმარებისთვის, შესაბამისი ინფორმაციის მიღების მიზნით. საქმის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სუს-ი დამატებით აცნობებს", - აცხადებს იზორია.
კომენტარი