თბილისის რამდენიმე უბანში გიურზები გამოჩნდა
მიმდინარე წელს თბილისის ტერიტორიაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 244 გველი დაიჭირა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, გასული თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი, 140 გველი მაისში დაიჭირეს და ზოგადად, ქვეწარმავლების რაოდენობა მაისსა და ივნისში იმატებს, ივლისიდან კი იკლებს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგის, შოთა ზანდუკელის ინფორმაციით, ქალაქის თითქმის ყველა უბანში თითქმის ერთიდაიგივე რაოდენობის გამოძახებები ფიქსირდება, თუმცა ქვეწარმავლების გამოჩენა ძირითადად, მაინც გარეუბნებში ხდება.
"განსხვავება იმ კუთხით არის რომ ზოგან შხამიანი გველები გვხვდება, ზოგან არა. ზონები, სადაც შხამიანი გველი, გიურზა გვხვდება არის მაგალითად, ორთაჭალა, კრწანისი, ფონიჭალა, აფრიკა, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, რომელთა ბუნებრივ არეალში აღნიშნული ქვეწარმავლებია გავრცელებული. სწორედ ამიტომ ამ ქვეწარმავლის გადმოსვლა დასახლებულ პუნქტებში ხდება ხოლმე. სხვა უბნებში შხამიანი გველები არ გვხვდებაა, მაგრამ ქვეწარმავლების პრობლემა ნამდვილად დგას და გამოძახებებიც ხშირია ამ კუთხით"- განმარტა ზანდუკელმა.
შოთა ზანდუკელის რეკომენდაციით, ქვეწარმავალთა მომრავლების თავიდან ასაცილებლად, დასახლებულ პუნქტებში სამშენებლო მასალების განთავსება არ უნდა მოხდეს, ბალახის საფარი მოკლედ უნდა იყოს შეკრეჭილი და არ უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რასაც ქვეწარმავალი თავს შეაფარებს.
"ქვეწარმავალი ამ ადგილებში გამრავლებას და დაბინავებას არ დაიწყებს, გარკვეული ხნით გაჩერდება, ამიტომ არ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ქვეწარმავალი გაჩერებას მოინდომებს. გარდა ამისა, არსებობს ქვეწარმავლების საწინააღმდეგო შესაწამლი პრეპარატები, ესეც ერთ-ერთი პრევენციული ზომაა, მაგრამ 100%-იან დაცვას არ ნიშნავს. უნდა შევინარჩუნოთ მხოლოდ და მხოლოდ სისუფთავე და მოვლილი გარემო" - განმარტა ზანდუკელმა.
ჰერპეტოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეწარმავლის შემჩნევის შემთხვევაში პირმა აუცილებლად უკან უნდა დაიხიოს და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაუკავშირდეს, ხოლო კბენის შემთხვევაში, დაწვეს და დარჩეს უძრავ მდგომარეობაში, მიიღოს დიდი რაოდენობით არალკოჰოლური სითხე, ალერგიული ფონის განვითარების შემთხვევაში მიიღოს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები და ეცადოს, რომ არ ინერვიულოს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 438 გველი დაიჭირა.
კომენტარი