სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმის სახელმწიფო თეატრში „გორდელას“ კონცერტი გაიმართა

კონცერტის ინიციატორი აჭარის მთავრობა იყო. გოგონათა ტრადიცული მუსიკის ანსამბლი მეოთხე წელია არსებობს, თუმცა ამ დრომდე მათი არსებობის შესახებ მხოლოდ ინტერნეტის მომხმარებელმა იცოდა. მათი შესრულებით ქართული–ხალხური სიმღერები სხვადასხვა სოციალურ ქსელზე იტვირთებოდა, მსმენელის მხრიდან კი დიდ მოწონებას იმსახურებდა. მოგვიანებით გოგონათა ანსამბლი სხვადასხვა პროექტებში ჩაერთო, მათ შორის იყო ფოლკლორული ფესტივალი „არტ–გენი“. სწორედ „არტ–გენზე“ მოისმინა მაყურებელმა „გორდელას“ მიერ შესრულებით სიმღერები და მოწონებაც დაიმსახურა.

დღევანდელი კონცერტის გამართვის მიზეზი „გორდელას“ ერთ–ერთი გამოსვლა გახდა ბათუმში. 15 მაისს ბათუმში საოჯახო ღვინის ფესტივალი გაიმართა, სადაც ანსამბლიც იყო მიწვეული. „გორდელას“ წევრებმა იქ რამდენიმე სიმღერა შეასრულეს. ფესტივალს ლევან ვარშალომიძე და აჭარის მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. პოლიტიკოსები ისე მოიხიბლნენ გოგონათა ანსამბლის მიერ შესრულებული ნამღერით, რომ შესთავაზეს მათ ბათუმში სოლო კონცერტი გაემართათ. მათი სოლო კონცერტი გუშინ, 20:00 საათზე შედგა და მას აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ანსამბლი „გორდელა“2007 წელს ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის 11 სტუდენტ გოგონას აერთიანებს. ანსამბლის რეპერტუარი მელოდიების ფართო სპექტრს მოიცავს. მათ უძველესი ქართული სიმღერები „გააცოცხლეს“ და დღეს მათი რეპერტუარის მთავარ სიმღერებად მოიაზრება.

ანსამბლის ხელმძღვანელი თამაზ მამალაძეა და „გორდელას“ სიმღერების არანჟირებაც სწორედ მას ეკუთვნის.

ანსამბლი მრავალხმიან ხალხურ სიმღერებს ასრულებს, როგორც ა-კაპელა, ასევე ინსტრუმენტების თანხლებით. მისი წევრები ისეთ უძველეს ქართულ ხალხურ საკრავებზე უკრავენ, როგორიცაა ფანდური, ჩონგური, ჭუნირი, ჩანგი, ასევე ჩასაბერი სალამური, ჭიბონი, ლარჭემი და დასარტყმელი ინსტრუმენტი დოლი და დაირა.

მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლი დიდი ხანი არ არის რაც არსებობს, ისინი უკვე სხვადასხვა ფესტივალის ლაურეატები არიან, თუმთა მათი მთავარი ჯილდო, მსმენელის სიყვარულია, რომლის დამსახურებაც მათ მცირე ხანში მოახერხეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100