"საქართველოში ქარის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა მხოლოდ დონ კიხოტს შეუძლია"
რატომ არ აქვს საქართველოში ჰიდროელექტროსადგურს ალტერნატივა ატომური, ქარისა თუ მზის ენერგიის გამოყენების სახით და რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ხუდონჰესის მშენებლობა, ამ და სხვა საკითხებზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი,ზურაბ კერესელიძე გვესაუბრება, რომელიც 5 წლის განმავლობაში ‘’მწვანეთა ეკოლოგიური ასოციაციის’’ ვიცე-პრეზიდენტი იყო.
"ყველაზე უფრო ნორვეგიის მაგალითმა განმაცვიფრა, რომელსაც ნავთობისა და გაზის უზარმაზარი მარაგი აქვს, მაგრამ მთელი მისი ენერგორესურსები ჰიდროელქტროსადგურებიდან მოდის. ეს ქვეყანა ამ რესურსს კიდევ უფრო აძლიერებს, რომ ელექტროენერგია ექსპორტზე გაიტანოს. ამან გამაოცა, რადგან იგივე აზერბაიჯანი, რომელსაც ასევე აქვს ნავთობი და გაზი თბოენერგიაზე იღებს ორიენტაციას. ფუკუსიმას ატომურ სადგურზე მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, ძალიან ბევრმა სახელმწიფომ ატომურ სადგურებზე უარი თქვა." - აცხადებს ზურაბ კერესელიძე.
_ ბატონო ზურაბ, სხვა მრავალ ოპონენტთან ერთად, ყოფილი პრემიერი, ზურაბ ჟვანიაც წინააღმდეგი იყო ხუდონის მშენებლობისა, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, მან თავისი პოზიცია შეიცვალა...
_ გეთანხმებით, ზურაბ ჟვანია თავიდან ეწინააღმდეგებოდა ხუდონის მშენებლობას. ამ საკითხზე ერთი ერთზე ბევრჯერ გვისაუბრია. ჟვანიასთან ხშირად მიწევდა შეხვედრა ირაკლი ხომერიკთან და ცოტნე მირცხულავასთან ერთად. მაშინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ატომურ სადგურთან მიმართებაში არ უნდა ყოფილიყო ლაპარაკი. ჟვანია საკუთარ თავთან, საკუთარ პოლიტიკურ პლატფორმასთან წინააღმდეგობაში მოვიდა და იძულებული შეიქნა, დათანხმებოდა ხუდონის მშენებლობას, ოღონდ იმ პირობით, რომ დაახლოებით 20 მეტრით უნდა შემცირებულიყო მისი სიმაღლე. თუ არ ვცდები 1997 წელი იყო, როდესაც უნდა მომხდარიყო საბოლოო იდეოლოგიური შეთანხმება, მაგრამ ამ შეხვედრაზე ჟვანია არ მოვიდა და ის ჩაიშალა. ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ პოლიტიკური, რადგან ჟვანია ამ დროს პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
_ რაც შეეხება ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს, რა აზრის ხართ ქარის, მზისა და სხვა ალტერნატიულ, საშუალო და მცირე ზომის ჰესებზე?
_ საქმე იმაშია, რომ საქართველოში დიდი ჰესები უნდა აშენდეს, თუმცა გათვლისწინებული უნდა იქნას მისი მასშტაბები. ის რაც ჩვენთვის დიდია, სხვებისთვის პატარა ან მცირეა. რაც შეეხება მზისა და ქარის ენერგიას, პრობლემა ამ ენერგიის მოკრებაშია. საქართველოში იდეალური პირობები რომ იყოს ქარის ენერგიის გამომუშავების, ან მთელი წლის განმავლობაში მზე რომ სულ გვწვავდეს, კიდევ დავფიქრდებოდით, მაგრამ აკუმულირება როგორ უნდა მოხდეს ამ ენერგიის, ამაზე პასუხს ვერავინ გაგვცემს. ან სულაც გარდამქმნელების საკითხი – მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალია და ამ მიმართულებით წასვლა ძალიან ძვირი დაჯდება. ქარის ენერგიის ალტერნატიული გამოყენება და ელექტროენერგიად გარდაქმნა მხოლოდ დონ კიხოტს შეუძლია. ვინ მოიგონა, სად ნახეს? ქარის და მზის ენერგია არის მდიდრების გასართობი. ძალიან ძვირი სიამოვნებაა, თორემ, მაგას რა სჯობია.
_ რა მოსაზრების ბრძანდებით ოპონენტების იმ განცხადებაზე, რომ ხუდონჰესის ადგილმდებარეობა უნდა შეიცვალოს?
_ რაც შეეხება ხუდონს, ამ პროცესებს ვაკვირდები ჯერ კიდევ 1976 წლიდან, რადგან მაშინ სვანეთში, მესტიის რაიონში ვმუშაობდი. მაშინაც და ახლაც დაუზოგავად იჩეხებოდა ხე-ტყე. ათი წელია, იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ დიდად არაფერი შეიცვლებოდა. სადღაა ტყე, რომელსაც ეს კაშხალი დაფარავს? ახლა ტყე ტოგნარიდან იწყება.
რაც შეეხება პროექტში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმადაც ხუდონის ადგილმდებარეობა უნდა შეიცვალოს, ეს სრულ აბსურდად მიმაჩნია. ჯერ ერთი, ამისათვის უამრავი კვლევა იქნება ჩასატარებელი – მათ შორის ჰიდროლოგიური, სეისმური, გეოლოგიური, ამასთანავე ეს კვლევები ძალიან დიდ დროსა და ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. ეს ხომ საავტომობილო მაგისტრალი ან რკინიგზა არ არის, რომ ასე უბრალოდ აიღო და მიმართულება შეუცვალო? მით უმეტეს, რომ ამჟამად არსებული პროექტი საფუძვლიანადაა შესწავლილი არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ.
რაც შეეხება, ხუდონის მოწინააღმდეგე ოპონენტებს – რა ენერგეტიკოსები ეგენი არიან? შეიძლება კარგი მწერლები არიან, კარგი ფილოლოგები და კარგი ადამიანები, მაგრამ ეს არაა საკმარისი.
_ მსგავი წინააღმდეგობა, თავის დროზე, ენგურჰესის მშენებლობასაც შეხვდა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი როლი უდიდესია...
_ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, ენგური რომ არ ყოფილიყო ვიღუპებოდით. ისიც ფაქტია, რომ ენგურის კაშხალმა შესანიშნავად იმუშავა. ხუდონიც აუცილებლად უნდა აშენდეს. იდიოტი უნდა იყო, რომ ასეთი შესაძლებლობა გქონდეს ხელში და არ გამოიყენო.
ქარის და მზის ენერგიას რა ჯობია, მაგრამ ჩვენ ამისთვის ფინანსები არ გვაქვს. ქვეყანას აქვს უამრავი ჰიდრორესურსი და ეს უნდა გამოვიყენოთ. იმ ანდაზისა არ იყოს, "თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასო".
თეორიულად და პრაქტიკულადაც კასკადის რომელიმე ელემენტის ამოგდება შეიძლება, მაგრამ ხუდონის პრინციპი რა არის იცით? ის არის დაკავშირებული ენგურთან, ანუ რომ გამოუშვებს წყალს ხუდონი, პირდაპირ გავა ენგურში და არა რაღაცა ხეობაში, წყალსაცავში შევა მაშინვე. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ როცა სპეციფიურ თემაზეა საუბარი პროფესიონალი ყოველთვის აჯობებს დილეტანს.
როგორც გითხარით ენერგეტიკა მრავალწახნაგიანი ამოცანაა. ხუდონი დაეხმარება ენგურს, რადგან რაც უფრო გრძელია კასკადი, მით უკეთესია ბოლო წერტილისათვის.
კომენტარი