სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკვე ეკატერინე ხვედელიძის კუთვნილი ტელეკომპანია „იგრიკა“, შესაძლოა, დააყადაღონ

„იგრიკა“ უკვე ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანია „მაესტროს“ მფლობელმა ილია კიკაბიძემ მის მფლობელობაში მყოფი შპს „იგრიკა“ 20 ათას ლარად საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის კომპანია „აქცეპტს“ მიყიდა. საჯარო რეესტრს ცვლილების დასარეგისტრირებლად „აქცეპტის“ ახალმა დირექტორმა კახა კობიაშვილმა 17 იანვარს მიმართა.

12 დეკემბერს „იგრიკას“ 100%-იანი წილის მფლობელმა ილია კიკაბიძემ „აქცეპტის“ მაშინდელ დირექტორთა, ლაშა შონიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 2013 წლის 31 დეკემბრამდე 100%-იანი წილის მართვის უფლება მიანიჭა. ეს შეთანხმება 17 იანვარს დადებული ხელშეკრულებით გაუქმდა.

შპს „აქცეპტი“ 2008 წლის 3 ოქტომბერს შეიქმნა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, 2011 წლის 30 დეკემბრიდან კომპანიის 80% ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, საფრანგეთის მოქალაქე ეკატერინე ხვედელიძეს, ხოლო 10% კი კახა კობიაშვილს ეკუთვნის. „აქცეპტის“ დირექტორი კი ლაშა შონიაა.

შპს „იგრიკა“ ილია კიკაბიძემ 2006 წლის 15 მაისს, 1000-ლარიანი საწესდებო კაპიტალით დააარსა და თავადვე გახდა კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი. 2011 წლის 9 სექტემბერს „იგრიკამ“ საკაბელო ქსელით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო. იმავე წლის 23 დეკემბერს კი კიკაბიძის კომპანიას კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თანამგზავრის მაუწყებლობის უფლებაც მისცა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურში „ტრიბუნას“ გასულ კვირაში ოფიციალურად დაუდასტურეს, რომ ტელევიზიის შექმნა იგეგმება და „იგრიკას“ შესყიდვა სწორედ ამით იყო განპირობებული.

ეროსი კიწმარიშვილის რუსთავის მედიის მართვის კომპანია კი 20 იანვარს სასამართლოს მიმართავს და შპს "იგრიკაზე" ყადაღის დადებას მოითხოვს. ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას კომპანიის წარმომადგენლები ავრცელებენ.

„პარასკევს, 20 იანვარს, რუსთავის მედიის მართვის კომპანია სასამართლოს მიმართავს – "მაესტროს" ყოფილი დირექტორის ილია კიკაბიძის მიერ შპს "სტუდია მაესტროსათვის" და მართვის კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მის პირად ქონებაზე, მათ შორის შპს "იგრიკა"-ზე ყადაღის დადების შესახებ"- აღნიშნულია რუსთვის მედიის მმართველი კომპანიის განცხადებაში.

ილია კიკაბიძე კი „იგრიკას“ დაყადაღების საკითხზე განცხადებას გაუგებარსა და უსაფუძვლოს უწოდებს. „გაუგებარია, საერთოდ, რა კავშირი აქვს ეროსი კიწმარიშვილს „იგრიკასთან“. თუ ვინმე ახლობელი შერჩენია მას, მოვუწოდებ, წაიყვანოს ექიმთან გასასინჯად,“– განაცხადა „ტრიბუნასთან" საუბრისას ილია კიკაბიძემ.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100