სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოზარ სუბარის აზრით, „კანონიერი ქურდები“ გლდანის ციხეში არიან

სოზარ სუბარი აბა რის სოზარ სუბარი იქნება, თუ სკანდალური ამბები არ გააჟღერა. საინტერესო ისაა, რომ სკანდალების გახმაურება სუბარმა სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნის პირველი დღიდანვე დაიწყო. ხომ ცნობილია, რომ რაც უფრო დაუჯერებელია ბრალდება, მით უფრო იჯერებენ, ამიტომაც სუბარი „კანონიერი ქურდების“ თემას მიადგა.

მისი თქმით, გლდანის საპყრობილის ადმინისტრაციამ საკნებში „კანონიერი ქურდები“ შეიყვანა. თუმცა, ჩნდება ერთი კითხვა: საიდან მოიყვანა ციხის ადმინისტრაციამ „კანონიერი ქურდები“, თვითონ „მონათლა“? და თუ თვითონ ადმინისტრაციას არ მოუყვანია, საიდან გაჩნდნენ ისინი საქართველოში, მაშინ როცა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აღიარებდა, რომ ქვეყანაში „კანონიერები“ აღარ არიან?

ასეა თუ ისე, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია შესაძლო საბოტაჟის შესახებ სასჯელაღსრულების ადგილებში. „კანონიერი ქურდების“ გარდა, ამ კუთხით სუბარი საკნებში სხვადასხვა ნივთების შეტანასაც ასახელებს, რომლებიც მანამდე აკრძალული იყო, მაგალითად, მობილურების. რა თქმა უნდა, ამაში დამნაშავეც ციხის ადმინისტრაციაა.

ეტყობა, სუბარი ახალი მოღვაწეობის დასაწყისისთვის ასპარეზს იმზადებს - კადრების წმენდის ჩასატარებლად, თორემ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული პატიმართა კომენტარები ცხადყოფს, რომ ისინი, თავისუფლებააღკვეთილი ადამიანების პირობაზე, დღესდღეობით ნორმალურ პირობებში (ისე, როგორც არასდროს) ცხოვრობენ და ეს სიტუაციაა მინისტრის შეცვლის შემდეგ. რატომღა უნდა მოაწყონ მასშტაბური ბუნტი პატიმრებმა, თუ ისინი ნორმალურ პირობებში იხდიან სასჯელს? ხომ არ არის ეს სოზარ სუბარის მხრიდან ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა მაშინ, როცა კატა ოთახში არც კი არის? თუ ბატონ სოზარს არ უნდა, რომ წინამორბედი მინისტრის (გიორგი ტუღუშს ვგულისხმობ) დამსახურება აღიაროს ამ მხრივ და მოსალოდნელ ბუნტზე საუბრით თავი დაიზღვიოს გართულებების შემთხვევაში, ხოლო რაც კარგია და უკვე გაკეთებული, თვითონ მიიწეროს?

სუბარის ლოგიკა ანტიაკვარიუმულია და აი, რას ემყარება:

როგორც მინისტრი აცხადებს, მას აქვს ინფორმაცია , რომ სხვადასხვა დაწესებულებებში შედის აკრძალული ნივთები, გარკვეულ ძალებს კი აქვთ იმედი, რომ ამ ნივთების ამოღების პროცესს მოჰყვება ბუნტი და არეულობა.

„ამ დღეების განმავლობაში ბევრი ინფორმაცია მოდის ისეთი, რაც საბოტაჟის ნიშნებს შეიცვს. სხვადასხვა დაწესებულებებში შედის დიდი რაოდენობით აკრძალული ნივთები, მაგალითად, ტელეფონები. ვიღაცეებს აქვთ იმის იმედი, რომ ამ ნივთების ამოღებას შეიძლება მოჰყვეს მღელვარება და ამბოხი, მაგრამ ნურავის ნუ ექნება იმედი, რომ სისტემაში შეიტანს რღვევას. ჩვენ დავამყარებთ წესრიგს და ამ წესრიგს დავამყარებთ ისე, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი იყოს უმაღლეს დონეზე დაცული“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, დრო არ ითმენს და არსებული სიტუაციის დასარეგულირებლად ის ხვალიდანვე დაიწყებს აქტიურ მუშაობას სამინისტროში („გლობალნიუსი“).

იმედია, ამ საკითხთან დაკავშირებით მინისტრი დამატებით კომენტარსაც აუცილებლად გააკეთებს. ჩვენ ხომ უკვე მივეჩვიეთ, რომ მეოცნებეთა კომენტარებს შემდეგ აუცილებლად სჭირდება განმარტება. დაველოდოთ, იქნებ სოზარ სუბარმა განმარტოს, რომ ბუნტში სულაც არ გულისხმობდა ბუნტს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100