საქართველოს ბანკმა და „პრივატბანკმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სს „პრივატბანკის“ აქციების შესყიდვის თაობაზე
თბილისი, 5 დეკემბერი, 2014 – საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა და სს „პრივატბანკმა“, უკრაინული „პრივატბანკის“ ქართულმა შვილობილმა („პრივატბანკი“), განაცხადეს საქართველოს ბანკსა და უკრაინულ „პრივატბანკს“ შორის შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს ბანკი შეიძენს სს „პრივატბანკის“ 100% აქციებს. სს „პრივატბანკი“ მთლიანი აქტივების მიხედვით საქართველოში სიდიდით მე–9 ბანკია. ხსენებული გარიგების შედეგად, საქართველოს ბანკის საბაზრო წილი ფიზიკური პირების სესხების მიხედვით 5.3%–ით, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტების მიხედვით 2.6%–ით გაიზრდება. კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ბანკის მომსახურების ქსელიც, ვინაიდან „პრივატბანკი“ საქართველოს მასშტაბით 93 ფილიალს ფლობს. შესყიდვა ასევე პოზიტიურად აისახება საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესზე „პრივატბანკის“ მფლობელობაში არსებული ბანკომატების ფართო ქსელისა (429 ბანკომატი) და POS ტერმინალების ქსელის (1,929 ტერმინალი) შემოერთებით.
„მოხარული ვარ, რომ „პრივატბანკის“ მმართველ გუნდთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის შედეგადაც განხორციელდება მნიშვნელოვანი ტრანზაქცია. სს „პრივატბანკის“ შეძენა შესაძლებლობას მიცემს საქართველოს ბანკს კიდევ უფრო გაამყაროს მისი წამყვანი პოზიცია საცალო საბანკო საქმიანობის მიმართულებით, გაზარდოს ბანკის საბაზრო წილი და გააფართოვოს მომხმარებლის ბაზა. ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის დაწყებას „პრივატბანკის“ გამოცდილ მენეჯმენტის გუნდთან და თანამშრომლებთან. საქართველოს ბანკს აქვს ფინანსური ინსტიტუტების შემოერთების დიდი გამოცდილება, შესაბამისად, ჩვენ ველით, რომ „პრივატბანკთან“ შერწყმის პროცესი იქნება უმტკივნეულო, ხოლო ორივე ბანკის – საქართველოს ბანკისა და „პრივატბანკის“ მომხმარებელი მიიღებს წვდომას სერვისცენტრების, ბანკომატებისა და გადახდის სისტემების ერთ–ერთ ყველაზე ფართო და განვითარებულ ქსელზე საქართველოში,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
„საქართველოს ბანკისა და სს „პრივატბანკის“ გაერთიანება, მნიშვნელოვანი პოზიტიური მოვლენაა საქართველოს საცალო საბანკო სექტორის შემდგომი განვითარებისთვის. შესყიდვის შესახებ შეთანხმება, ორივე ბანკისათვის განვითარების კანონზონმიერი ეტაპია. საქართველოს ბანკისა და „პრივატბანკის“ გაერთიანება უნიკალური შანსია დინამიური ზრდისთვის და მომხმარებლისა და თანამშრომლებისთვის შესაძლებლობების გასაფართოებლად. ამჟამად უკრაინის „პრივატბანკი“, უკრაინის უმსხვილესი ბანკი, გეგმავს ფოკუსირება მოახდინოს მაღალტექნოლოგიური თანამედროვე მომსახურების განვითარებაზე უკრაინაში და უკრაინული ბიზნესის მხარდაჭერაზე ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად,“ განაცხადა „პრივატბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, იური კანდაუროვმა.
„საქართველოს ბანკის“ შესახებ:
საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 31.6%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 32.0%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 27.5%) მიხედვით (2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო, ასევე სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.4 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 217 სერვისცენტრის, 521 ბანკომატისა და 2,217 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge
„პრივატბანკის“ შესახებ:
PrivatBank-იდაფუძნდა 1988 წელს, როგორც ბანკი „კავკასიონი“ დადღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბანკია საქართველოში. ბანკს გაცემული აქვს ნახევარ მილიონზე მეტი საგადახდო ბარათი, ემსახურება ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილი 93 სერვის ცენტრის კლიენტებს და წარმოადგენს საერთაშორისო საბანკო ჯგუფის „PrivatBank-ის” წევრს. PrivatBank-იმე-9 ადგილს იკავებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი ბანკების ათეულში და ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ბანკია მსოფლიოში. 10-ზე მეტი წლის წინ PrivatBank-ი გახდა, პირველი ბანკი მსოფლიოში, რომელმაც დაიწყო ერთჯერადი sms პაროლების გამოყენება. უახლეს ინოვაციებს რომლებმაც, მოიპოვა აღიარება მთელს მსოფლიოში, მიეკუთვნება ისეთი პროდუქტები როგორიცაა: მინი საგადახდო ტერმინალი, ინტერნეტ-ბანკინგით სარგებლობა QR კოდის გამოყენებით, ონლაინ-ინკასაცია და აგრეთვე, სხვადასხვა მობილური აპლიკაციები.
კომენტარი