"როგორც თავმჯდომარემ, საკუთარი თავი ამოწურე" - გიორგი კაპანაძე ნიკა მელიას მიმართავს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე ნიკა მელიას მიმართავს და ურჩევს ნუ გაფლანგავს პირად კაპიტალს ბოლომდე.
"ნიკა, კიდევ ერთხელ გირჩევ… ღიად და საჯაროდ.
ზოგადად, პოლიტიკოსს, უნდა ჰქონდეს უნარი რომ მოწინააღმდეგე, მომხრედ და მეგობრად აქციოს.
თუმცა, შენ პირიქით მოახერხე: მომხრეები და მეგობრები აქციე მოწინააღმდეგედ და ეს, პირველ რიგში, შენს მიერ გადადგმული ნაბიჯების დამსახურებაა.
მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ჯერ კიდევ გაქვს პირადი პოლიტიკური კაპიტალი და ჩემი რჩევაა რომ ნუ გაფლანგავ მას, ბოლომდე.
შენ რომ შიდა არჩევნები წააგო და ძალიან დიდი ალბათობით, ასეც იქნება, ამით გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებ საკუთარ პოლიტიკურ მომავალს.
შენ იცი, ხვდები, გესმის რომ ენმ-ში, პარლამენტის თუ საკრებულოს დეპუტატთა დიდი ნაწილი მხარს არ გიჭერს.
შენ იცი, ხვდები, გესმის რომ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეთა დიდი ნაწილი, შენს გვერდით არ დგას.
და ეს იმიტომ რომ როგორც თავმჯდომარემ, საკუთარი თავი ამოწურე…
და ეს იმიტომ რომ ბევრი რამ, კარგად არ გამოგივიდა, როგორც მესამე პრეზიდენტთან, ისე თანამებრძოლებთან დაკავშირებით…
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ მაინც დაუჯერებ ზოგიერთს, შეხვალ პროცესში, რომლიდანაც გამარჯვებული ვერ გამოხვალ.
ხოლო თუ რეალობას გაუსწორებ თვალს და კარგად გაიაზრებ განწყობებს, გაქვს შანსი, მოახდინო საკუთარი დარჩენილი შესაძლებლობების რეალიზაცია… ისე რომ წაგებული არ დაგერქვას.
შენი გადასაწყვეტია…" - წერს გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.
კომენტარი