სტატუსის არმოცემის შემთხვევაში, პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება - ღარიბაშვილის ულტიმატუმი ბორელს
ღარიბაშვილის ულტიმატუმი ევროკავშირს - პრემიერმა ბორელს პირდაპირ უთხრა, რომ თუ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიღებს, მაშინ პოლარიზაცია უფრო გამწვავდება.
ღარიბაშვილი პოლარიზაციაზე სრულ პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. ამასთან, ამბობს, რომ წინა წელს, როდესაც ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო, სიტუაცია პოლარიზაციის კუთხით კიდევ უფრო გამწვავდა.
მიმაჩნია, რომ პოლარიზაცია არათუ შემცირდა, როდესაც არ მიეცა სტატუსი საქართველოს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდა. ყველაზე ანტიევროპული, რადიკალური ძალები იყენებენ ამ საკითხს უფრო მეტი პოლარიზაციისთვის, პოლარიზაციის გაღრმავებისთვის, ამიტომ რა თქმა უნდა, ლოგიკური იქნებოდა, გვეთქვა, რომ რა თქმა უნდა, სტატუსის არმოცემის შემთხვევაში, პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. მინდა, ჩემი ღრმა იმედი გამოვთქვა, რომ თუ ევროპელ მეგობრებს სურთ ნამდვილად პოლარიზაციის დასრულება ქვეყანაში, მაშინ ქვეყანამ წლის ბოლოს, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, უნდა მისცეს კანდიდატის სტატუსს, როგორც მინიმუმ გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს," - ამბობს ღარიბაშვილი.
ბორელი კი ამბობს, რომ პოლარიზაციის შემცირება არა ევროკავშირზე, არამედ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ აქტორებზეა დამოკიდებული.
პოლარიზაცია თქვენი შიდა პოლიტიკური ლანდშაფტის არის ის საკითხი, რაც მხოლოდ ქართველებს შეუძლია გადაწყვიტოს - ამ მიმართულებით ჩვენ გავლენა ვერ გვექნება, პოლიტიკური პოლარიზაცია თქვენი პრეროგატივაა. ამ საკითხზე საუბარში შესვლაც იქნებოდა ჩარევა შიდა ცხოვრებაში, ამის გაკეთება არ მინდა, თქვენ უნდა მოახერხოთ გაერთიანება. ვიცი, რომ დემოკრატია გულისხმობს განსხვავებულ მიდგომებს, განსხვავებულ გადაწყვეტილებებს -როდესაც კრიტიკა გადადის სხვა მიმართულებით, როდესაც არ არსებობს თანამშრომლობა, ინკლუზიურობა, როდესაც პოლიტიკური დებატების ხარისხი არ შეაძლებინებს მხარეებს თანამშრომლობას და ეროვნული სულისკვეთება არ აისახება, ეს აზიანებს პროცესს. ჩემი მოწოდებაა, გამიყენეთ ეს შანსი, რომ იყოს ეროვნული ძალისხმევა - უმრავლესობა უნდა იყოს ინკლუზიური, უმცირესობა უნდა იყოს თანამშრომლობითი. ჩემი ბერკეტი მინიმალურია, პოლიტიკურ ძალებს აქვთ აქ სათქმელი,“ - განაცხადა ბორელმა.
კომენტარი