სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ტაძარში დავდივარ იმიტომ, რომ ცოდვილი ვარ და განწმენდა მინდა“ -დრონი.ჯი-ს ინტერვიუ გიორგი გილიგაშვილთან

გიორგი გილიგაშვილი უკვე ყველასთვის საყვარელი ადამიანი გახდა. მისმა მრავალმხრივმა ნიჭმა საზოგადოება აღაფრთოვანა. ”ცეკვავენ ვარსკვლავების“ დატოვების შემდეგ, საზოგადოება შოკში იყო, ამბობდნენ რომ დიდ უსამართლობას ჰქონდა ადგილი.

დრონი.ჯი გიორგის შეხვდა და მას პროექტისა და პირადი ცხოვრების შესახებ ესაუბრა.

- საზოგადოება გიცნობს, დიდი სიმპათიით სარგებლობ, და მაინც, შენი გამორჩეული სტილი, იმიჯი, ზოგს მოსწონს, ზოგს ალბათ ეზედმეტება - რას ეტყოდი მათ?

- ძალიან მიყვარხართ მეგობრებო. ვფიქრობ, თუ ადამიანს რაიმეს ახსნა უწევს, ეს მხოლოდ საკუთარ თავთან და სხვა არავისთან. ამა თუ იმ საქციელს რომ ჩადის ადამიანი, მხოლოდ საკუთარ თავთან და ღვთის წინაშე არის პასუხისმგებელი. ერმა ეს უნდა გაიგოს , თავად უნდა გამოიტანოს დასკვნა - იგი გულწრფელია თუ არაა გულწრფელი. ჩემი მეგობრის პაპამ ასე დაგვიბარა „შვილო თავის მართლებას რომ იწყებ უკვე მტყუანი ხარ“, ასე რომ...

-“ცეკვავენ ვარსკვალვების” დატოვების გამო, საზოგადოება აღშფოთებულია - ხალხი მიიჩნევს, რომ ეს უსამართლობა იყო, შენ როგორ ფიქრობ?

- სამართალი ზეციური სიტყვაა. სამართალს აქ ჩვენ რომ ვადგენთ, ეს შეიძლება გვეგონოს სიმართლე, მაგრამ საერთოდ არ იყოს. სიმართლე არის საღვთო სიტყვა. მხოლოდ უფალმა უწყის რა არის სამართალი. მადლიერი ვარ იმის, რაც უფალმა მომცა.

- რამდენადაც ვიცი, შეყვარებული არ გყავს და ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენე კიდეც, რომ ღვთისმშობელივით წმინდას ეძებ, ეს ხომ არ არის შენი მარტოობის ერთ-ერთი მიზეზი?

- არ ვეძებ. საერთოდაც წმინდა სულის ადამიანები ბევრნი არიან, უბრალოდ, მე ჯერ არ მიპოვია. მხოლოდ ერთი მიზეზის გამო სიყვარული არ შეიძლება - შენ თუ იცი, რომ ლამაზი თვალების ან ტან-ფეხის გამო გიყვარს, ეს არ არის სიყვარული. ვერ უნდა ხვდებოდე რატომ გიყვარს, არ უნდა იცოდე. სიყვარული დაუტეველი განცდაა, როდესაც ამ ყველაფერს დაიტევ, შენ ჩვეულებრივი შეურაცხადი ხარ და აფრენ. როგორ შეიძლება თავისუფალი გრძნობა კრიტერიუმებით აფასო.

- "ჩემმა მზემ" შენი სავიზიტო ბარათი გახდა. რას ნიშნავს ეს სიტყვები შენთვის?

- ყოველი სიტყვა უნდა იყოს ღვთის სადიდებლად ნათქვამი. ეს სიტყვაც უფლის სადიდებლად არის ნათქვამი. მე არც მახსოვს ეს სიტყვა როდის შევიძინე, უვერცხლოდ, ჩემს ლექსიკონში.

- მსახიობი, მოცეკვავე, მომღერალი, პოეტი - მოკლედ, მრავალმხრივი ნიჭით ხარ დაჯილდოვებული. თუ გაქვს კიდევ რამე ფარული ნიჭი, რის შესახბაც საზოგადოებამ არ იცის?

- ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ ვარ. ამას ტანმაღლობით ვაცხადებ. (იცინის) პროფესია არც ერთი არაა ჩემი, მე იურისტი ვარ. რაც შეეხება ნიჭს, იქნება რამე (იცინის)

- შენი იმიჯი ქმნის წარმოდგენას, რომ ძალიან მორწმუნე ადამიანი ხარ! სინამდვილეში, რამდენად მორწმუნე ხარ და რამდენად ახლოს ხარ ეკლესიასთან?

- ერთი ფეხის ნაბიჯზე ვცხოვრობ, ახლოს ვარ. (იცინის) და ამასთან სტიქარი მმოსავს . ეკლესია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ერთობას, ქრისტეს სიყვარულს. ჩვენ ერთობა და სიყვარული მოგვეთხოვება, მე ტაძარში დავდივარ იმიტომ, რომ ცოდვილი ვარ, განწმენდა მინდა და არა იმიტომ, რომ წმინდანი ვარ და უშეცდომო.

- შენი ქართული სულის მიუხედავად, ძალიან თანამედროვე სტილი გაქვს, მეგობრები ამბობენ, რომ “სვეცკი” ხარ, რასაც შენც ეთანხმები. რაში გამოიხატება შენი ამგვარი ეპითეტი?

- არ ვიცი, მეგობრებს უნდა ვკითხოთ. ალბათ არ ვაწყენინე და დავეთანხმე. სვეტი რას ნიშნავს? სწორს ხო?! ჩემი აზრით, სვეტი ანუ - სწორი ცხოვრებით მაცხოვრებელი მოიაზრება ამ სიტყვაში და არა, დავუშვათ, ტრენდული სამოსის ტარება.

- ქალს რის მიხედვით აფასებ, როგორია შენთვის იდეალური ქალი?

- იდეალური არ არსებობს ჩემთვის. აი, როდესაც ჩემს ქორწილში დაგპატიჟებთ, ჩემს გვერდით მდგომ ქალბატონს შეხედეთ, აი სწორედ ის იქნება ასეთი.

- სერიალში "ტიფლისი", შენი გმირი, ვფიქრობ, ძალიან გგავს. ამ გმირმა ხომ არ იქონია გარკვეული გავლენა შენზე?

- არ განვასახიერებდი, მე ვიყავი მაქსიმე გასვიანის სახელითა და გვარით. მე ვიმოქმედე ამ გმირზე და არა მან ჩემზე. როდესაც ვეკითხებოდი გადაღებისას, ძმებო რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე მეთქი, პასუხი იყო ასეთი: „გილიგ არაფერი, შენ რაც ხარ ეს იყავი და ტექსტი წაიკითხე“.

- როგორ შეაფასებდი ახალ თაობას?

- შუფასებელი ახალი თაობაა, საოცრად ნიჭიერი, საოცრად განვითარებული. წინ მივდივართ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ წინსვალსთან ერთად გული გონიერი გვქონდეს. მხოლოდ გონებრივი განვითარება უთუოდ კრახით დასრულდება. გული არის უფლის სამყოფელი და ბევრ ადამიანურ ნიუანსს უნდა კარნახობდეს და არა მხოლოდ გონება. მხოლოდ გონებით თუ ვიმოქმედეთ, გმირობა აღარ იქნება, შეწირულები აღარ იქნებიან. სახელმწიფოები იდგნენ გმირ და შეწირულ ხალხზე. აქ ლოგიკას არაფერი ესაქმება, ეს ალოგიკურია, რომ ადამიანმა სხვისთვის თავი უნდა გაწიროს, აი ეს გულით გადადგმული ნაბიჯია. როგორც უფალმა შეწირა კაცობრიობას თავი, ასე უნდა იყო შენც შემწირველი. ვფიქრობ, უნდა ვემსგავსოთ უფალს.

-ორი სიტყვით დაახასიათე შენი თავი.

-უხასიათო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100