სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Volvo Cars უსადენო დამუხტვის ახალ ტექნოლოგიას ტესტავს

Volvo Cars ქალაქებში უსადენო დამუხტვის ახალ ტექნოლოგიას ტესტავს და მის შესაძლებლობებს აფასებს. პროექტის პარტნიორია სკანდინავიის რეგიონში ტაქსების უმსხვილესი ოპერატორი Cabonline, რომელიც სამი წლის განმავლობაში, მომსახურებისას, Volvo XC40 Recharge-ის სრულად ელექტრომობილების გარკვეულ ნაწილს გამოიყენებს და მათ უსადენო დამუხტვას შვედეთის ქალაქ გეტებორგის სადგურებზე შეძლებს.

პროექტი Gothenburg Green City Zone-ის სტრატეგიული ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რაც მდგრადი ტექნოლოგიების განვითარებას მოიცავს.

„Gothenburg Green City Zone საშუალებას გვაძლევს, რეალურ გარემოში გამოვცადოთ ახალი საინტერესო ტექნოლოგიები და დინამიკაში შევაფასოთ მათი ფართო გამოყენების პოტენციალი“, - განაცხადა მატს მობერგმა, Volvo Cars-ის კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელმა.

როგორ მუშაობს უსადენო სადგურები?

დამუხტვა ავტომატურად იწყება, როგორც კი გზის საფარზე დამონტაჟებულ დამტენზე ვოლვოს შესაბამისი, ახალ სისტემასთან თავსებადი, ელექტრომობილი გაჩერდება. XC40 Recharge ელექტრომობილებისთვის უსადენო დამუხტვის სიმძლავრე 40 კვტ-ს აჭარბებს, რაც დამუხტვის სიჩქარეს დაახლოებით ოთხჯერ აჩქარებს, ვიდრე სადენიანი 11 კვტ-იანი AC დამმუხტავი. ახალი, უსადენო სადგურები ელექტროდამუხტვის სისტემების წამყვანმა პროვაიდერმა, Momentum Dynamics-მა უზრუნველყო.


საერთო ჯამში, ვოლვოს ავტომობილების გამოყენება დღეში 12 საათზე მეტ ხანს იქნება შესაძლებელი. ელექტრომობილები წელიწადში 100 000 კმ-ს გაივლიან, რაც ვოლვოს საშუალებას მისცემს, პირველი ტესტი წარმატებით დახუროს და მათ კომერციულ გამოყენებასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმები დასახოს.

გასულ წელს Volvo Cars-მა მონაწილეობა მიიღო Gothenburg Green City Zone-ის ინიციატივის წამოწყებაში, რომელიც 2030 წლისთვის ქალაქში ტრანსპორტის გამონაბოლქვის სრულად გაქრობას ისახავს მიზნად. დასამუხტი სისტემის რეალურ, ქალაქის გარემოში გამოცდა, შვედურ პრემიუმ ბრენდს საშუალებას მისცემს, დააჩქაროს ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარება ელექტრიფიკაციის, ავტონომიური მართვის, კავშირისა და უსაფრთხოების სფეროებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100