სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ზურაბიშვილი: ყოველდღიურად სტაბილურობის სადარაჯოზე ვიდგები, ეს ჩემი საპრეზიდენტო ვალდებულება იქნება, რასაც შევასრულებ

ყოველდღიურად სტაბილურობის სადარაჯოზე ვიდგები, ეს ჩემი საპრეზიდენტო ვალდებულება იქნება, რასაც შევასრულებ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა ახმეტის მოსახლეობასთან იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რატომაც პოლიტიკაში მოსვლა სურს.

„ჩვენ სტაბილურობის ქვეყანა ვართ და ეს ჩვენთვის დიდი მონაპოვარია. სტაბილურობის გარეშე ქვეყანა ვერ ვითარდება, ადამიანიც მათ შორის. ჩვენ ამას მივაღწიეთ ბევრი ძალისხმევის შედეგად და ეს არ იყო ადვილი და საჭიროა, სტაბილურობის შენარჩუნება. მე ვიქნები ამის გარანტი კონსტიტუციით, ასევე ყოველდღიურად სტაბილურობის სადარაჯოზე ვიდგები, ეს ჩემი საპრეზიდენტო ვალდებულება იქნება, რასაც შევასრულებ.

ჩვენი ქვეყანა სწორედ სტაბილურობით ფასობს მსოფლიოში. რთულ რეგიონში ვართ და ამის გათვალისწინებით სტაბილურობის კუნძულს გვეძახიან და ეს დიდი ღირებულების მქონეა ევროპისთვისაც, მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის საქართველოს დანიშნულება, რომ ვიყოთ სტაბილურობის ქვეყანა და შევინარჩუნოთ იგი ყველაფრის მიუხედავად, ვიცით რა მტერიც გვყავს და როგორ ცდილობს თავისი გაიტანოს, მაგრამ ჩვენთვის თავდაცვა სტაბილურობაა ეს არის ხვალინდელი დღის იმედი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ის იქნება ის რწმენის პრეზიდენტი.

„მე ვიქნები რწმენის პრეზიდენტი, რადგან მართლა მჯერა ამ ქვეყნის. მე, ამიტომ დავბრუნდი ამ ქვეყანაში, რომ მჯერა მისი მომავლის. მჯერა, რომ ბევრი არის გასაკეთებელი, გაკეთებული რომ ყოფილიყო შესაძლებელია არც დავბრუნებულიყავი. მაგრამ, გასაკეთებელი არის ბევრი და არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად. ჩემი დაბრუნება უნდა იყოს მაგალითი იმათთვის, ვინც ხვალ დაბრუნდება, რომლებიც აქედანაც არიან წასულები და დღეს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. მე თუ დავბრუნდი, ისინიც დაბრუნდებიან, როცა ამის დრო მოვა და როცა ეს ქვეყანა მზად იქნება, რომ ღირსეულად მიიღონ ისინი. ამ დაბრუნებაში არის ჩემი მოვალეობა. დაბრუნება არ არის მხოლოდ მათი დაბრუნება, არამედ ჩვენი დაბრუნება ჩვენ თავთან, როგორც ქვეყანა, რომელიც არის ძლიერი, რომელიც არის მაგალითი თავის რეგიონში და მსოფლიოში. ამისთვის უნდა ვიყოთ ჩვენ ერთად, ერთად საქართველოსთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100